პირველი სიმღერა
მრავალ სიმდიდრეს ფლობს კოჩუბეი,
საქვეყნოდაა იგი ცნობილი,
სკივრებში ბლომად აქვს ჩაწყობილი
ატლასისა და ბეწვის ჯუბები.
უსასრულოა მისი ბაღები,
დაუთვლელია მისი ჯოგები,
მუდამ სავსეა მისი კოკები
თაფლით და ღვინით, რძით და ნაღებით.
მაგრამ არც ფაფარდაწნული ცხენით,
არც ყირიმელთა ხარკით და ძღვენით,
არც ბაღ-ვენახთა უწყვეტი რიგით,
არც თვალუწვდენელ მინდორ-ველებით,
არამედ შვილის მშვენიერებით
და სიქალწულით ამაყობს იგი.
მართალიცაა. მთელს პოლტავაში
და არა მხოლოდ მთელს პოლტავაში,
არაფერია მარიას ფასი,
მარიასავით ნორჩი და ანზი.
ტანწერწეტაა, როგორც ჩინარი,
კიევის მაღალ გორაკზე მდგარი,
წელის ტარებას ასწავლის ქარი,
მკერდის ტარებას - ზვირთი მდინარის.
ხან, როგორც გედი უკაცურ ტბაზე,
ოცნებითაა იგი გართული
და გაურკვეველ ფიქრებით სასე
ხან ირემივით დგას შემართული.
მის მაღალ შუბლზე შავი თმის ჩქერი
გადმოწოლილა, როგორც ღრუბელი,
ხოლო თვალებში ვარსკვლავი მღერის,
შვების მომგვრელიც და დამღუპველიც.
მაგრამ მთავარი ისაა მაინც,
რომ ამ მშვენიერ და უცხო ყვავილს,
აურჩევია სულის სათავედ
გონიერება და სისადავე.
ამიტომ ბევრის ფიქრია იგი,
ბევრის წყლულია და ავდარია,
მაგრამ ხუნდივით გაურბის გვირგვინს,
უარით ხვდება ყველას მარია.
სასიძოებიც ცვლიან ერთმანეთს
და აი, მაშვალს გზავნის გეტმანიც.
ის მოხუცია. დატვირთეს წლებმა,
ომების სისხლის შეახმა ირზე,
მაგრამ ჯერ კიდევ ბობოქრობს ვნება
და მისი ტყვეა მაზეპაც ისევ.
ცვალებადია ყმაწვილის გული,
უცებ ინთება და აუცებ იწვის,
იგი გრძნობებსც ყოველდღე იცვლის,
უცხოა მისთვის ტანჯვა და წყლული.
მოხუცს კი გული სხვაგვარად უცემს,
გაქვავებული განვლილი წლებით,
ის არ ინთება წარმავალ ვნებით
ასე იოლად და ასე უცებ.
გამობრძმენდილი ვნებათა ცეცხლში,
ერთხელ არჩეულ გზას აღარ შეცვლის,
რადგან ეს ცეცხლი, რას ნიშნავს, იცის
და მასთან ერთად ჩაქრება ისიც.
ვეღარ პოულობს მარია ადგილს,
თავის ოთახში უაზროდ დადის,
მშობლების პასუხს ცახცახით ელის,
ვით არწივისაგან დამფრთხალი შველი.
აღშფოთებული შემოდის დედა,
იხუტებს ასულს მთრთოლვარე ხელით,
ჩასწითლებია თვალები სველი
და ამბობს: ”ბილწი! ან როგორ ბედავს!
მაგრამ ნურაფრის გექნება შიში,
სანამ მე სული მიდგია პირში.
არასდროს! ისე იხაროს ღმერთმა,
როგორც ვერ ნახოს მან ჩემი ქალი.
სად გაგონილა ნათლულის შერთვა,
განა ესაა ნათლიის ვალი”?
მარია შეკრთა. სახეზე უცებ
გადაეფარა სამარის ფერი,
გამოეცალა საბრალოს ფუძე,
დაუბზრიალდა თვალებში ჭერი,
გადაუვარდა უმწეოდ თავი,
ვეღარ შეაბეს მის დუმილს კარი,
ვერ გაუდევნეს უჟმური ავი,
სარეცლის თავთან ჯიუტად მდგარი.
და როცა გონზე მოეგო ოდნავ,
აღარც ესმოდა და აღარც გრძობდა
მშობლების ნუგეშს, ვაის და ვიშის,
მისჩერებოდა თვალებში შიშით.
სულს იბრუნებდა ცრემლით და კვნესით,
აჩრდილად იქცა ლამაზი ქალი,
არ მოუხუჭავს ორი დღე თვალი,
არ უგემია ორი დღე ხემსიც.
ორი დღე, ხოლო მესამე დილით
ვეღარ იპოვეს მშობლებმა შვილი.
ვერავინ ვერ თქვა: საით ან როდის
წავიდა იგი, ალუბლის ტოტი,
მხოლოდ მებადურს გაეგო ღამით
ქალის ჩურჩული და ცხენის ჩქამი.
დილით კი ნახეს საკუთარ თვალით
ცვრიან ბალახზე რვა ნალის კვალი.
ოხ, არა მხოლოდ პირველი ღინღლი
და კულულები ყმაწვილი კაცის,
არმედ ზოგჯერ: კუშტი და მკაცრი
მოხუციც, შუბლზე კოპებს რომ იყრის,
ნაოჭისა და ჭრილობის ხაზი
შლეგი ცხოვრების დაღად რომ აზის,
აავსებს ხოლმე ვნებიან ფიქრით
სულს და გონებას ლამაზი ქალის
და სულ არ არის ეს მისი ბრალი.
კოჩუბეიმაც გაიგო მალე,
რომ მისი გულის მზემ და ოცნებამ
ფეხქვეშ აგიგო პატიოსნება
და ავაზაკის მინებდა მკლავებს.
ოი, სირცხვილო! ალბათ, არავის
არ დასცემია ამგვარი ზვავი,
ვეღარ დამალა სიმართლემ თავი,
შეუმოსავი და შემზარავი.
უკვე ნათელი გახდა ყველასთვის,
თუ რა ქარცეცხლში მდგარა ყელამდის
მარიას სული, ოჯახურ ბორკილს
რად გაურბოდა, უჩინარ თოკით
ვინ მიითრევდა, გულს რა ულევდა,
რა ნისლით იყო თავშებურვილი,
რატომ ხვდებოდა და ისტუმრებდა
თაყვანისმცემლებს მკაცრი დუმილით;
რატომ უსმენდა გეტმანს ბავშვივით
აღტაცებული და აღგზნებული,
როცა მათ სახლში, მართლაც მეფური,
სუფრა თვეობით იყო გაშლილი;
ან მის სიმღერებს რატომ მღეროდა,
შეთხზულთ ღარიბულ სიჭაბუკეში,
ჯარის ჩამოვლას რატომ ელოდა
და ბობღანების ღრიალს შუკებში;
დროშების ქარსა და ფეხთა მტვერში
რად ევსებოდა სიამით მკერდი,
როცა ბრწყინავდა გურზი და კვერთხი
მალოროსიის ბატონის ხელში.
კოჩუბეისაც ჰყავს მეგობრები,
მასაც ხმლის ტარზე უდევს მარჯვენა,
მისი სახელის გადასარჩენად
მთელი პოლტავის დაბა-სოფლები
წარმოდგებიან და შეიძლება ისიც,
რომ შეიღბოს მტარვალის სისხლით,
შეგინებული მამის სახელით
გაუპოს . . . მაგრამ სხვა განზრახვებით
შეპყრობილია ამ წუთას იგი,
უბედურებამ გაუწვრთნა ფიქრი.
ეს ის დრო იყო, როდესაც რუსეთს
ომების ცეცხლი ეკიდა გულზე,
როდესაც მისი დიდების სისხამს
და გულში წლობით დაგროვილ რისხვას
ავაჟკაცებდა პეტრეს გენია.
მას ბევრი სილა მოუთმენია,
ბევრი სიმწარე აგემა ბედმა
და ბევრი მახე დაუგო შვედმაც.
ბოლოს თვითონაც ისწავლა ბრძოლა
და გამოვიდა დიდების გზაზე.
ასეა: ურო შუშას კი ამსხვრევს,
მაგრამ ათმაგად ამაგრებს ფოლადს.
უკვე ფერწასულ დიდებით მოსილს
უფსკრულზე ფეხი უცურდა კარლოსს,
მოსკოვს ეძებდა ზარბაზნის ბოლში,
რუსთა სალეწად დაედგა კალო.
ქება-დიდებით გულგაბერილი
მიიხვეტავდა ჩვენს ჯარს მტვერივით,
მაგრამ იმ გზაზე ვიდოდა ისიც,
რომლითაც ჩვენი ახალი მტერი,
აწ მარტოოდენ ფერფლი და მტვერი,
ვერ გახდა დაფნის და ხოტბის ღირსი.
უკრაინა კი ღელავდა უკვე
და ედებოდა შუკიდა შუკებს
გაღვივებული იმედის ალი
და ყველას გზისკენ ეჭირა თვალი:
კარლოსისაგან ელოდნენ შველას,
სახალხო ომი სწყუროდა ყველას,
რომ გაქცეოდნენ რუსეთის ბორკილს,
მოუშორებელს, გამძლეს და მოქნილს.
ვერ ივიწყებდნენ სისხლიან წარსულს
და გაჰყვიროდნენ: ”გათავდა! არ გვსურს!
დროა! ახლა კი დროა! ღმერთმანი!
გეტმანო!” - მაგრამ დუმდა გეტმანი
და ისევ პეტრეს მხარეზე იდგა,
უკრაინასაც მართავდა მშვიდად
და ძველებურად ილხენდა იგი,
თითქოს ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ.
ხალხი ღელავდა. ყველაზე მეტად
ახალგაზრდობა კიცხავდა გეტმანს:
”რაღაა, წლებმა უკვე ჩაუქრეს
ძველი სიმტკიცეც და სიჩაუქეც.
რად უნდა, ნეტავ, კვერთხს რომ დაათრევს?
უკანალს რატომ ში არ დაატევს?
დღს შეგვიძლია, თანხმობა თუა,
იმ ბინძურ მოსკოვს ვასწავლოთ ჭკუა.
ძალაუფლება რომ მისცა ახლა
სამოილოვიჩს ან დორაშენკოს,
ანდა პალეის და გორდეენკოს,
ჩვენც აგვეწია, იქნება, მაღლა
ჩვენი დროშები და უცხო მხარეს,
მშობლიურ კერის და კედლის გარეთ
არ ჩავლპობოდით ჩვენს კაზაკობას,
მინდობილს რუსის ფიცს და მზაკვრობას”.
თავისუფლების ჟინს აყოლილი
ახალგაზრდობა მსჯელობდა ასე,
დავიწყებოდა მკერდშებოლილი
წარსული, სისხლით და ცრემლით სავსე,
დავიწყებოდა ძველი ტყვეობა,
უუფლებობა და უმზეობა,
ბოგდანის შებმა და შეჭიდება,
მამა-პაპათა დროშის დიდება.
მაგრამ სიბერე გზებს დიდხანს ეძებს,
ეჭვის თვალია მეგზური მისი,
რა შეუძლია და რას ვერ შეძლებს,
მან სხვებზე ადრე და უკეთ იცის.
როგორ იხილავს ზღვის წიაღს თვალი,
თუკი ზღვას პირი შეუკრავს ყინვით?
ვინ გახდა ღირსი გონების ძალით
სულში ჩაღწევის, ჩაწვდომის, ხილვის?
ვერავინ! ბნელში ჩაფლულა ფიქრი,
როგორც ნაყოფი დათრგუნვილ ვნების
და შეიძლება, რომ მტკიცე ნებით
ისევ ძველ ზრახვას ამწიფებს იგი.
ვინ იცის? მაგრამ მაზეპას ახლა
უფრო თამამად ეჭირა თავი,
ამოდიოდა თანდათან მაღლა
სულის ფსკერიდან განზრახვა ავი.
უბრალო იყო, გულისხმიერი
და მოთაფლული ხმით და იერით
შეეძლო ეთქვა სხვათა სათქმელიც,
ის იყო ყველა გზის წარმმართველი.
მოხუცთან წარსულს ტიორად ისიც,
თვითონ სდიოდა ცრემლები სხვისიც
და თოფშიც თვითონ უდებდა ტყვიას
თავისუფლების მძებნელს და ტრფიალს;
დაჩაგრულს გულში იკრავდა ძმურად
და საუბრობდა სულელთა ბრძნულად.
და, ალბთ, ბევრმა არც კი იცოდა,
მაზეპას გული რითი იწვოდა,
როგორ მალავდა ვერაგულ ზრახვას
და თან განკითხვის ლესავდა ზრახვას
მოულოდნელად რომ აღემართა,
და თუკი ვინმეს ჯავრი ემართა,
გადაეხადა. ჯავრი კი ჰქონდა
და მისი გული სიამით თრთოდა,
როცა იმ წუთებს წარმოიდგენდა,
სხვას აღარაფერს არ დაგიდევდათ.
არ არსებობდა სიწმინდე მისთვის
და არც სიკეთეს იმახსოვრებდა,
ვერ შეეხედა თვალებში მზისთვის,
უსიყვარულოდ განვლო ცხოვრება,
მაგრამ მზად იყო სისხლი ეღვარა,
სისხლში ჩაეხრჩო მთლი ქვეყანა,
შორიდა ბოღმით უბღვერდა რუსეთს
და არც სამშობლო ეხატა გულზე.
არც კოჩუბეი არ მჯდარა უქმად,
გამწარებოდა იმასაც ლუკმა.
აკრაჭუნებდა სიბრაზით კბილებს:
”დავინდობ ჩემი ასულის დილეგს
და ცეცხლს არ მივცემ შენს სახლს, წყეულო,
მგელო ცხვრის ტყავში გამოხვეულო.
არა და არა, შენს სისხლში გასვრა
არ ეკადრება კაზაკის ხმალსაც.
მოსკოველ ჯალათს უნდა მიგგვარო,
დე, ჩემი ჯავრი იმან იყაროს,
რას ნიშნავს მისთვის, შენც კარგად იცი,
თავის მართლება, ხვეწნა და ფიცი.
იქ, სარეცელზე ტანჯვის და გვემის,
კვლავ გაიხსენე სიკეთე ჩემი,
პატივისცემაც და მასლაათიც,
რათა დასწყევლო დღე და საათი,
როცა, ვერაგო, შვილს მინათლავდი;
და ლხინიც, კერძს რომ თვითონ გირჩევი,
პატიოსნების თასს რომ გივსებდი;
და ღამეც, ჩემი სულის ნაჭერი,
რომ დამიძიძგნე ბასრი კლანჭებით”.
იყო დრო, როცა ის და მაზეპა
შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალში,
ერთ ხმად, ერთ სუნთქვად და ერთ არსებად
იდგნენ საერთო ცეცხლსა და ქარში.
როგორც მარილი, პური, მირონი,
საერთო იყო მათი გრძნობებიც,
ერთ მხარეს ქუხდნენ მათი თოფები,
საქმენიც, ქველნი და საგმირონი.
გაგრძელებიათ მეგობრებს ლხინიც
და გულითადი სჯა და ჩურჩულიც
და მაზეპასაც, ხარბი და ფრთხილი
და მეამბოხე სულის კუნჭულიც
გამოუხვეტავს და დაჩაგრულის
გულისტკივილზე, კბილთა ღრჭიალზე
და მოსალოდნელ ორმოტრიალზეც
გადაუკრია სიტყვა მზაკვრული.
ამგვარი ნდობა სუფევდა მაშინ,
გამობრძმენდილი ბრძოლების კვამლში
და ჰაერივით გაუბზარავი.
დღეს კი. . . არ ძალუძს, ალბათ, არავის
ასეთი ზიზღი და სიძულვილი.
დღეს კოჩუბეის ერთი სურვილი
აცოცხლებს მხოლოდ, ის აძლევს სითბოს,
მან აუღელვა სისხლიც ბებერი,
რომ მისი შვილის შემგინებელი
დაამხოს, ანდა დაემხოს თვითონ.
მაგრამ ჯერ მალავს თავის სიძულვილს,
ბედის განაჩენს დანებდა თითქოს
და ვითომ მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობს,
უკვე სამარის კართან მისული.
ის მაზეპაზე არ ბრაზობს, არა,
დამნაშავეა მისი ასული,
ღმერთთანაც თვითონ აგოს პასუხი,
მას კი თავს ზევით არა აქვს ძალა.
მან დაივიწყა ზეცაც და წესიც,
მანვე ჩააგდო ამ მწარე დღეში.
სინამდვილეში ბებერი მელა
თანამზრახველებს ეძებს და ზვერავს,
ამგვარ საქმეში წინდახედულებს.
მოუსყიდველებს და გაბედულებს,
ცოლსაც გაანდო თავისი ფიქრი:
რომ დაბეზღების მრისხანე წერილს
დიდი ხანია ამზადებს იგი,
რომ დიდხანს ვეღარ იხარებს მტერი.
და სულწასული მეუღლე მისი,
ყელამდე სავსე ქალური რისხვით,
შურისძიების მწარე სურვილით
მთლად ატანილი, ავი სულივით
ესისინება, ტირის, აქეზებს,
ცეცხლზე ნავთს უსხამს, კიცხავს, აკვნესებს,
ვერ გაუძლია, ირევა, იწვის,
შემონთბია ცეცხლი დიადი
და კოჩუბეიც ღამის წყვდიადში
თავის განზრახვას ანმტკიცებს ფიცით.
აჰა, გამოჩნდა თანამზრახველიც,
მას ისკრა ჰქვია, მისი სახელი
სიმამაცესთან არის ჩაწნული.
უკვე ახლოა მტრის აღსასრული,
მაზეპასათვის დადგა ავდარი, -
ასე ფიქრობენ, - მაგრამ სად არის,
სად გამონახონ ისეთი კაცი,
ამ დიდ საქმისთვის სულსაც რომ დალევს
და მაღალ პეტრეს, გეტმანის მფარველს,
მათ ნამოღვაწარს დაუდებს თვალწინ?
მაშინ პოლტაველ კაზაკთა შორის
ყვლაზე მეტად კვდებოდა ერთი
მარიასადმი ტრფობით და თრთოლვით,
ის იყო მისი მზეცა და ღმერთიც.
დილა იყო თუ საღამოს პირი,
მდინარესთან თუ წაბლების ჩრდილში
მის გამოჩენას უცდიდა შიშით,
ის იყო მისი დარდიც და ჭირიც.
და თუ მოკრავდა თვალს ერთი წამით,
უშუშდებოდა მტანჯველი წყლული
და ევსებოდა პირამდე გული
ბედნიერების თაფლით და შხამით.
მას უიმედოდ უყვარდა იგი,
უარს ერჩია, მოეკლა თავი
და განზე იდგა, როცა მის ყვავილს
სასიძოები ეხვია ირგვლივ.
და როცა ხალხშიც გავრცელდა სწრაფად,
როცა ბოროტი და მწარე ხმები
მასხრად იგდებდნენ მარიას ამბავს,
მას პირვანდელი ძალით და ვნებით
უყვარდა მაინც, მაგრამ შემთხვევით
თუ ახსენებდნენ მაზეპეს სახელს,
ეკვეთებოდა საწყალს ფეხები,
ეღრიცებოდა სიბრაზით სახე.
ვინ მიაჭენებს ცხენს ასე გვიან?
მთვაის დალალი ვის მხრებზე ყრია?
ვინ დაუფეთა ვარსკვლავებს ფიქრი?
ვისი ცხენია, ასე რომ მიქრის?
ჩრდილოეთისკენ უჭირავს გეზი
და მიწკრიალებს კაზაკი დეზი.
არ შეყოვნდება არც ერთი წამით,
ვერ შეაფერხებს ხევი თუ ხრამი.
ბნელში მახვილი ავად ბრჭყვიალებს,
უბეში სავსე ქისა ჩხრიალებს
და უბორძიკოდ მიფრინავს რაში,
ფაფარგაშლილი ტრამალის ქარში.
კაზაკს ყოველთვის ჭირდება ქისა,
ფეხმარდი ცხენის და ბასრი ხმლისა,
მოტრფიალეა და მაინც ქუდი
ამწუთას მისთვის ყვლაფერს უდრის.
ქუდისთვის დათმობს ხმალსა და ოქროს
და ერთგულ ცხენსაც გასწირავს, ოღონდ
ქუდში ნურავინ შეეცილება,
თორემ თვითონაც შეეწირება.
რად უფრთხილდება ქუდს ასე, ნეტავ?
მიტომ, რომ ქუდში აქვს ჩაკერილი
მას კოჩუბეის მკაცრი წერილი,
იგი პეტრესთნა აბეზღებს გეტმანს.
მაგრამ მაზეპა ვერც კი გრძნობს ხიფათს,
მას მომავალი ბრძოლები ხიბლავს,
ზალენსკიც გეგმას უხაზავს გეტმანს
და უკვე ტახტზე მჯდომარეს ხედავს.
თვლიან, წონიან, გლეჯენ, ლესავენ
და ამრავლებენ უნივერსალებს.
გეტმანსაც სჯერა, მოსწონს, იფარებს,
და შეჩვეული ღამის სიბნელეს,
ფუსფუსებს, იღწვის შეთქმულთა ხროვა,
სახალხო ჯანყი! გადაწყდა! დროა!
მეფის თავითაც ვაჭრობენ უკვე,
ვასლებს პირში უთვლიან ლუკმებს,
ორლიკსაც უკვე გაუბამს ქსელი,
მისი გაწვრთნილი ენა და ხელი
ყველგან აწვეთებს შხამსა და ბოღმას,
კაცმა არ იცის, საიდან მოჰყავს,
ან რას ჩურჩულებს გეტმანთან გლახა,
ორლიკს ყოველთვის გვერდით რომ ახლავს.
ან ამდენ საქმეს როგორ ახერხებს:
იქით ბულავინს უშლის საღერღელს,
აქეთ დნეპრელებს უღვივებს რისხვას
და კაზაკობაც იარაღს ისხამს,
რომ გაიხსენოს ძველი ხელობა
და მოსპოს პეტრეს თვითმპყრობელობა.
არა, არ იჯდა მაზეპა უქმად,
ჩაჰკირკიტებდა ჯიუტად რუკას:
არ ივიწყებდა იგი არავის,
ემუქრებოდა ბახჩისარაის
და ისევ რუსთა სოფლებს უსევდა,
მას ვარშავში მეფე უსმენდა
და ოჩაკოვოს კედლებში - ფაშა,
რუსეთის ჯავრი ტანჯავდა მასაც.
ხოლო კარლოსი ბანაკად იდგა
და პეტრეს უკვე თავის ტყვედ თვლიდა.
ვერ ისვენებდა მაზეპას სული,
ვერ იოკებდა ჟინდა და სურვილს,
მარჯვენის ქავილს და კბილთა ღრჭიალს
და აუცდენელს ასხამდა ტყვიას.
მაგრამ გენახათ, რა მოუვიდა,
რა ხმა აღმოხდა ვერაგს გულიდან,
როდესაც რუსმა დიდებულებმა
გამოუგზავნეს დასმენის წიგნი;
მაშინ კი მართლა დაიბნა იგი,
მთლად მოუშხამა შიშმა გუნება.
თუმცა ღირსეულ სასჯელის ნაცვლად,
როგორც ღმერთთან და მეფესთან მართალს,
კვლავ აფარებდნენ წყალობის კალთას,
თვალში თვითონვე იყრიდნენ ნაცარს.
და თვითონ მეფეც, ქვეყნის მპყრობელი,
ამჟამად ომის ტვირთში შებმული,
მაგრამ გულწრფელად აღშფოთებული
და უყოყმანოდ უარმყოფელი
ცილისწამების, სიტყვას აძლევდა,
რომ ყველას თავის კუთვნილს აწვნევდა
და მოხედავდა ამ ბოროტებას,
როგორც კი მთავარ მტერს აოტებდა.
და აკრუსუნდა მაზეპაც წამსვე,
მეფეს წუხილით შესჩივლა ასე:
”ღმერთმა ხომ იცის და ხედავს ყველა,
რომ ჩემი გული მეფისთვის ღელავს,
ოცი წელია მის ჩრდილში ვდგავარ
და ერთგულების შარაზე მავალს
მავსებს, მამაღლებს მისი წყალობა. . .
ოხ, ბოროტება მართლაც ბეცია!
შემეძლო, ზურგი რომ შემექცია
დიდებისათვის და სხვა გალობა
მესწავლა ახლა, სამარის კართან?
კეთილშობილი სახელის გარდა
არავითარი არა მაქვს ძალა.
სტანისლავს ხელი მივეცი განა?
ან უკრაინის ტახტზეც თავიდან
არ ვთქვი უარი, როგორც უღირსმა?
განა ავყევი სხვათა ბუკის ხმას
და შეთქმულების ბნელი კარვიდან
ყველა ბარათი თუ შეთანხმება
თქვენ არ მოგართვით? დღეს კი რა ხდება?
მას, ვინც არ აჰყვა ხანსა და სულთანს
და ვისაც მხოლოდ სიკეთე სურდა
თეთრი მეფისთვის და ვინც მის მტრებთან
მართლაც ერთგული ძაღლივით ყეფდა,
დღეს ღალატს წამებს ბოროტი ენა
და თანაც ვისი? ხომ იცის ზენამ,
იგი ორივეს მეგობრად თვლიდა. . .”
ასე შესტირა ხელმწიფეს ფლიდმა
და მაინც გახსნა სული ბოლომდის:
ორივეს დასჯას ითხოვს, ბოროტი.
მერე ვის დასჯას? ვისი ასულიც
ბებერ მკლავებში ჰყავს მომწყვდეული,
მაგრამ არ ჰყვება გრძნობებს, წყეული,
გულის კარი აქვს გადარაზული.
”თავს დააბრალე, - ამბობს გეტმანი, -
ბრიყვი ყოფილხარ სულმთლად, ღმერთმანი,
თურმე ზურგსუკან მალავდი დანას,
თავისუფლებას ეტრფოდი თანაც.
მაინც რა გეცა? რას აპირებდი?
საით გარბოდი? ვის იმედებით?
ან იქნებ. . . არა, ვეღარც ეგ გიხსნის,
სიცოცხლეს შვილიც ვეღარ გაჩუქებს,
ახლა გრძნობები უნდა გაჩუმდნენ,
რომ არ დაიქცეს გეტმანის სისხლი”.
ოხ, უბედურო! ოი, მარია!
ჩერკესელ ქალთა მზევ და მშვენებავ,
თუ იცი შენს თავს რა ავდარია?
რა გელოდება? რა გეშველება?
შენს ძუძუ-მკერდზე გველს უდევს თავი,
გველს მინდობიხარ უმწეო კრავი,
მისმა გარყვნილმა და მკაცრმა სულმა,
გაურკვევლობის და ვნების რულმა
მთლად ჩაგითრია და ახლა შენთვის
ისაა პურიც, წყალიც და ღმერთიც,
მისმა ჭაღარამ, მისმა ცბიერმა
და მომნუსხველმა ხმამ და იერმა
გადაგავიწყა მშობელი დედაც,
არად ჩააგდე არც მამის ელდა,
მაინც გაბედე, მაინც შესძელი
და ამჯობინე ეს სარეცელი
მშობლიურ კუთხეს, ზრუნვას და ალერსს,
მაგრამ მოტყუვდი და იგრძნობ მალე,
რომ მან, ვერაგი ბებრის სიდინჯით,
სიდარბაისლით და სიამაყით
აგიბიბინა ყალბი ბალახი
და მიაძინა შენი სინდისი.
შენც შესციცინებ თვალში ბავშვივით,
გულავსებული შვებით და ლხენით,
თავზე ევლები გრძნობააშლილი
და გსიამოვნეს შერცხვენა შენი;
და უფრო მეტიც: ამაყობ კიდეც,
ვით ამაყობდი უმანკოებით,
შენ ჩამოგლიჯე სიმორცხვეს რიდე
და შეამტვრიე ნაზი რტოები.
მაგრამ სირცხვილი რაა, ნეტავი?
ან რას დააკლებს ენები ავი?
თუკი მოხუცი ამაყი თავი
მუხლებზე უდევს, თუკი გეტმანი
ვერაფეს ამჩნევს, მის გარდა, ირგვლივ
და ავიწყდება მშფოთვარე ბედიც
ამ მშვენიერი არსების გვერდით.
არა, არაფერს არ დარდობს იგი
და მაინც მკრთალი ღრუბელი სევდის
ჩაწვება ხოლმე მარიას სულში,
როს ელანდება ტირილი დედის
და მამის სახე, მკაცრი და კუშტი.
მაშინ მარია თვითონაც ტირის,
ოხრავს და კვნესის, ღელავს და იწვის,
ჯერ კი არ იცის მთავარი წირი,
რაც უკვე მთელმა ქვეყანამ იცის.
მეორე სიმღერა
მაზეპეს გულში ისევ ქარია,
ისევ მოაგნეს ჭმუნვის ღრუბლებმა
და აღარც ესმის, ახლა მარია
თვალებით რასაც ესაუბრება.
ის სხვაგანაა, შორეულ მხარეს,
სხვა მიწაზე დგას, სხვა ცის ქვეშ ცხოვრობს
და საწყალ ქალის ჩურჩულს და ალერსს
მკაცრი დუმილით პასუხობს მხოლოდ.
დამცირებული და დაბნეული,
მარია ფეხზე წამოდგა წამსვე,
აუცახცახდა ბრაზმა სხეული
და მიახალა მაზეპეს ასე:
”გამოიხედე, გეტმანო, წუთით!
და მეც დამიგდე ცოტახანს ყური,
შენ შემოგწირე უსიტყვოდ, გულით,
რაც კი მებადა, კარგიც და ცუდიც.
სანაცვლოდ მხოლოდ სიყვარულს გთხოვდი,
არც მდომებია სხვა არაფერი
და სიყვარულის ცასი ნაფრენი
თავს ბედნიერად ამითაც ვგრძნობდი.
არ მენანება ვინმე ან რამე,
მაგრამ ხომ გახსოვს ის ჩუმი ღამე,
როცა პირველად შემახე ხელი?
სად გაქრა ახლა ის ვნება, მწველი?
ან იქნებ აღარ გიყვარვარ? მაშინ. . .
მ ა ზე პ ა
ჩემო ძვირფასო, ბავშვი ხარ, ბავშვი
და უსამართლოც. მალე ეჭვები
სულმთლად შეგჭამენ. ნუ შეეჭმევი,
ნუ დაუჯერებ, რადგან შენს მეტი
არავინ არ მყავს, ხოლო შენს გვერდით
ბედნიერბით მევსება გული,
ძალაუფლებაც, დიდებაც, ფულიც
უფერულდება.
მ ა რ ი ა
თვალთმაქცობ ისევ,
ისევ მატყუებ და თუკი გისმენ,
მხოლოდ იმიტომ, რომ მივხვდე იქნებ,
რა დაგემართა, რა გიმღვრევს ფიქრებს.
მივარდებოდი გუშინ თვალებში,
დღეს კი გაბრაზებს ჩემი ალერსი,
არც მე გახსოვარ, აღარც სახლისთვის
აღარ გცალია და ვიღაც გლახის,
თუ ვიღაც ლოთი მამასახლისის
და ჩემთვის დღემდე უცნობი ხალხის
წრეში ტრიალებ და დაქეიფობ,
მე კი, ოხ, თითქოს მართლა ტყვე ვიყო,
ჩემს ოთახში ვარ გამოკეტილი,
ყველაფერსა აქვს ქვეყნად წერტილი.
ან ის ვიღაა, დულსკოის ქალი,
იმ დღეს ხოტბას რომ ასხამდი მთვრალი?
მ ა ზ ე პ ა
ეჭვიანიც ხარ: განა შემფერის
მე, ჩემს ასაკში, ქალების დევნა
და უსაფუძვლო ოხვრა და ხვევნა?
ან ვის რად უნდა კუროდ ბებერი?
ეს ყმაწვილების საქმეა მხოლოდ,
რომ თვალთმაქცობით, ბოლოს და ბოლოს,
აცდუნონ ხოლმე სხვათა ცოლები,
ყალბი გრძნობებით ანათრთოლები.
მ ა რ ი ა
არა, ჩემს კითხვას თავს ნუ არიდებ
და მიპასუხე გარკვევით, სადად.
მ ა ზ ე პ ა
ყველაფერს გეტყვი, ყური დამიგდე,
ამოიწურა დუმილის ვადაც.
დიდი ხანია, რაც განვიზრახეთ
ჩვენ ეთი საქმე და აი, უკვე
დარეკავს ჟამი და დაგვიძახებს,
აგვიღრიალებს საომარ ბუკებს.
დიდხანს ვითმენდით მონობის პატივს
და თავდახრილნი ვიდექით ჩრდილში
ვითომ მფარველი ვარშავის ხათრით,
თუ თვითმპყრობელი მოსკოვის შიშით.
ახლა კი დროა, რომ უკრაინაც
თავისუფალი ქვეყანა იყოს
და არ უსმინოს სხვების დაირას,
თავის დაირა არ ჰქონდეს თითქოს.
ორივა მეფე თათბირობს ჩემთან,
უკვე მზადა ვართ და, ალბათ, მალე
ვიჭექებთ პეტრეს მეხად და ელდდ
და გამოვიტანთ ჩვენს დროშებს გარეთ
და იქნებ მართლა დავიდგა ტახტი,
გარს მახვევია ერთგული ხალხი:
დულსკაია, გლახა, იეზუიტი,
მაგრამ სენ მაინც ნურსად ნუ იტყვი;
თანამზრახველთა ხმა და ბარათი
მათი წყალობით აღწევს ჩემამდი,
აი, აქამდე რითი ვღელავდი,
ეს იყო, დღემდე რომ გიმალადი.
დამშვიდდი ახლა? შენი ფიქრები
ხომ განიფანტნენ?
მ ა რ ი ა
მეფე იქნები?
შენი მშობელი ცისა და მიწის?
მ ა ზ ე პ ა
შენი მტკაველით
ნუ ზომავ ხოლმე. იქნებ რა მელის,
იქნება გულში რას ფიქრობს ღმერთი.
მ ა რ ი ა
არაფრის შიში არ მაქვს შენს გვერდით
და ვიცი კიდეც, რომ ტახტი უცდის
შენს ძლიერბას.
მ ა ზ ე პ ა
ან იქნებ კუნძი?
მ ა რ ი ა
მაშინ მეც კუნძზე, მეც შენთან ერთად!
თუმცა რას ვამბობ? გარკვევით ვხედავ
შენს მაღალ შუბლზე დიდების ნიშანს.
მ ა ზ ე პ ა
შენ თუ გიყვარვარ?
მ ა რ ი ა
ეგ რაღას ნიშნავს?
მ ა ზ ე პ ა
ვინ გირჩევნია: მამა თუ ქმარი?
თქვი გულახდილად.
მ ა რ ი ა
ოი, უფალო!
რად მეკითხები? ტყუილუბრალოდ
სულს რად მიწეწავ? ნუ ვიტყვით, არ ღირს,
მე ხომ უბედურ მშობლების სახლი
ხალხს სალანძღავად ჩავუგდე პირში
და, ალბთ, უკვე (ვერც მითქვამს შიშით)
დაწყევლილიც ვარ, რომ მექცეს შხამად
ეს სიყვარული. . . .
მ ა ზ ე პ ა
ქმარი თუ მამა?
რატომ გაჩუმდი?
მ ა რ ი ა
ფიქრიც კი მზარავს.
მ ა ზ ე პ ა
მითხარი მეთქი!
მ ა რ ი ა
გეყოფა! კმარა!
მ ა ზ ე პ ა
ყური დაიგდე: ვთქვათ, გაწყრა ღმერთი
და მოხდა ისე, რომ ორში ერთი
უნდა გაწირო, ორივე ბედის,
ორივე სული შენ ხარ მსაჯული,
შენი ბრძნაებით ვართ მიჯაჭვულნიც
განკითხვის სკამზე. რას იზამ მაშინ?
რომელს დაინდობ? ვის სახელს წაშლი?
მ ა რ ი ა
ნუ ხარ მაცდური და გთხოვ ძალიან,
ნუღა მაწვალებ ასე. . .
მ ა ზ ე პ ა
მარია!
მ ა რ ი ა
რატომ გაფითრდი? რა მოგივიდა?
ნუ მიბრაზდები: მსხვერპლად მივიტან
შენთვის ყველაფერს, არც დავფიქრდები,
მაგრამ მაშინეს შენი სიტყვები,
აზრიც არა აქვთ არავითარი.
მ ა ზ ე პ ა
არ დაივიწყო, რაც დღეს მითხარი.
წყნარი ღამეა, უკრაინული,
კრიალებს ზეცა, როგორც ყინული,
ბრჭყვიალებს, ფეთქავს ვარსკვლავთა რემა,
ვერ მორევია ჰაერი თვლემას
და ვერცხლისფერი ფოთლები ალვის
სულ ოდნავ თრთიან. ციდან კი კრძალვით
დაჰყურებს მთვარე თეთრ ეკლესიას
და გეტმანების დიდებულ ბაღებს
და ძველ ციხესაც ბურანში ახვევს,
და სიჩუმეა, როგორც წესია.
ციხე კი შფოთავს, ჩურჩულებს ისევ,
მის ერთ-ერთ კოშკში პატივაყრილი
ზის კოჩუბეი, დარდით დაღლილი
და სიმწრის ოფლი გადასდის პირზე.
დილით დასჯიან. დე, იყოს დილით!
ზოგჯერ სიკვდილიც, თურმე, ტკბილია,
რაა სიკვდილი? ნანატრი ძილი.
არა, არც დარდობს, არც ეშინია.
მზადაა ჩაწვეს კუბოში იგი,
რაკი ბოროტი ბობოქრობს ირგვლივ,
მაგრამ ამქვეყნად ხომ არის ღმერთიც?
როგორ დაემხოს ბოროტის ფერხთით
ასე უსიტყვოდ, როგორც ცხოველი,
და ასე როგორ დათმობს ყოველი:
სულიც, სახელიც და მეგობრებიც,
მისთვის მარადჟამს დაუდგრომლები
და დაღუპულნი მისი მიზეზით;
როგორ დაუდოს ნაჯახს კისერი,
როგორ დალიოს სული ბებერი
და მტრის ზეიმი, დაუფარავი,
ვით აიტანოს, თუკი არავინ
არ რჩება შურის მაძილებელი.
და გაახსენდა ტკბილი წარსული,
პოლტავის ზეცა და სანახები,
შინაურები, ამხანაგები
და სიმღერები ნაზი ასულის;
და ძველი სახლიც, სადაც ის გაჩნდა,
სადაც სიცოცხლე ზეიმით ხარჯა,
სადაც იგემა შვებაც და დარდიც,
განცხრომის სიტკბოც და შრომის მადლიც;
და ყველაფერი, რაც დღემდე ნახა,
ნებაყოფლობით რომ დათმო ახლა,
და თანაც ვისთვის? –
მაგრამ ჟღრიალებს
ჟანგით შეჭმული ბოქლომი კარზე,
ის უბედურიც ფხიზლდება წამსვე,
გული ელევა და უფრიალებს
და ფიქრობს: აჰა, მოვიდა ისიც,
მოძღვარი ჩემი სულის და სისხლის,
ჭმუნვის ექიმი და ჯვრის მტვირთველი,
მიმტევებელი და გამკითხველი,
ჩვენგან მოკლული და დამარხული,
ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მსახური,
მომტანი მისი სისხლის და ხორცის
და ნეტარების მომგვრელი ლოცვის,
რომ მათი მადლით ნაზიარები
მშვიდად მივაპყრო სიკვდილს თვალები.
აჰა, მზადაა, რომ ყოვლისშემძლეს
დახვდეს მორჩილი და მოღიმარი,
გაანდოს დარდი და სატკივარი
და მიეხუტოს ბავშვივით მკერდზე,
მაგრამ ნანატრი მოძღვარის ნაცვლად
ბილწი ორლიკი სწვევია სტუმრად,
ისიც მიწაზე დაეშვა უმალ
და მიახალა შემოსულს მკაცრად:
”ისევ შენა ხარ? რა სურს მაზეპას?
რომ წამიბილწოს ბოლო ლამპარიც?
რომ ჩემი ბოლო თავშესაფარიც
დააგესლინოს შენს ბილწ არსებას?
რისთვის მოხველი?”
ო რ ლ ი კ ი
შენს დასაკითხად.
კ ო ჩ უ ბ ე ი
აკი დამკითხე, მეტი რა გინდა ?
შემეშვი
ო რ ლ ი კ ი
არა. გეტმანმა ბრძანა,
არ დავიშუროთ თავი და ძალა
და გათქმევინო.
კ ო ჩ უ ბ ე ი
კი მაგრამ, რაღა?
მე ვთქვი და მოვრჩი და ვიტყვი ახლაც,
რაც გუშინ ვიყავ, ისა ვარ დღესაც:
მზაკვარიც, ბილწიც, ვერაგიც, ქლესაც,
ბოროტი სულიც. . . და რაც კი გინდათ;
ხოლო გეტმანი წმიდაა, წმინდა,
ცამდე მართალი. . .
ო რ ლ ი კ ი
გეყოფა, კმარა!
დიკანკაში რომ ოქროებს მალავ,
ის მიგვასწავლე. შენი მამულიც
და რაც რამე გაქვს გადამალული,
გადაეცემა ჯარის ხაზინას.
ასეა წესი, კანონის ძალით
შენც აღასრულე ეს ბოლო ვალი:
რაც შენმა ხელმა გაახაზირა
და გადამალა, გვიჩვენო უნდა,
რომ ამ ქვეყნიდან წახვიდე სუფთად.
კ ო ჩ უ ბ ე ი
მართალსა ბრძანებ: მე სამი განძი,
დაცული გულის მიწით და ნაცრით,
მქონდა ამქვეყნად, სამი ოცნება!
ერთს ერქვა შვილის პატიოსნება,
ბედნიერბის მზით რომ მავსებდა,
მაგრამ მომპარა იგი მაზეპამ.
მეორეს ერქვა ჩემი ღირსება
და მამდიდრებდა, მდიდარს ისედაც,
მაგრამ წამართვა ისიც წამებამ,
უბედურებამ და მწუხარებამ.
და ახლა მხოლოდ ერთიღა დამრჩა,
ისაა ჩემი ოქროც და ფარჩაც:
შურისძიების სურვილი წმინდა!
მას თან წავიღებ, ღმერთისთვის მინდა.
ო რ ლ ი კ ი
ბებერო, კმარა ფუჭი ყბედობა,
ღმერთს, გირჩევნია, თხოვე შენდობა,
განთიადს შენი სიკვდილი მოაქვს,
რა გეხუმრება? ხუმრობის დროა?
სად გადამალე, მითხარი, გისმენ,
თორემ ჯალათი კართან დგას ისევ.
კ ო ჩ უ ბ ე ი
ბოროტო მონავ, რაღას მაწვალებ!
სულის ამოსვლა მაინც მაცალე,
კუბოში მაინც ჩამდეთ, ჩამაგდეთ,
ჯერ გულზე ლოდი მაინც დამადეთ,
და თუკი თქვენი გულიც გაძღება,
მერე გაქექეთ შენ და მაზეპამ
ჩემი სკივრები და სარდაფები,
ჩაიმხეთ ფაშვში ჩემი ჩაფები,
დასწვით, აჩეხეთ ეზოც და კარიც
და გაიყოლეთ თან ჩემი ქალიც:
მარილის კენჭი და მატყლის ფთილა -
სად რა დევს, გეტყვით ყველაფერს წვრილად.
ახლა კი მართლა იწამე ღმერთი,
მარტო მამყოფე სიკვდილის გვერდით.
ო რ ლ ი კ ი
ფული სადა გაქვს, თვალთმაქცო, ფული?
თქვი, თორემ ბრაზით გასივდა გული,
ან რა აზრი აქვს ხელს რომ აფარებ?
იცოდე, უფრო იფუჭებ საქმეს,
მე მითქვამს, შენ კი თავს დააბრალე.
ამბობ თუ არა? ჯალათო, აქეთ!
რაღა ჯალათი უნდოდა, ბეჩავს!
ოხ, ტანჯვის ღამევ, ქვესკნელის ხატო!
მაგრამ გეტმანი სად არის ამდროს,
სად ემალება სინდისი ქეჯნას?
ის მიჯდომია მძინარე ნათლულს,
მარიას სძინავს უზრუნველ ძილით,
ის კი დასცქერის და ფიქრში გართულს
სახეზე ადგა წუხილის ჩრდილი.
ზის თავდახრილი და მოღუშული
და ერთმანეთზე მწარე ფიქრები
სულს უწეწავენ: ”რაღას ვუშველი!
მაგრამ რაც უფრო მკაცი ვიქნები,
მით უფრო კრძალვით შემხედავს მტერი.
სხვა გზა არ არის, დამსმენის მტვერი
ქარს უნდა მივცე”. მაგრამ მაშინვე
ახალი ფიქრი ეხვევა გულზე,
ახლა მარიას ბედი აშინებს,
როცა მის ნეტარ განცხრომას უმზერს:
”ოხ, ღმერთო, ამას რა ეშველება,
ვერც გადაიტანს, საბრალო, ალბათ;
ქვეყანას მოსდეს უკვე ენებმა,
ან ვინ დამალავს ამხელა ამბავს.
დილით კი ბასრი ნაჯახის ელვა
მოეფინება მთელს უკრაინას,
რითი ჩავახშო, ან რანაირად
ხალხის ყაყანი, შფოთი და ღელვა.
მე ახლა მივხვდი, მე ახლა ვხედავ,
რომ ვინც ჩემსავით გასწირა ბედმა
და ვინც სიმშვიდე არ მიიკარა,
ის მარტო უნდა დახვდეს გრიგალსაც,
მას ცოლის შერთვის არა აქვს ნება,
სად გაგონილა ერთ ეტლში შებმა
ცხენის და ირმის? ეს დამავიწყდა,
ამ გზაზე ფეხი მაინც დამიცდა
და ახლა უნდა ვუხადო ხარკი
ამ სიგიჟესაც . . . ამქვეყნად კარგი
რაც კი არსებობს და რასაც ფასი
არ დასდბია, ცხოვრების თასი
რითაც ტკბილდება - ამ საცოდვამა
მე შემომწირა, მე კი ოდნავაც
არ ვზოგავ ახლა და ახლაც ვძარცვავ
და შხამს ვუმზადებ, მადლობის ნაცლად”.
ის ასე ფიქრობს, ხოლო მის გვერდით
მარიას სძინავს უზრუნველ ძილით,
ბაგე გახსნია და უთრთის მკერდი.
მშვიდად, თანაბრად. . . მაგრამ ხვალ დილით. . .
მაზეპა შეკრთა, წამოდგა წამსვე,
მძინარეს ძალით მოსწყვიტა თვალი,
სიზმრებთან მარტო დატოვა ქალი
და კვლავ მტანჯველი ფიქრებით სავსე,
ბაღის ხეივანს დაუყვა ფრთხილად.
საბეიდწერო ახლოა დილა!
წყნარი ღამეა, უკრაინული,
კრიალებს ზეცა, როგორც ყინული,
ბრჭყვიალებს, ფეთქავს ვარსკვლავთა რემა,
ვერ მორევია ჰერი თვლემას
და ვერცხლისფერი ფოთლები ალვის
სულ ოდნავ თრთიან, ციდან კი კრძალვით
მიდამოს ზვერავს ფერმკრთალი მთვარე,
მაგრამ მაზეპას ფიქრკი კვლავ მწარე:
ვით ბრალმდებელთა მკაცრი თვალები
უტრიალდებენ სულს ვარსკვლავებ ი,
მსაჯულებივით იქნევენ თავებს
ალვის ხეებიც, მათი ჩურჩულით
სავსეა ბაღის ყველა კუნჭული;
და ჩახუთულა ზაფხულის ღამე.
უეცრად. . . სუსტი კივილი. . . ოხვრა. . .
ნიავს ციხიდან აქამდეც მოჰყვა.
ის ხმა ნადირის ყმულისაც ჰგავდა
და მიკიოტის გაბმულ ტირილსაც,
ტანჯული კაცის კვნესასაც, ანდა
გონება ისე გადაინისლა,
რომ ნაფიქრალი წარმოიდგინა.
მაგრამ აქამდე თუკი ითმინა,
ვეღარ გაუძლო მაზეპამ ახლაც,
ვეღარ მოთოკა წუხილის ტალღა
და დაიყვირა იმ ხმით თვითონაც,
რა ხმითაც ომის ცეცხლში ვიდოდა
და აყრუებდა ცას და ქვეყანას,
რათა მტრის ჯავრი ამოეყარა,
როცა ქარივით გასული მინდვრად
მიაგელვებდა ცხენს გამალებით,
როცა ზაბელა და გამალეი
და. . . კოჩუბეიც მის გვერდით იდგა.
დაიძრა ბინდი და განთიადმა
ცის ტატნობს ოქროს კიბე მიადგა.
გაბრწყინდა ველი, ყანა და მთები,
მდინარის ზვირთმაც ცისფრად იალა,
გაისმა დილის ჟღურტულა ხმები
და გაიღვიძა ადამიანმა.
მაგრამ მარიას ჯერ კიდევ სძინავს
და ძილში ესმის, რომ ვიღაც ფრთხილად
მიუახლოვდა და მორიდებით
მოუთატუნა ფეხზე თითები.
გამოეღვიძა, მაგრამ თვალები
მოაჭუტვინა მზის სხივმა წამსვე
და საამური განცხრომით სავსემ
წაიჩურჩულა ზანტად, მთქნარებით:
"მაზეპა, შენა?. . ." მაგრამ მარიას
სულ სხვა ხმა ესმის, ფხიზლდება უმალ.
ოხ, ღმერთო ჩემო! რა ამბავია?
დედა დგას მის წინ. . .
დ ე დ ა
მარია, ჩუმად!
მთლად ნუ დაგვღუპავ, თხოვნა მაქვს ერთი,
ცრემლებითა გთხოვ, იწამე ღმერთი!
დღესაა დასაჯა, შენ შესძლებ მხოლოდ,
რომ შეუბორკო ხელები ბოროტს.
უშველე მამას.
შ ვ ი ლ ი (შეძრწუნებული)
მამას? ვის მამას?
ვის სჯიან? რატომ?
დ ე დ ა
სადა ხარ? ვინ ხარ?
სასახლეში ხარ თუ ჭურში ზიხარ?
უნდა იცოდე შენ სხვებზე მეტად,
ქვეყანა როგორ შესტირის გეტმანს;
უნდა იცოდე, რომ მისმა რისხვამ
გაუთავებელ ცრემლად და სისხლად
გადაგვიქცია სიცოცხლე ყველას,
ვიღას მივადგეთ? ვის ვთხოვოთ შველა?
მეფეც მფარველობს. . . მაგრამ შენს დედას
ნუ გააწბილებ. . . თუმცა მეც ვხედავ,
მაზეპა ოჯახს რომ გირჩევნია.
ვითომ მშობლები მოგირჩენია,
ნებივრობ მშვიდად, როცა ჩვენს თავზე,
შურისძიების სურვილით სავსე,
კითხულობს იგი სასტიკ განაჩენს
და აღრიალებს განკითხვის ბუკებს,
მამაშენი კი კუნძთან დგას უკვე, '
გონს მოდი, შველა უნდა მამაშენს!
გონს მოდი-მეთქი! ექმენ მფარველად,
ჯერ კიდევ დროა, მარია, ჩქარა!
წადი, ემთხვიე მუხლებზე მტარვალს,
შესაგინებლად და დასალევად
ნუ მისცემ მის სისხლს. . . ოხ, ღმერთი თუა,
შენ როგორ გეტყვის გეტმანი უარს,
შენ ხომ გაწირე დედის ალერსიც,
ღირსებაც, ღმერთიც. . .
შ ვ ი ლ ი
ღმერთო, რა მესმის!
მამა. . . მაზეპა. . . და სათხოვნელად
საკუთარ შვილთან მოსული დედა.
მართლა გავგიჟდი, თუ მძინავს, ნეტავ?
დ ე დ ა
არ გძინავს, არა! არც დაყოვნება
არ შეიძლება! არ უთქვამთ შენთვის,
მამაშენმა რომ გასცა გეტმანი?
(შენი გულისთვის გასცა, ღმერთმანი,
ვერ აიტანა საწყალმა მეტი).
მაგრამ თვითონვე დასწამეს ცილი,
თავს მოახვიეს ახალი ჭირი,
გადააბრალეს მზაკვრული ფიქრი,
ამოუდაღეს სასა და ყელი
და აიძულეს წამებით იგი,
რომ სიმართლეზე აეღო ხელი.
ხელმწიფეც შეცდა და მისი თავი
მტერს მისცა ხელში. . . ნუთუ არ იცი,
რომ დღეს საქვეყნოდ, მთელი ჯარის წინ
უნდა აღსრულდეს განზრახვა ავი,
როს აიწევა გეტმანის გურზი. . .
ჯერ კი საბრალო ციხეში უზით.
შ ვ ი ლ ი
ოხ, ღმერთო, ღმერთო! დღეს. . . მამაჩემი. . .
ჩემი სიცოცხლე. . . ჩემი გამჩენი. . .
და კოჩუბეის ტურფა ასული
დედის ფეხებტან წევს გულწასული.
ეჯიბრებიან დოლებს ბუკები,
ჭრელი ქუდების ტორგმანებს ტბორი,
ეწყობა ჯარი და მწკრივებს შორის
დაჰქრიან სწრაფი სერდიუკები.
ბრბო კი გროვდება, ყაყანებს, ხვნეშის,
ფანცქალებს გული, დიდდება თვალი,
გზა, გაჭედილი კაცით და ქალით,
მიიკლაკნება გველივით მტვერში.
შუა მინდორში დგას ეშაფოტი,
ირგვლივ ახალი ყრია ნაფოტი
და ეშაფოტზე, როგორც ხნძარი,
დაძრწის ჯალათი, გაუმაძღარი.
აჩქარებს ხარბი და ბილწი სული,
სანათრელ მსხვერპლის მოელის მოსვლას
და ხან ლაყბობით თავს იქცევს ბრბოსთან,
ხან კი სიმძიმეს ამოწმებს ცულის.
უცებ ბუზღუნიც, ოხვრაც, ყაყანიც,
ქალის კივილიც, სიცილ-ხარხარიც -
ჩაჩუმდა, ჩაკვდა. გალურსულ ველზე
ფლოქვთა თქარუნი ისმოდა მხოლოდ,
თვითონ გეტმანიც გამოჩნდა ბოლოს,
ამხედრებული ყორნისფერ ცხენზე.
გარემოცული ერთგულ ამალით
მოქროდა მისი რაში, ფრთამალი.
ხოლო ფორანი კიევის გზაზე
მიჭრიალებდა და ყველამ წამსვე
მისკენ მიაპყრო შემკრთალი თვალი:
იქ, იმ ფორანში, ბოროტი ძალის
უარმყოფელი და გადამტანი,
ზის კოჩუბეი, ალალ-მართალი;
და ისკრაც, მშვიდი და დიდებული,
ბედს ბატკანივით შერიგებული.
ფორანი შედგა. ამღერდა დასი,
წამოიზლაზნა საკმევლის ბოლი,
მხურვალე ცრემლით და გულის თრთოლვით
გზას ულოცვავენ ტანჯულსებ ცაში,
ხოლო ისინი მტრისთვის გოდებენ,
ღმერთს ავედრებენ და აცოდებენ.
გაქვავებული ხალხი, დიდძალი,
და უნებურად მზერას არიდებს
ბრჭყვიალა ნაჯახს. აჰა, ავიდნენ
და კოჩუბეიმ ბოლოს პირჯვარიც
გადაიწერა და გაწვა კუნძზე,
ბასრი ნაჯახიც გაბრწყინდა უცებ,
გაგორდა თავი. . . აჰა, მეორეც.
არც უბრალო ხალხს და არც მეომრებს
არ ადევთ ფერი. ხოლო ჯალათმა,
სიხარულს ახლაც რომ ვერ მალავდა,
თავებს ქოჩრებში დასტაცა ხელი,
და ბოლოს ცრემლით და სისხლით სველი,
მაღლა ასწია - ბრბოს დასანახად.
დასაშინებლად და გასალახად.
დამთავრდა დასჯა. გულგრილი ხალხი
უკვე იშლება, შინ მიიჩქარის,
ყველას თავისი ადარდებს სახლი,
ყველას თავისი - ეზო-ჭიშკარი.
დაცარიელდა მინდორი კიდეც,
აქა-იქ თითო-ოროლად იდგნენ,
როდესაც ორმა დაღლილმა ქალმა
ოხვრით, ბორძიკით გადმოსჭრა შარა;
ჩამოხეოდა ორივეს კაბა,
სეირის ხილვას ჩქარობდნენ, ალბათ.
"დაგაგვიანდათ", - უთხრეს და თანაც
შუა მინდვრისკენ ანიშნეს ხელით:
გუდა-ნაბადი აეკრა ჯალათს,
დაფარფატებდა მის ნაცვლად მღვდელი,
მუხის კუბოში ჩაჭედილ ცხედარს
ორი კაზაკი ფორანზე დებდა.
ილტვოდა იგი, რისხვად ქცეული,
თავზარდამცემი ედო იერი
და საშინელი სიცარიელით
ეგვემებოდა მთელი სხეული.
გამობერვოდა ძლიერი მკერდი,
ოფლში ცურავდა მისი მერანი,
სიტყვა ვერ უთხრეს გეტმანს ვერავინ,
არ გაიკარა არავინ გვერდით.
ტანჯავდა ეჭვი გულსჩასახული
და შინ მისულმა იკითხა წამსვე
მარია, მაგრამ წუხილით სავსე,
შეცბა, დაიბნა, დაფრთხა მსახური.
ჯიუტი ეჭვი ტანჯავს, აშინებს,
მარიას ოთახს ეცა მაშინვე,
სიცარიელეს წააწყდა თვალი,
ვერც ბაღში ნახა მარიას კვალი,
ბუჩქებს ტყუილად ქექავდა იგი,
სიცარიელე სუფევდა ირგვლივ.
წასულა! ჩქარა! - და აი, უკვე
მიამტვერებენ გზებსა და შუკებს
მისი ერთგული სერდიუკები.
დიდი ხნით გაქრნენ მტვერში შუკები
და ღობე-ყორეს დამაქცევარი
ველურ ყიჟინით მიქრის მდევარი
ოთხივე მხარეს და მთელი ძალით,
ცხენებს მუხლებში ჩაუდგათ ქარი.
ყველას დააწვა წუხილის ლოდი,
არ ჩანს მარია, მისი გზა-კვალი
კაცმა არ იცის: რატომ ან როდის
გაიქცა იგი. გულის კანკალით
გზას გასცქერიან. წამს მისდევს წამი
და მაზეპასაც ერევა შხამი,
გარინდებულა წუხილის ჩრდილში,
მსახურებს გული უსკდებათ შიშით;
ჩაკეტილია იგი ოთახში,
ზის სარეცელთან და საცოდავი
უხმობს მარიას ხვეწნით და ფიცით
და ჯოჯოხეთურ კოცონზე იწვის.
დილით მობრუნდა უკან მდევარი
და გუშინდელი მედიდურობის,
რიხის, სიმკვირცხლის და მორთულობის
არ მოჰყოლია არც ნახევარი.
ჩამოფლეთილნი იყვნენ ყველანი,
მტვერსა და ოფლში იდგნენ ყელამდი,
მაგრამ ამბავი ვერ თქვა ვერავინ,
ვერ უნახიათ მარიას კვალიც,
მიწამ ჩაყლაპა საბრალო ქალი.
მესამე სიმღერა
ვერავითარი სევდა და დარდი
ვერ შეაჩრებს გეტმანის ლტოლვას.
ის ისევ ძველი ბილიკით დადის,
გადასახდელი აწუხებს ბრძოლა.
ისევ ჩურჩულებს კარლოსთან იგი,
ჯერ მისი რწმან არ დანგრეულა,
ხალხში კი თავი მოაქვს სნეულად
და სასიკდილო სარეცლის ირგვლივ
იკრებს მკურნალებს, ოხრავს და კვნესის,
რათა არიოს კვალი და გეზი.
ათასმა შფოთმა, ვნებამ თუ სენმა,
სევდის ჭიამ თუ სიბერის მტვერმა
დაუბეჩავა ხორცი და სისხლი
და აღსასრულის კართან დგას ისიც;
ბოლოს ლოგინად ისიც ჩავარდა,
სძლიეს ცოდვებმა და იარებმა,
განმარტოება სურს მღვდელმთავართან,
სთხოვს აღსარებას და ზიარებას.
სურს აღასრულოს მან ყველა წესი,
რომ ღმერთს სპეტაკი ჩაბარდეს ხელში,
რომ საიდუმლო და წმინდა ზეთით
გაიმსუბუქოს სული და ბედი.
დრო კი მიქროდა. მოსკოვის თრთოლვით
და მოუთმენლად იფშვნეტდა ხელებს
და ძველტა მტერთა საფლავებს შორის
შვედს პირდებოდა დიდებულ ქელეხს.
მაგრამ კარლოსის ზარბაზნის ბოლი
მალოროსიის მოედო ველებს.
აჰა, აღსრულდა! მაზეპა წამსვე
ფეხზე წამოდგა ჯან-ღონით სავსე,
გუშინდელ ბეჩავს და მიხრწნილ ბებერს
სადღა სცალია დღეს სასიკვდილოდ,
ჯერ მტრების სისხლმა უნდა იდინოს!
ვერაგი მტერი ჰყოლია მეფეს.
კვლავ ძველებურად ამხნევებს მხედრებს,
კვლავ სიამაყით უბრწყინავს თვალი,
კისკისებს მისი მშიერი ხმალი,
ძლიერი მტერი ჰყოლია პეტრეს.
ვერც სიმარდეში ჯობნის ვერავინ,
დესნასკენ მიქრის მისი მერანი.
იმ კარდინალს ჰგავს, რომის ტიარამ
რომ მოურჩინა სულის იარა,
სიბერის კუზიც რომ მოაცილა,
სიბერის კუზიც რომ მოაცილა,
კვლავ რომ აქცია ჯანსაღ ყმაწვილად.
უკრაინას კი ცეცხლი ედება,
უკრაინაში შფოთი გრძელდება:
"მან უღალატა, კარლოსის ფერხთით
დადო მორჩილი ხმალი და კვერთხი".
ერთმანეთს ცდიან, ზვერავენ ფრთხილად
და სისხლიანი თენდება დილა
სახალხო ომის.
ძნელია დღესაც,
აღწერო მეფის რისხვა და წყრომა,
ტაძარი წყევლის მაზეპას ხროვას,
ჯალათი ნაჯახს წინასწარ ლესავს.
რადაც ბობოქრობს და უფრო მკაცრად
სხვა გეტმანს ითხოვს, მაზეპას ნაცვლად;
და ენისეის ნაპირებიდან
ისკრას სახლობა პეტრესთან მოჰყავთ,
ცრემლსა ღვრის პეტრე, ბოდიშობს, ოხრავს
და რასაც ადრე დაპირებია
დასჯილთ ათმაგად უსრულებს ახლა,
ისევ დიდების კვარცხლბეკზე აჰყავს
უკვე მოხუცი პალეიც, ვისც
მაზეპას მტრობა უფრთხობდა ძილსაც.
გადასახლების ავიწყებს წყვდიადს,
საქმეს ავალებს ძნელსა და დიადს
და მასაც, რაკი მეფე ენდობა,
უკრაინისკენ მიჰყავს მხედრობა.
მძვინვარებს ჯანყი, დამაქცევარი,
ძვირდება ხმალი და სატევარი.
დაიწყე! მიდი! აქ ვართ! მზადა ვართ!
ჯალათის ხელში ნაჯახი წვეთავს:
თავს კვეთენ ჩეჩელს და მასთან ერთად
ზაპოროჟელთა გულად ატამანს.
შენც, მოტრფიალევ ხმლისა და სისხლის,
გვირგვინის ნაცვლად ჩაფხუტს რომ იდგამ,
ტყუილად წვალობ, ვეღარც ის გიხსნის,
ვერ იბოგინებ ამქვეყნად დიდხანს.
და დასძრა მეფემ თავისი ჯარი,
გახშირად დოლი და გულთა ძგერა,
პოლტავის ველზე პირისპირ მდგარი
ორი ბანაკი ერთმანეთს ზვერავს:
ადრე მრავალგზის უკუქცეულმა
მებრძოლმა, მკაცრამა და ღირსეულმა,
ისევ მიაპყრო მეტოქეს თვალი,
დასაქცევ სისხლით წინასწარ მთვრალი.
მტერს უთვალთვალებს კარლოსიც მკაცრად
და გულს უმძიმებს ბოღმა და სევდა,
როდესაც ნარველ ლტოლვილთა ნაცვლად
რუსთა დიდებულ მხედრობას ხედავს.
დამჯერი, მშვიდი, მოქნილი, სწრაფი -
ველზე გაწვრთნილი პოლკები დგანან
და აზიდულა საავდროს წარბი,
გარინდებულა მრისხანე ძალა.
კარლოსმა ბრძოლა დილისთვის ბრძანა.
ღრმა ძილით სძინავს შვედების ბანაკს,
მხოლოდ ერთ კარავს ვერ იპყრობს ძილი,
ჩურჩული ისმის კარვიდან ფრთხილი.
"არა, ავჩქარდეთ, ახლა მეც მჯერა,
რომ ვერ გავზომეთ რაღაცა კარგად,
რაც ჩვენ გვინდოდა, ეს იმას არ ჰგავს,
ვერ ვიხეირებთ, ორლიკო, ვერა.
რაღა თქმა უნდა, შევცდი ძალიან,
მაგრამ რას იზამ! ჩემი ბრალია
და რაც მომივა მართლაც ახია,
ამიყოლია ბებერი ბალღმა,
ასე არაა? ის ხომ ბალღია?
ადრეც ვამბობდი და ვიტყვი ახლაც:
ერთი გულადი, მარჯვე ბიჭია,
და ნიჭიცა აქვს, ისიც ნიჭია,
რომ ერთი-ორი მოიგო ბრძოლა,
რომ მტერს მოჰგვარო შიში და ძრწოლა,
რუს ჯარისკაცზე მარდად და ფრთხილად
თავზე უეცრად დაატყდა ჭირად,
დაიჭრა კიდეც და სხვებიც დასჭრა,
მოსისხლეს სტუმრად ეწვიო ვახშმად
და გაეხუმრო ყუმბარის ღრიალს;
ხვალინდელ დღეს კი განკითხვა ჰქვია,
თავს ნუ იწუხებს, ხმალს ნუღარ ლესავს,
ბდღვნად არ ეყოფა თვითმპყრობელ ვესაპს.
მას სურს პოლკივით წარმართოს ბედიც,
ანდა ხმალივით წელზე შეიბას,
ბრმაა, ჯიუტი, სულსწრაფი, ცეტი,
ყოყოჩიცაა და თავქეიფაც.
მტერს ალღო უნდა აუღო დროზე,
უნდა არჩევდე ძველსა და ახალს;
რქა არ შერჩება მოჩხუბარ მოზვერს,
მოიტეხს კიდეც, თვითონაც ნახავ.
ქვეყნად არ არის ახლა სხვა ძალა,
მტვრად რომ არ იქცეს პეტრეს ხელებში
და მეც მრცხვენია, რომ სიბერეში
ასე ავყევი ამ მაწანწალას,
რომ დამაბრმავა მისმა გმირობამ
და ერთგულების მივეც პირობა,
ქალიშვილივით. . ."
ო რ ლ ი კ ი
ნუ ავჩქარდებით,
ხვალ გამოჩნდება გზა უკეთესად.
თუ გვენდომება, მე ვარ თავდები,
რომ კვლავ აღვადგენ კავშირს პეტრესთან.
ჩვენგან ზლეული, გონება თუ აქვს,
შერიგებაზე ვერ იტყვის უარს.
მ ა ზ ე პ ა
ღმერთიც ვერ შესძლებს ჩვენს შერიგებას:
ქვიშაზე ცხიე არ აიგება.
ბედს სურდა ასე და ასეც მოხდა,
დიდიხანია გულს მიწვავს ბოღმა,
დიდიხანია. . . ერთხელ აზოვთან
მეფის კარავში ვღრეობდით დიდხანს,
აღარაფერი აღარ გვახსოვდა,
დუღდა თასებიც, სისხლიც და სიტყვაც.
უღმერთოდ სვამდა მეფის ამალა,
ღვინო კი თასებს ისევ ავსებდა,
რაღაც ვუთხარი მეფეს თამამად,
პირი დააღეს ახალგაზრდებმა.
გაცეცხლდა მეფე, დააგდო თასი
და ჩემს ულვაშზე იყარა ბრაზი,
მუქარით მტაცა ულვაშზე ხელი,
ჩამაყლაპვინა ცრემლები ცხელი,
მომათოკინა რისხვაც და ელდაც,
მაგრამ მაშინვე მივეცი ჩემს თავს
შურისძიების ურყევი ფიცი,
შურისძიების კოცონზე ვიწვი,
მის აღსულებას ვნატრობ და ვუცდი,
თან დავატარებს, ვით დედა მუცლით
ჩვილს დაატარებს. აჰა, აღსრულდა,
ხვალ გაირკვევა, უფალს რაც სურდა,
მაგრამ ისედაც ჩემი ცხოვრება
პეტრეს ბოლომდე ემახსოვრება.
გაჩენილი ვარ მე პეტერს ჭირად,
მე მის გვირგვინში ამოველ ეკლად
და ისიც დასთმობს ყველაფერს ქვეყნად,
ოღონდ მაზეპა, ისე ვით წინათ,
ულვაშით ჰყავდეს დაბმული ახლაც.
დილა გაარკვევს ყველაფერს, ვნახავთ,
დიდების სიხივი ვისკენ მიცურავს,
ჯერ იმედს ნურც ჩვენ გადავიწურავთ.
გაჩნდა თუ არა სინათლის ზოლი,
ყველა ქვემეხი ერთხმად აყეფდა
და მეწამული მტვერი და ბოლი
ცისკენ დაიძრა მზის შესახვედრად.
ამჭიდროებენ პოლკები რიგებს,
მსროლელთა რაზმი საფრდება იქვე,
მოფრინავს ჭურვი, სისინებს ტყვია,
მინდორზე უკვე გმირები ყრია.
ცეცხლი ედეგბა სანგრებს და თხრილებს
და გამარჯების საყვარელ შვილებს
ბასრი ხიშტებით სიკვდილი მოაქვთ,
ღრიალებს ბუკი, შეტევის დროა,
დაუქანცავი, ამტანი, მყარი,
აჰა, დაიძრა ქვეითი ჯარიც,
ზურგი რომ მისცეს კავალერიას,
ყველგან ცეცხლია, ყველგან მტვერია,
მაგრამ ცხადია, რომ ბრძოლის ბედი
ჩვენსკენ იხრება, იხრჩობა შვედი,
ირევა, ილტვის და ითელება,
ამოისუნთქეს ცოტა ჩვენებმაც.
როზენს სიბრაზის ცეცხლი ედება
და შლიპენბახი უკვე გვნებდება.
აჰა, გაქცევაც იკადრა შვედმა,
წყალობის თვალი მოგვაპყრო ღმერთმა.
"გვვარავდეს ღმერთი!" - ბრძანა პეტრემაც
და გამოვიდა კარვიდან სწრაფად.
ცხენი მოართვეს მეფეს მხედრებმა,
მუხლზე იცემდა მერანი ფაფარს.
ერთ რამედ ღირს ხელმწიფის ხილვა,
მისი მრისხანე თვალების ბრწყინვა,
მისი მიმოხვრა და წარბთა შეყრა, -
ღვთის რისხვასა ჰგავს ჩამოსულს ქვეყნად.
მორჩილად უცდის ერთგული ცხენი,
ათრთოლებს ომის სურნელი ცხელი,
იბრუნეს კისერს და აღვირს ღეჭავს.
აჰა, მივიდა, შეეხო, შეჯდა,
მიქრის, დაჭრილთა აცოფებს კვნესა,
ეამაყება მხედარი ცხენსაც.
უკვე ახლოა შუადღის ხვატი,
მიწას ალმური ცახცახით ასდის,
ვით მიწის მუშა, ისვენებს ჯარი,
ჩადგა საომარ მუსიკის ქარი,
აღარ ყეფს მშიერ ზარბაზნის ხახა,
დაცხრა, დამშვიდდა გრიგალის ტალღა,
სისხლის მდინარე დატბორდა, დაშრა
და მღელვარების დასაოკებლად
უცებ რუსულმა იჭექა ვაშამ, -
პეტრეს შეასწრეს თვალი პოლკებმა.
და აი, პეტრეც პოლკების გასწვრივ
მიქრის დიადი, შემძლე და მკაცრი,
ლაჩართა რისხვა, გმირთა შემქები;
და მოჰყვებიან უკან ლეკვები,
პეტრეს ბუნაგში გამოზრდილები,
ჭირსა და ლხინში გამოწვრთნილები,
ამხანაგები, ძმები, შვილები,
გული რომ მისცათ პეტრემ ლომური,
მკლავი რომ მისცათ მხნე და შემტევი,
აგერ ბრიუსი, აგერ ბოური,
რეპნინიცა დაშერემეტევიც.
ჩამწკრივებულან პოლკები ლურჯად,
მისჩერებიან განსაცდელს ურჩად.
ატატებული მოჰყავთ კარლოსი,
ომის სასწორზე სულსი დამდები,
გარემოცული მთავარსარდლებით
და ჩაძირული ტანჯვის ხაროში;
დაუფეხვია ჭრილობას იგი,
თვალებს უაზროდ აცეცებს ირგვლივ,
თითქოს დასაყრდენს დაეძებს წერტილს,
ნანატრი ბრძოლის აღელვებს ბედი.
ჯარი კი ისევ მის ნიშანს ელის
და გაიშვირა კარლოსმაც ხელი.
მაშინ რუსებმაც იშიშვლეს ხმალი,
ამოანთხია ქვემეხმა ალი
და ატყდა ომი, პოლტავის ომი!
გააფთრებული ლომს ეცა ლომი,
გადათელილი ცოცხალი კედლით
ხორცი და ძვალი დაზვინდა მხედრის,
რიგს ენაცვლება ახალი რიგი,
თუჯის ბირთვები დახტიან ირგვლივ,
სკდებიან, გლეჯენ, ანგრევენ, თხრიან,
გვამებზე ისევ გვამები ყრია,
ბრჭყვიალებს ხიშტი, მახვილი, შუბი,
ღმუის ქვემეხი, იპობა შუბლი,
გუგუნებს დოლი. იხევა მკერდი
შვედის და რუსის, რუსის და შვედის,
ოხვრა, თქარუნი, ჭიხვინი, კვნესა,
ჭირის დღე ადგას კაცსაც და ცხენსაც,
კბილდაკრეჭილი და ფერმიხდილი
ოთხივე მხრიდან მოდის სიკვდილი.
ხოლო სარდლები ფხიზლად და მშვიდად
უთვალთვალებენ ომის მსვლელობას,
წინასწარ ჭვრეტენ მარცხსა და ხიფათს,
რადგან ესაა მათი ხელობა.
მაგრამ ის ვინ დგას ხელმწიფის გვერდით?
უძლური ჟინით ვის ეწვის მკერდი?
ვისი ჭაღარის შუქი დგას ირგვლივ?
ორ კაზაკს ფრთხილად უჭირავს იგი
და გამოცდილი მეომრის მზერა
ბრძოლის ველს ორბის სიხარბით ზვერავს.
მისი ოცნება აღარ ახდება,
ცხენს ძველებურად ვერ მოახტება,
გმირი პალეი ლანდად ქცეულა,
გადასახლებამ დაასნეულა
და უკვე მისულს სამარის კართან
ბოღმა და ბრაზი, ვით ღამის კალთა,
რად აფარია სახეზე ნეტავ?
იქნება იგი მაზეპას ხედავს?
იქნება ომის ცეცხლსა და კვამლში
მოსისხლე იცნო და სწორედ მაშინ
უსუსურობამ და უძლურობამ
მთლად მოუშხამა მოხუცს გუნება.
მაზეპა იდგა ჩაფიქრებული,
უთვალთვალებდა ბრძოლის ველს იგი,
თანამზრახველთა მთელი კრებული
და ახლობლები ეხვია ირგვლივ.
უცებ ისროლეს და სროლის ხმაზე
შემოტრიალდა მაზეპა წამსვე:
მუშკეტის ლულა ისევ ბოლავდა
ვოინაროვსკის უტყუარ ხელში
და ორ ნაბიჯზე ვიღაც გორავდა
საკუთარ სისხლში, ოფლსა და მტვერსი,
ხოლო მომაკვდავ კაზაკის ცხენი
ველზე მიქროდა დაფეთებული,
კაზაკს კი ხმლისთვის ჩაევლო ხელი
და სიძულვილით გაფითრებული
მაზეპასაკენ იწევდა ისევ,
ზიზღი ეხატა მომაკვდავს პირზე.
მიუახლოვდა მაზეპა ნელა,
მაგრამ უცნობი კაზაკის სახე
უკვე ქრებოდა და მისი ენაც
ძლივსღა ამბობდა მარიას სახელს.
უკვე ახლოა, ახლოა წუთი
გამარჯვებისა! გავღუნეთ შვედი!
ო, დიდო წუთო! ეს წუთი უდრის
მთელ საუკუნეს! ბიჭებო, ერთიც!
და აჰა, გარბის მტერი, ძლეული,
ფეხდაფეხ მისდევს, რისხვად ქცეული,
ჩვენი მხედრობა, გაცოფდნენ ხმლები,
აღარ ეტევა მინდორზე მკვდრები.
ზეიმობს პეტრე, მხნე და ამაყი,
გაბრწყინებია დიდებით სახე.
თასებში უკვე ბორგავს არაყი,
უკვე სიმღერაც გაისმის მჭახე.
თავის კარავში ღებულობს იგი
საკუთარსა და შეპყრობილ სარდლებს,
ტყვეებს წყალობის აფარებს კალთებს
და ადღეგრძელებს თავმოდგმულ ჭიქით.
მაგრამ მთავარი არ ჩანს სტუმარი,
ჩვენი მრისხანე მასწავლებელი.
სად ილტვის ახლა, ბედის მძებნელი?
ახლა სად უდევს ქვის სასთუმალი?
ანდა მაზეპა სადღაა, ნეტავ?
მისი ძაღლები დღეს საით ყეფენ?
რატომ ვერ ვხედავთ ცულის ქვეშ გეტმანს?
სტუმრებში რატომ ვერ ვხედავთ მეფეს?
სტეპში მიქრიან ახლა ისინი,
ფეხდაფეხ მისდევთ ტურის სიცილი.
დააკავშირათ წყეულმა ბედმა, '
დღეს ერთი გზა აქვს კარლოს და გეტმანს.
საფრთხე და ბოღმა ამხნევებს კარლოსს,
ცხენს მიაჭენებს, მიფრინავს, ჩქარობს,
დავიწყებია ჭრილობაც მძიმე,
თავჩაქინდრული მიჰყვება იმედს.
ასდევნებია ამალაც ძრწოლვით,
რუსებისაგან ძლეულს და ლტოლვილს.
კარლოსის გვერდით მიქრის გეტმანიც,
თან თვალი ფხიზლად უჭირავს გზაზე.
აგე, ხუტორი. . . მაგრამ ნეტავი,
რამ შეაშინა მაზეპა ასე?
რად ააჩქარა მაზეპამ ცხენი?
რად აუქცია უსიტყვოდ გვერდი?
მიტოვებული და სევდის მგვრელი
ეს ღობე-ყორე, კარი და სვეტი,
იქნება რამე ამბავს გახსენებს?
თქვი, რა გაწუხებს და არ გასვენებს?
ბედნიერების და მყუდროების
და შეგინებულ უმანკოების
იცანი განა ძველი სავანე,
შენ რომჯ მოსპე და დაასამარე?
ადრე, ოდესღაც, დიდი ხნის წინათ
შენც ხომ მრავალჯერ მჯდარხარ აქ ლხინად
და გიყნოსია სუფრის ვარდები, '
გულგამთბარს ღვინით და ყურადღებით.
ბაღიც ხომ გახსოვს? წყაროს ჟღურტულიც?
და მოგოგმანე ნაზი ციცარიც?
შენ ის ციცარი ღამით, ქურდულად,
რომ გაიტაცე . . . გახსოვს იცანი!
ღამის ჩრდილებში ჩაფლულა სტეპი,
ცახცახებს დნეპრის ცისფერი ზოლი
და დნეპრის პირას, ქარაფებს შორის,
თვალს ატყუებენ რუსეთის მტრები.
ძილს მისცემია გულმშვიდი გმირი,
პოლტავის აღარც ახსოვს ზარალი,
მაგრამ სულ სხვაა მაზეპას ჭირი,
განუკურნელი და შემზარავი.
არ მოეკიდა არაფრით რული,
ვერ გაიყუჩა მწუხარე სული
და აი, დაფრთხა დუმილი ღამის:
ვიღაც ეძახის! ჩათვლემილს წამით
კვლავ დაურუნდა სიფხიზლე წამსვე:
წამოდგომია ვიღაცა თავზე,
ხელს უქნევს ტანაც. . . და შეკრთა უცებ,
ვით ეშაფოტზე, ცულის ქვეშ, კუნძზე.
მის წინ დგას იგი, ჩამოხეული,
თვალანთებული, ლანდად ქცეული,
თმაგაწეწილი ტრამალის ქარით,
განათებული ტანჯვით და მთვარით. . .
"თუ სიზმარია?. . . მარია. . . შენა?"
მ ა რ ი ა
ჩუმად, ძვირფასო! ისედაც ვღელავ. . .
მხოლოდ ახლახან დახუჭეს თვალი
ჩემმა მშობლებმა . . . საწყალი ქალი. . .
მ ა ზ ე პ ა
ოხ, უბედურო! ღმერთო! მარია!
ეს რა მოგსვლია, რა ამბავია?
მ ა რ ი ა
ყური დამიგდე: რა მოიგონეს!
უკეთეს ამბავს სად გაიგონებ?
ეშმაკის ფეხი! ბოროტი! ავი!
ვითომ მამაჩემს მოკვეთეს თავბი,
მაჩვენა კიდეც, მაგრამ ღმერთმანი,
მგლის თავი იყო, მგლისა! . . . ნეტავი,
რა უნდა ჩემგან, რატომ მაწვალებს?
ალბათ, იმიტომ, რომ ვანაცვალე
შენს თავს ყველანი. . . რომ არ გავიქცე
დღეს შენთან ერთად . . . რატომ მამიწებს?
რა უნდა ჩემგან?"
მაზეპას ჩუმად
ეგლიჯებოდა ხორცი და ძვალი,
მაგრამ უაზრო ფიქრებმა უმალ
კვლავ გაიტაცეს საბრალო ქალი:
"თუმცა მეც ვახლდი ზეიმზე დედას,
ის ველიც მახსოვს, ბრობცა და გვამიც. . .
შენ კი არ ჩანდი. . . რას დავძრწი ნეტავ,
რა მინდა მარტოს მინდორში ღამით?
შინ წამიყვანე, ჩქარა! წამოდი!
რა სულელი ვარ! ღმერთო, რა მომდის,
სხვას მიგამსგავსე, მოხუცო, ბნელში,
რა გინდა ჩემგან, შენ რაღას მერჩი,
გამიშვი-მეთქი, გამიშვი ხელი,
არ მომწონს შენი თვალები ბნელი
და დამცინავი. . . სხვა იყო იგი. . .
მახინჯიცა ხარ, ხოლო მის ირგვლივ
შუქი ეფინა. . . სხვა იყო იგი. . .
სიმები თრთთოდა, თბილი და ნაზი.
თოვლზე თეთრია ულვაში მისი,
შენს ულვაშზე კი შემხმარა სისხლი".
აჭყივლებული სიგიჟის შხამით,
ჯერიანივით მკვირცხლი და მარდი,
გაიქცა იგი და მისი ლანდი
უცებ ჩაყლაპა წყვდიადმა ღამის.
მოწყდა, დაიძრა წყვდიადის ზვავი,
ცაზე პირველი სხივი იცინის, '
კაზაკთა ცეცხლმაც წამოყო თავი,
ხორბალს ხარშავენ ცეცხლზე ისინი.
იშორებს ძილის საბანს ბუნება,
ჩრდილებს აფრთხობენ ცეცხლის ენები,
ხოლო დარბანტებს დასარწყულებლად
ჩაუყვანიათ დნეპრში ცხენები.
გამოეღვიძა კარლოსს: "ერიჰა!
გათენებულა მაზეპა, ჩაქარა!
რა დროს ძილია, ქვეყნის მტერი გვყავს!"
მაგრამ მაზეპას არ სძინას, არა.
სევდით გამძღარა, მტანჯველი სევდა
უხუთავს სუნთქვას, ცხენს უხმოდ კაზმავს
და მიქრის ლტოლვილ მეფესთან ერთად
და უბრჭყვიალებს თვალები მკაცრად,
მშობლიურ ქვეყნის საზღვარს რომ ხედავს.
ასი წელია მას შემდეგ, - წლებმა
ქვეშ მოიყოლეს, მოსპეს, დამარხეს
თავგანწირული ფიქრიც და ვნებაც,
ის სითამამეც და სიამაყეც.
გარდასულია თაობა მათი
და წაშლილია კვალიც და ლანდიც,
სულის ნამცეციც და სისხლის წვეთიც. . .
ყველანი მიწამ დათრგუნა ბოლოს.
პოლტავის გმირო, შენ შესძელ მხოლოდ
დიადი ძეგლის აღმართვა შენთვის.
იქ, სადაც ფრთიან წისქვილთა რიგი
მინდვრებს ჯებირად არტყია ირგვლივ
და კამეჩების ზოზინა ტბორი
ბალახობს გმირთა საფლავებს შორის, -
საბრალო ნანგრევს იხილას მხოლოდ,
დახავსებული კიბე და ორმო
კარლოსის გამქრალ დიდებას ყვება. . .
მაგრამ ამაოდ დაუწყებს ძებნას
მაზეპას საფლავს, მისი სახელი,
ბევრი ტანჯვის და ცეცხლის მნახველი,
აღარც კი ახსოვთ. მხოლოდ ტაძარი
ყოველ წელიწადს ზარით, ზანზარით
დასწყევლის ხოლმე და შეაჩვენებს.
სამაგიეროდ ბევშვიც გაჩვენებთ
ორი ტანჯულის მწუხარე საფლავს,
სათუთად მოვლილს, ხოლო მათ ამბავს
დიკანკის ძველი მუხნარი ყვება,
მისი შრიალი ქვეყანას წვდება.
მაგრამ მარია სად გაქრა, ნეტავ?
რა დააწია, საბრალოს, ელდამ?
თქმულებებს პირი შეუკრავთ თითქოს,
ხმას არ იღებენ და ვიღას ვკითხოთ?
მისი წამება და მისი ბედი
წყვდიადითაა მოცული ჩვენთვის.
და როცა სოფლად, მინდვრად თუ გზებზე,
ბრმა მეფანდურე, წვითა და დაგვით,
ამღერებს ხოლმე გეტმანის ლექსებს,
ის მარიასაც ახსენებს გაკვრით.