მე წამიერი მახსოვს მშვენება:
ჩემს თვალწინ შენი გამოცხადება,
ვით წარმავალი რამ მოჩვენება,
ვით სილამაზის წმიდა ხატება.
შემდეგ ქვეყნიურ აურზაურით
ჩემს უიმედო სევდით წვალებას
ესიზმრა ნაზი ხმაური
და ძვირფას ხმათა იდუმალება.
ვიდოდნენ წლები. ოცნება ძველი
ყველგან გაჰფანტა ქარმა სავსებით.
მე დამავიწყდა შენი ხმა მწველი,
შენი ციური სახის ხაზები.
ზანტად ვიდოდნენ დღეები მწარე
ყრუ პატიმრობის არემარეში,
უშთაგონებოდ, სიცოცხლის გარე,
ღვთის, სიყვარულის, ცრემლის გარეშე.
მაგრამ დაუდგა სულს განათება -
კვლავ იგივ შენი გამოცხადება,
ვით არმავალი რამ მოჩვენება,
ვით სილამაზე წმინდა ხატება.
და ლაღ ძგერაში გული ჩაება,
და აღსდგნენ მისთვის დღემდე ფარული:
ის შთაგონება, იგივ ღვთაება,
სიცოცხლე, ცრემლი და სიყვარული.
1825