Litclub.ge

სიფილისი
   ბუნების ძალამ, გივი კობახიძე იმ საჩუქრით დააჯილდოვა, ყისმათს რომ ეძახიან ჩვენში. მართალია, საშუალო სკოლის დამთავრებას თორმეტი წელი მოანდომა, იმ მიზეზის გამო რომ პედ. კოლექტივმა, რომელთაც ძალიან ,,მოსწონდათ” პატარა გივიკო, გადაწყვიტეს, თუ მე-6-ე კლასის პროგრამას ორი წელი მაინც გაამეორებინებდნენ, მერე აღარ გაუჭირდებოდა სკოლის დამთავრება. არ შეცდნენ სკოლის მასწავლებლები, გივიმ სკოლა ისე დაამთავრა, თხა და გიგო ერთი პიროვნება ეგონა. მერე მშობლების ,,უმნიშვნელო” ხელის წაკვრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკონკურსო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ძალზე სწრაფად გაირბინა სტუდენტობის შვიდმა წელმა. ეხლა უკვე უმაღლესი განათლების დიპლომიან, სიმპათიურ გივის, ქალთა დიდი არჩევანი ჰქონდა. ჰოდა, გივიმაც  ამოირჩია იმხელა თანამდებობის პირის, ლათინურად ,,დი მინორეს”, (ანუ უმცროსი ღმერთი, რომელსაც უკავია მეორე ხარისხოვანი ადგილი, პირველი საქართველოში მარადცეკასპირველმდივანს ეკავა.) ქალიშვილი, რომელზედაც დაქორწინდა კიდეც.  გივის ყისმათი კი ისე ამუშავდა, როგორც ,,პერპეტუუმ-მობილე”. მალე მიხვდა გივი რომ მის ,,ყისმათ-მობილეს” ფულის გაკეთებაც შეეძლო, თანამდებობაზე დანიშვნა, ბავშვის ნებისმიერ უმაღლესში მოწყობა, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლება, ბინის მიღება, ავტო-მანქანის გამოყვანა რიგგარეშე, მოკლედ სამუშაო ბევრი ჰქონდა გივის, მაგრამ პერსპექტივისთვის და სტაჟისთვის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამსახურში დაიწყო მუშაობა, სადაც ხელფასის ასაღებად მიდიოდა თვის ბოლოს, რადგან სხვა დროს ასპირანტურაში სწავლას ანდომებდა. აბა!  ღმერთის ტოლა კაცის სიძე! მეცნიერებათა ხარისხის გარეშე ნამდვილად არ ივარგებდა. ახლადდაქორწინებულებს ბინა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში გაუკეთეს. პირველი შვილიც იქ შეეძინათ ბედნიერ წყვილს. ,,პერპეტუუმ-მობილემ” უკვე იმხელა თანხა მოუგროვა გივის, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებშიც დაიწყო სიარული. ერთ დღეს ასპირანტურაში სწავლით ,,გადაღლილმა” გადაწყვიტა, ორგანიზმს გაკაჟება სჭირდება და მასაჟი უნდა გავიკეთოო კვირაში სამჯერ, უთხრა მეუღლეს.
- გივი, მერე კუს ტბაზე ირბინე, ან ვაკის ,,ბასეინზე” იარე. - ურჩია ცოლმა.
- მზია, სწორი ხარ შენ მაგრამ ხომ იცი რამდენ მთხოვნელს გადაეყრები ხალმხრავალ ადგილებში, ყველას ვერ დაეხმარები და დაიწყებენ მერე არ მოგვეხმარა, არ გვიკადრა და რა ვიცი რამდენ სისულელეებს. ვუფრთხილდები მამაშენის პრესტიჟს - უთხრა სიმამრის პრესტიჟის დამცველმა. 
- კი გივიკო, მაგრამ კვირაში სამჯერ ბევრი არ არის მასაჟის გაკეთება?
- არა მზია! რა ბევრია! ძლივს გამომინახეს სპორტკომიტეტიდან ნაკრების ყველაზე მაგარი მასაჟისტი, ისეა დაკავებული, სპორტკომიტეტის თავმჯდომარე რომ არა, მაგასთან ვერ მოვხვდებოდი. ჰო! მართლა, მასაჟისტის თანაშემწე ქალი წინასწარ დარეკავს ჩვენთან სახლში და თავისუფალ დროს გვეტყვის, მე თუ სახლში არ ვიქენი შენ ჩაიწერე. - დაარიგა მეუღლე.
- კი, მაგრამ მასაჟისტს თანაშემწე ქალიც ჰყავს?- დაინტერესდა მზია.
- გოგო! ეგ მასაჟისტი სპორტული ექიმია და ექიმებს ექთნები არ ჰყავთ? 
          
  სინამდვილეში კი, ეს სპორტული მასაჟისტის თანაშემწე ექთანი ქალი ,,მამაშა” იყო, ვინც ამარაგებდა გივის საქართველოში ,,საგასტროლოდ” ჩამოსული, ძირითადად რუსული ეროვნების მსუბუქი ყოფაქცევის ქალბეტონებით, რომელიც გივისთან სახლში დარეკავდა, მერე დროზე შეუთანხმდებოდა და.. მიდიოდა გივი მასაჟის გასაკეთებლად მხარზე სპორტულ ჩანთა გადაკიდებული. ხშირედ მზია ეუბნებოდა, რომ მასაჟის კაბინეტიდან დაგირეკეს გივიკო და ამა და ამ დროს იქ უნდა იყოო, ეხმარებოდა მეუღლე გივის სპორტული ფორმის შენარჩუნებაში. თავდაუზოგავად იკეთებდა გივი მასაჟს.            ხანდახან ისეც ხდებოდა რომ დავიღალე, აღარ შემიძლია, ან მეზარებაო იტყოდა მაგრამ მზიას დაჟინებული თხოვნით, (უნდოდა რომ მათი ცნობილი ოჯახის სიძე სპორტულ ფორმაში ყოფილიყო,) ძალით გააგდებინებდა თავს მზიას ხელით ჩაწყობილი სპორტული ჩანთით მასაჟზე. 
    აწყობილი ჰქონდა გივი კობახიძეს ცხოვრება, თუ სახლში, თუ გარეთ, მეტ უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი.
  ერთ მშვენიერ დღეს, არა! სულ არ იყო მშვენიერი, ჩვეულებრივი დღე იყო, როგორც წესი მასაჟის კაბინეტში დაიბარა ჩვენი გივი ,,ექთანმა” ქალმა და იქ ქალაქ ლენინგრადიდან ჩამოსული ცხრამეტი წლის ისეთი რუსის გოგო დაახვედრა ,,ექთანმომმარაგებელმა”, ენა რომ ჩაგივარდებოდა კაცს.
  - ეს, ჩემო გივი, შენთვის შევინახე, გუშინ ღამე ჩამოფრინდა და ჯერ თბილისში არც ერთ კაცს არ უნახავს, ქართველთკაცთუნახავია, - თქვა სიამაყით გამოსამზეურებელ ქვეშაგებელზე. (მერე როგორი ქვეშსსაგებელი იყო!) გივიმ გოგოს შეხედა და პირი დარჩა ღია, ვეღარ მუწავდა. ცისფერთვალება, ბუნებრივი ქერა თმებით, ფეხები გლანდებიდან ეწყებოდა, მკერდი კარალიოკივით მკვრივი, საჯდომი ჰქონდა ისეთი, სათხილამურო ,,ტრამპლინი” გეგონებოდა, კანი დელფინივით გასრიალებული, სიმაღლე ალბათ 1,75სმ, მოკლედ, უთქმელად მიხვდებოდი, მარტო ,,მასაჟისთვის” რომ იყო გაჩენილი. Gგივის გოგოს შემხედვარე თმებიც კი აუდგა...                      – ვახ! შენ არ იყო რუსი და შენ არ იყო ბოზი და მამაშენი იყოს თანამდებობის პირი! - გაიფიქრა გივიმ.
  - რა ღირს? - როგორც იქნა ჩუმად თქვა გივიმ, ისე რომ რუსის გოგოს არ გაეგო ვითომ.
  - შენთვის ჩემო გივიკო, 200 მანეთი! - უთხრა ,,ექთან” გამყიდველმა, რომელიც ნამდვილად ერკვეოდა უმაღლესი ხარისხის ქვეშსაგებელში. 
  - მე რომ სულ ასს ვიხდიდი?- შეევაჭრა გივი.
  - გივი, მომისმინე! ეხლა გადავრეკავ და... ,,MBD”-ს ბიჭები, ხუთას მანეთს ერთ საათში გადაიხდიან ულაპარაკოდ, შეიძლება დახოცონ ერთმანეთი ასეთი ქალის გულისათვის. არა! ამ ქალის ხელიდან გაშვება, თავის უპატივცემულობას ნიშნავდა, იფიქრა გივიმ.
  - კარგი, მოვილაპარაკეთ, - უთხრა გივიმ, რომელმაც დახოცვას გადაარჩინა ,,MBD”-ს თანამშრომლები.
  მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
    მერე ,,ექთანმა” გივი გოგოსთან დატოვა მთელი საღამო სიმამრის პატივისცემით, თორემ როგორც წესი, ერთი საათი ოყო გამოყოფილი “მასაჟისთვის”.
  გოგო გივის გაეცნო, Наташа  Огородова, - უთხრა ქართველთკაცთუნახავმა ნატაშამ. ოგოროდოვა, ეს  ხომ ბოსტანაშვილია! გადათარგმნა გივიმ. ის იყო პირველი ბედნიერი ქართველი, რომელსაც ნატაშას ბოსტანში, დაუკრეფავშიც და დაკრეფილშიც შეეძლო გადასვლა. ორი კვირა, თავაუღებელი და ყბაგაუჩერებელი ძოვდა გივი ნატაშას ბოსტანში. 
  ერთ დღეს როგორც წესი,მასაჟის კაბინეტიდან დაურეკეს გივის.
-    გივი, მასაჟის კაბინეტიდან გირეკავენ უპასუხე,უთხრა მეუღლემ    
- დიახ, გისმენთ! - უპასუხა გივიმ. - გივი,სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდე! – უთხრა მასაჟისტის თანაშემწე “ექთანმა” და ყურმილი დაკიდა.
- მზია! სპორტული ჩანთა ჩამილაგე! - გასძახა გივიმ.
-გივიკო გუშინ არ იყავი მასაჟზე? შეახსენა მზიამ
- ჰო, მაგრამ  ნაკრებს მიჰყავს მასაჟისტი სამი დღით ,,ზბორებზე” და კურსი არ უნდა გამიწყდეს. - უპასუხა კურსსარგასაწყვეტმა გივიმ.  მასაჟის კაბინეტში აფორიაქებული ,,ექთანი’’ დახვდა.
- ნატაშა სად არის? იკითხა გივიმ.
-გივი, იცი რა მინდა გკითხო? შენ ნატაშასთან რეზინას ხმარობდი?
- რატომ, დენს დამარტყამდა?-იხუმრა გივიმ.
-გივი მიპასუხე, ხმარობდი თუ არა! _ გაუმეორა ,,ექთანმა’’.
-არა, მაგრამ რატომ მეკითხები? – ნირწამხდარი, ავი ამბის მოლოდინით შეეკითხა გივი.
- რა და ნატაშამ დამირეკა ვენ-დისპანსერიდან, მილიციას მიუყვანია გამოკვლევაზე, სიფილისზე აქვთ მგონი ეჭვი. შენი გამკვირვებია! ეს როგორ მოგივიდა! -არგუმენტირებულად იმართლა თავი ,,მამაშამ’’.
- ამ ამბის მომსმენ გივის, სახეზე ისეთმა ფერმა გადაჰკრა, ბუნებაში რომ არ არსებობს, ისე კი ეხლა ნამდვილად სჭირდებოდა ლოყებზე მასაჟი და ცხვირში ნიშადური.
      
  ელვისებურად ამუშავდა თავში მოსალოდნელი უბედურობების კორიანტელი: ჯერ როგორ გინდა ცოლს აუხსნა, მერე მზიას მამა გაიგებს, მერე  ოჯახი  დაინგრევა, მერე მთელი თბილისი გაიგებს, მერე აუუ.... მერე იყო ყველაზე დიდი აუუუ... მზია მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ და გივი ნატაშას ბოსტნიდან მოსული სახლშიც ასრულებდა საშინაო დავალებას, მერე მამამისის ერთი სიტყვაა საჭირო და... აუუ ყმუოდა გივი. ერთ წამში გააჩერა ძრავა გივის ,,პერპეტუუმ-მობილემ’’, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მექანიკის კანონებს მაგრამ არა გივისთვის  და ჯოჯოხეთის სიბნელეში ამოაყოფინა თავი. ოღონდ ეს არა და, რა მერე და....მზიას მამის გარდა არ იცოდა არავინ. 
    
  - გივი! გივი! გამოფხიზლდი - აბრუნებდა ,,მედდა’’ ჯოჯოხეთიდან. -
  ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, ეგ დაავადება იკურნება, რა  მოგივიდა კაცი არა ხარ? - ამხნევაბდა  ,,ექთანი ‘’ თავგამოტირებულ, არა! თავგამოყმუებულ გივის.
  
  - ჰო, ჰო, - მობრუნდა ჯოჯოხეთის ნახვით გამოჯოჯოხეთებული.
  _ ლენინს და რა ვიცი კიდევ ვის არ ჰქონია სიფილისი. - დააიმედა ,,ექთანმა’.’
  _ მერე ლენინს რო ჰქონდა, იძახდა კიდეც ,,პეტუხი’’ ვარო და მამალივით ყიოდა მაგრამ ლენინი იყო მაინც და მე რა?! ყივილიც  რომ დავიწყო, ლენინი ხომ ვერ გავხდები? გივი ვიქნები!                                                -              - გივი კი იქნები მაგრამ, ვენ-დისპანსერში ვინმე სანდო ექიმი რომ გენახა. – დააკვალიანა “ექთანმა”
  ოჰ  ექიმის გარეშე ეს საქმე, მტრისას ისე დამთავრდება, - თქვა და კარებისკენ წავიდა, მერე რაღაც გაახსენდა უცებ, მობრუნდა და... - ხომ იცი ეს ამბავი რომ გახმაურდეს!!!...
  - რას ამბობ გივიკო, ხომ შემელახა მერე ავტორიტეტი! - გაუფრთხილდა მის სახელს ,,ექთანი”.
  - შელახვა, გალახვა და.... არ აგვცდება ორივეს! - აღარ დაამთავრა მისახვედრი სიტყვა გივიმ.
    გზაში არქიმედეს ,,ევრიკა”-სავით იყვირა აზრმა თავში, გლდანის რაიონის პოლიკლინიკაში მუშაობდა მისი ნაცნობი ვენეროლოგი - მურთაზ კუტუბიძე. მურთაზი შეიძლება ყოფილიყო მისი ერთადერთი მხსნელი, ქალაქის ცენტრალურ რაიონებში მისი ვენეროლოგთან მისვლა, ზემოთ აღნიშნული შედეგებით დამთავრდებოდა, გლდანში კი ვის უნდა ეცნო. Gგლდანის რაიონში ერთი საათის ძებნის შემდეგ აღმოაჩინა პოლიკლინიკა, მერე შესასვლელში მურთაზი ექიმი იკითხა და მის ბედზე ვენეროლოგი კუტუბიძე ადგილზე დახვდა. პოლიკლინიკის პირველ სართულზე, კარიდორის ბოლოში, ტუალეტის მოპირდაპირე მხარეს იყო ექიმ-ვენეროლოგის კაბინეტი. ოთახში ტახტზე დაწოლილ პაციენტს მურთაზი ექიმი ნემსს უკეთებდა კუნთში,  – ვაა, ვინც მოსულა გაუმარჯოს! - თქვა მურთაზი ექიმმა და პროფესიული "ვენკონსპირაციიდან" გამომდინარე, სახელი არ დაუძახა.  
გივი ოთახში შევიდა, ექიმს ხელი ჩამოართვა და მურთაზის მაგიდის პირდაპირ, სკამზე დაჯდა. ექიმმა სითხიანი კოლბა ხელში აიღო, რაღაც მიაწერა, მერე გივის მოუბოდიშა – მე ორ წუთში მოვალო და ოთახიდან გავიდა. ნემსგაკეთებული პაციენტი, რომელიც უკვე ტახტზე იჯდა, გივის გამოელაპარაკა.
  - ,,ტრიპერი” გაქვს ძმაო? - ისე რომ გივის პასუხს არ დაელოდა თვითონვე თქვა,        -იცი, რა მაგარი ექიმია მურთაზი? ,,უჟე” მე-7-ჯერ მირჩენს ,,ტრიპერს”.
- ეჰ, ნეტავი ,,ტრიპერზე” ვიყო მოსული. - ინატრა გივიმ ,,ტრიპერი” ფიქრებში.
  მერე ოთახში ვიღაცა კაცმა თავი შემოჰყო და იკითხა:
  -ნარგიზა ექთანი რომელია? -გაოცებულები უყურებდნენ ოთახში მარტო მჯდომი გივი და ,,ტრიპერიანი” კაცი ერთმანეთს.
  ოთახში თავშემოყოფილი მიხვდა რომ ამ ორი კაციდან ნარგიზა ექთანი არც ერთი არ იყო და თავი უკანვე გაჰყო.
  - ეს ,,ვერლავეს” იყო! - თქვა შვიდგზის ,,ტრიპეროსანმა”.
  მურთაზი მალე დაბრუნდა და რაღაც ანალიზის პასუხი მოიტანა.
  - კაცო! არ მოგბეზრდა ამდენი ნემსების კეთება? იხმარე ,,განდონი” და შენც დაისვენებ და მეც! - დაარიგა ექიმმა. ,,ტრიპერიანმა” კაცმა, მურთაზი ექიმს ჯიბეში რაღაც ჩაუდო და ორთავეს გამოემშვიდობა. მურთაზი ექიმმა კარები ჩაკეტა, მერე მაგიდას მიუჯდა და გივის ჰკითხა:
  - ყურადღებით გისმენ გივი! მითხარი რაშია საქმე და მე რით შემიძლია დაგეხმარო. გივიმ აღსარება ჩააბარა მის ერთადერთ იმედს. 
  - მდაა... თქვა მურთაზიმ. [ერარე ჰუმანუმ ესტ] შეცდომა ადამიანის თვისებაა. - გადათარგმნა თვითონვე ლათინურიდან.
  - მერე რომ შევცდი ახლა რა ვქნა მურთაზ,  მოვკვდი კაცი, რა ეშველება ამ საქმეს?- იკითხა გივიმ. 
  მურთაზი ექიმმა ღრმად ჩაფიქრებული სახით ისევ ლათინურად თქვა: - [პერიკულემ ინ მორა]
  - ე, ბიჭო მითხარი რამე ქართულად, გასკდა გული! - უთხრა გივიმ.
  - საშიშროება დაყოვნებაშია! - ისევ გადათარგმნა ლათინურის მცოდნე გლდანის პოლიკლინიკის ექიმმა მურთაზ კუტუბიძემ.
  - ჰოდა, ჩემო მურთაზ, სანამ უშიშროება არ ჩაერევა ამ საშიშროებეში, აღარ დავაყოვნოთ თუ შეიძლება - შეეხვეწა გივი.
  - ნუ გეშინია გივი, ექიმთან შენი უკანასკნელი თავშესაფარია! - თქვა და ეხლა ქართულიდან ლათინურზე გადათარგმნა [ულტიმუმ რეფუგიუმ].
  - თავშესაფარი რა, კაცი კი არ მომიკლავს, ქალი... -უნდოდა ეთქვა  მაგრამ, ისე რამე თუ არ მოვიფიქრეთ, შეიძლება დამჭირდეს კიდეც თავშესაფარი.
  - გივი, უნდა ვიმკურნალოთ. - დაასკვნა ბოლოს მურთაზი ექიმმა.
  - მერე როგორ ვიმკურნალოთ ისე რომ ცოლმა ვერ გაიგოს? - იკითხა გივიმ.
  - ეგ არაფრით არ გამოვა, იმიტომ რომ მართალია შენ პირველი სტადია შეიძლება გქონდეს მაგრამ თვენახევარი მინიმუმ ყოველ ოთხ საათში დაგჭირდება ნემსის გაკეთება.
  - ეს რამდენი ნემსი გამოვა? - იკითხა ქვეშმიწერით გამრავლების მცოდნე გივიმ.
  - რამდენი და ექვსი ნემსი გამრავლებული ორმოცდახუთ დღეზე იქნება ორასსამოცდაათი ნემსი.  უპასუხა ზეპირად გამრავლების მცოდნე კუტუბიძემ.
  - ცოლს ხომ შეიძლება არ ჰქონდეს? იკითხა ხავსჩაკიდებულმა გივიმ.
  - არა! გამორიცხულია, ხომ გითხარი სამედიცინო პრაქტიკაში ეგეთი რამ არ არსებობს, ხელი გააშვებინა მურთაზი ექიმმა გივის ხავსზე.
  - რა ტყუილი შეიძლება მოუგონო მზიას ისეთი რომ ორასსამოცდაათი ნემსი გავაკეთებინო. მე ხუთჯერ ორასსამოცდაათს გავიკეთებ, მაგრამ მზიას რა ვუყო. თქვა ჯოჯოხეთის კუპრში ჩავარდნილმა.
  - გივი იცი რა ვქნათ? ვენ-დისპანსერში წავიდეთ და დავადგინოთ იმ შენ ნატაშა ოგოროდოვას ანალიზები. ამის გამგონე გივიმ უკვე ისე მოუჭირა ხელგაშვებულ ხავსს ხელი, ნაჯახით თუ მოჭრიდი თორემ ვეღარ გააშვებინებდი.
  - ეხლავე წავიდეთ, თითქმის იყვირა გივიმ. ცოტა ხანში უკვე მანქანაში იჯდნენ და ქალაქის კანის და ვენ-სნეულებათა დისპანსერში მიდიოდნენ, სადაც საბჭოთა მილიციას მიჰყავდა გარყვნილობაში შემჩნეული ქალბატონები გამოსაკვლევად და თუ დაუმტკიცდებოდათ რაიმე ვენ-დაავადება, ერთიდან სამ წლამდე აგზავნიდნენ იძულებით სამკურნალოდ კარგად ,,შემოღობილში”.
დისპანსერში მურთაზიმ მისი ნაცნობი ექიმი მოიკითხა, რომელსაც ნატაშა ოგოროდოვა პალატიდან ისე  გამოაყვანინა, გივი რომ არ დაენახა. კი  ნამდვილად ის იყო ცისფერთვალება, ქერათმიანი, ტრამპლინის საჯდომით, ოღონდ ისე ვაღარ გამოიყურებოდა ვენ-დისპანსერის ნაცრისფერ ხალათში. მერე ნატაშას ანალიზებზე შეეკითხა კოლეგას. - რა დაუდგინდა? - ვფიქრობთ სიფილისი უნდა იყოსო. - უთხრა ექიმმა.
    ეხლა კი ხავსჩაკიდებული ხელიც მოჭრეს გივის. ხელკავით გამოიყვანა მურთაზი ექიმმა გივი ვენ-სნეულებათა დისპანსერიდან. მანქანაში ჩასხდნენ დაა... 
    - გივი, გივი გამახსენდა! - თქვა მურთაზიმ, არის ერთი პრეპარატი, რომელიც ორასსამოცდაათ ნემსს შეცვლის სამი ნემსით.
    - რა, რა რა თქვი? - ახალი ხელი ამოუვიდა მოჭრილ ადგილზე გივის.
    - ჰო, არის ახალი წამალი ,,პენიცილინ – G” ფრანგული ოღონდ რესპუბლიკაში არ იქნება ჯერ.
    - აბა სად იქნება?
    - სად და პარიზში, [ამიკუს!] - ისევ ლათინურად თქვა მურთაზმა.
    - ებრაელებს არ ექნებათ? - იკითხა გივიმ და ახალი ამოსული ხელი ხავსისკენ გაიშვირა ისევ.
    - არა მგონია, სულ სამი თვის გამოსულია, მაგრამ ვიკითხოთ მაინც თქვა ექიმმა. სასწრაფოდ მივარდნენ სინაგოგასთან, სადაც ებრაელებს მოეყარათ თავი. მანქანიდან გადმოსულებს შემწვარი კუპატივით გასკდომამდე მისული კაცი მიუახლოვდა და შეეკითხა:
    - რას ეძებთ დაგენაცვლე?
    - ,,პენიცილინ-G” გვინდა. - უთხრა ექიმმა.
    - ჰოო, ნამეტანი ძვირიანი წამალია დაგენაცვლე.
    - კაცო, შენ წამალი გვაშოვინე და ძვირს ნუ დაეძებ. - უთხრა გივიმ. ებრაელმა ორივე კარგად დაათვალიერა და ... მე არ მაქვს მაგ წამალიო... 
    - შენ  გვითხარი ვისაც აქვს და პატივისცემა ჩემზე იყოსო. - თქვა გივიმ.
ებრაელი დაფიქრდა და... – შალიკოს ბონდოს ბორიას ექნებაო - თქვა.
    - ეს როგორ, წამალი ჯერ თითქმის საფრანგეთში არ გამოსულა და თქვენ საიდან გაქვთ? - იკითხა გაოცებულმა ექიმმა.
    - დაგენაცვლე, საიდან გვაქვს რაში გაინტერესებს? თუ გამოვიდა და აფთიაქშიც გაყიდეს ჩვენთან ვიღა მოვა მერე?!
    ეს ლოგიკა აღარ იყო! უფრო მეტი იყო!
-    ისე თუ იცი პატივცემულო მაყუთი რას შვება? - შეეკითხა კუპატივით ებრაელი ექიმს.
-    რას? - იკითხა მურთაზიმ.
-    რას და გიტლერის მუზიკანტებს “სემ სოროკ” აკრეინებდა და ჩვენ წამალ ვერ გვაშოვინებდა? -ეს კი უკვე იმ უფრო მეტზე მეტი იყო, ლოგოკაზე მეტი რომ იყო!

-    ისე რა ღირს ეგ ძვირიანი წამალი? - შეეკითხა ექიმი.
-    რა და... ერთი ამპულა ხუთასი მანეთი. - თქვა ,,გიტლერის მუზიკანტების ზაკაზშიკმა”.
-    ჩვენ ექვსი ამპულა გვინდა. - უთხრა ექიმმა კუტუბიძემ.
-    ექვსს სამი ათასი მანეთი უნდა! - გადაამრავლა ებრაელმა.
სამი ათასი მანეთი რომ მქონდეს ხო ავაშენებდი სოფელში სახლს. - გაიფიქრა მურთაზიმ.
-    ეხლავე მოგვცემ? - შეეკითხა გივი, რომელმაც თითქმის დაქოქა გამორთული ,,პერპერტუუმ-მობილეს” ძრავი.
-    ეხლა არა, ხვალ მობრძანდით და მოგართმევთ. - უთხრა წინდახედულმა ებრაელმა.
-    მერე ხვალ ვინ ვიკითხოთ? - შეეკითხა გივი.
-    მოშე კუპატა იკითხეთ, აქ თუ არ ვიდგები მომძებნიან. -უპასუხა მოშემ. ტუჩებში უნდოდა გივის მოშე კუპატას კოცნა მაგრამ იფიქრა ავადმყოფობა არ გადავდოო და გადაიფიქრა, სამაგიეროდ ორივე ხელი ჩამოართვა და ისე დაემშვიდობა. აუყვნენ ლესელიძის ქუჩას, გივიმ მანქანა გენერალ ლესელიძის ბაღთან გააჩერა.
-    მურთაზ, თუ ეს საქმე ბოლომდე კარგად დავამთავრეთ, კაცი არ ვიყო პოლიკლინიკის მთავარ ექიმობას გავაკეთებინებ ჩემს სიმამრს შენთვის. (კი ეკუთვნოდა კუტუბიძეს მთავარი ექიმობა, რავა არ ჟღერდა თუ რა, პოლიკლინიკის მთავარი ექიმი მურთაზ კუტუბიძე.)
-    ეხლა რა ვქნათ, მზიას როგორ გავუკეთოთ ნემსი?
-    კუტუბიძე ცოტა ხანი ჩაფიქრდა და... აზრი მოუვიდა თავში თითქმის პოლიკლინიკის მთავარ ექიმს. სასწრაფო დახმარების მანქანა დავიქირავოთ და ვაქცინაცია ჩავატარებინოთ შენს სახლში.
-    მერე ექიმი და მედდა სად ვნახოთ? - იკითხა გივიმ.
-    ხო გაიგონე რა გვითხრა მოშე კუპატამ, მაყუთი რას შვებაო, ვიქირაოთ ექიმი თავისი მედდით და სადარბაზოს ყველა მაცხოვრებელს გაუკეთებთ გამოხდილ წყალს, შენ და მზიას კი ,,პენიცილინ-G”-ს.
არა, კუტუბიძე უფრო მეტ თანამდებობას იმსახურებდა. - გაიფიქრა გივიმ.
-მერე რომ იკითხონ  მეზობლებმა ვაქცინაციას რომელი სამედიცინო დაწესებულება ატარებსო, რა უნდა უთხრან? -ბოლომდე უნდოდა საკითხის შესწავლა გივის.
    - რომელი და თქვენი რაიონის პოლიკლინიკა ატარებსო ეტყვიან. - მოკლედ რას შვება თანამდებობა! ყველაფერზე პასუხი აქვს პოლიკლინიკის მთავარ ექიმ კუტუბიძეს!



-    მურთაზ, ჩემი კარის მეზობლის ცოლი მუშაობს ჩვენი რაიონის პოლიკლინიკაში და იმას რა ვუყოთ? - ჩაჭრა გივიმ მურთაზი.
-    რა და როდესაც მორიგეობის დღე ექნება, მაშინ მოვა სასწრაფო მანქანა  დილით, საღამოს და მეორე დღეს ისევ დილით, სანამ შენი მეზობელი დაბრუნდება პოლიკლინიკიდან. –არა! ეს მურთაზ კუტუბიძე კი არა შტირლიცია ნამდვილად, იფიქრა გივიმ.
  - რა ვაქცინას გვიკეთებთო, რომ იკითხონ მეზობლებმა? - საბავშვო შეკითხვა მისცა გივიმ ,,შტირლიცს”. 
  - რას და სტაფილოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინასო. - უპასუხა ,,გესტაპოს” დაკითხვებში გამოწვრთნილმა ,,შტირლიცმა”.
  - გივიმ კუტუბიძე მის რეზიდენციაში მიაბრძანა. რეზიდენციასთან მისულმა ,,შტირლიცმა” ხვალინდელი დღის სამოქმედო გეგმა დასახა, გეგმა იყო ასეთი:
  I- მოშე კუპატასთან წამლის ყიდვა (3 000 მანეთი)
    II – სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის და მედპერსონალის დაქირავება. (მძღოლს-100 მან. ექთანს-100მან. ექიმს-200მან. სულ 400მანეთი). ჯამი: 3400 მანეთი.
    გეგმა ისეთი პროფესიონალის შემუშავებული იყო რომ ხელისმოწერას და ანგარიშის შემოწმებას აღარ საჭიროებდა, კონსპორაციულობის და ნდობის მაღალი ხარისხის გამო. ამ გეგმის ფინანსური მხარე გივის ევალებოდა რა თქმა უნდა, ხოლო სასწრაფო დახმარების მანქანის მედ-პერსონალის პოვნას კუტუბიძე იღებდა თავის თავზე. დაემშვიდობნენ ერთმანეთს. გივიმ ერთ-ერთი რაიონის ,,ОБХС”-ის უფროსი ნახა, რომლის უფროსობა სიმამრს გააკეთებინა და ათას ხუთასი მანეთი სთხოვა, უფროსმა ულაპარაკოდ სეიფიდან ფული გამოიღო და მისცა. მერე, რესტორნების ტრესტის მმართველის მოადგილეს ესტუმრა, იმას კი ორი ათასი მანეთი გამოართვა.  სულ 3500 მანეთი შეაგროვა. გეგმას 100 მანეთით გადააჭარბა, რომელიც სხვადასხვა ხარჯებისათვის გამოადგებოდა. ოპერატიულად მოქმედებდა გივი ,,შტანდარტერფიურერ” შტირლიცის გეგმის მიხედვით.
    სახლში მისულმა, ისე რომ მზიას არ დაენახა, სამედიცინო ენციკლოპედიას გადაავლო თვალი და იქ აღმოაჩინა რომ ვიღაც იტალიელი ექიმი, გვარად ფრაკასტოროს პოემის გმირი ყოფილა მეცხვარე სახელად სიფილისი, (ანუ ფრანგული დაავადება).
    -ოხ, შენი მეცხვარე დედა და ზევიდან კიდევ შენი ფრაკასტორო დედა! - შეიგინა გივიმ ვითომ რომელიმეს ბრალი იყო. -ფრანგული დაავადება რო წერია, ალბათ, იმიტომ შველის ფრანგული ,,პენიცილინ –G”. - დაასკვნა ბოლოს, მერე იქ სურათები ნახა, სიფილისით დაავადებულთა, ფურცელზე ხელის მოკიდების რომ შეგეშინდება  არ გადამედოსო. ღამე თეთრად გაათენა. არა! რა თეთრად, შავად გაათენა!
    დილით ადრე ასპირანტურაში უნდა წავიდე, სამეცნიერო თემის ხელმძღვანელი უნდა ვნახოო, უთხრა მზიას და გავარდა სამეცნიერო თემის ხელმძღვანელ მოშე კუპატასთან. მერე მურთაზ კუტუბიძესთან მიირბინა სახლში. (კუტუბიძე ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა წიგნებთან ერთად, ალბათ, კონსპირაციისთვის, აბა რათ უნდოდა ამდენი წიგნები!!!) და მოახსენა რომ დავალება გეგმის მიხედვით სრულდებოდა. არც  კუტუბიძე ყოფილა უსაქმოდ, მასაც პირადად უნახავს სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი და მედპერსონალიც.
-    გივი, გაარკვიე როდის მორიგეობს შენი მეზობელი პოლიკლინიკაში? - ჰკითხა გეგმის ავტორმა.
-    კი, გავარკვიე, დღეს დილის 10-დან არის მორიგე. -მოახსენა გივიმ. პარასკევობით, დღეს კი პარასკევი იყო,  ნაილი ბარდაველიძის ქმარი, ვახტანგი, ისე თვრებოდა ცოლის მორიგეობის დღეს რომ პატრონს ვერ ცნობდა, მერე კი ფხიზელი ხვდებოდა შაბათს დილით 10სთ-ზე მოსულ ნაილის. კვირაში ერთხელ შეეძლო დათრობა იმ უბედურს, სხვა დღეებში არ აძლევდა უფლებას ცოლი. კუტუბიძემ საათს დახედა, ცხრის ნახევარიაო თქვა.
-    მოვასწრებთ ყველაფერს გივი.
-    შენ წამალი და 400 მანეთი დამიტოვე და სახლში წადი. ჰო, მართლა! კიდევ ერთი დეტალი.
-    რა დეტალი? - შეეკითხა გივი.
-    სადარბაზოში შემავალი ყველა ტელეფონის ხაზი უნდა გადაჭრა, პოლიკლინიკაში რომ არ დარეკონ მეზობლებმა და ქორურგიული დანა ანუ ,,ლანცეტი” მიაწოდა.
-    მურთაზ, შენ საბჭოთა კავშირის უშიშროების უფროსად უნდა მუშაობდე. - უთხრა კუტუს ექიმ კუტუბიძეს გივიმ. ,,ლანცეტი” გამოართვა და წამოვიდა გენიალური გეგმის ბოლო დეტალის შესასრულებლად.
სადარბაზოში შემოსულმა მზვერავივით იმოქმედა და სატელეფონო ხაზები ისე სუფთად გადაჭრა ,,ლანცეტით”, ტელეფონის ხელოსანი ორი დღე ვერ მიაგნებდა ხაზის დაზიანებას.
    მერე სახლში შესულმა დაბადების დღე მიულოცა მზიას.
-    გივი, არ იცი ჩემი დაბადების დღე როდის არის? - ნაწყენი ტონით უთხრა მზიამ.
-    როგორ არ ვიცი სიცოცხლე, მაგრამ დღესაც შენი დაბადების დღე ყოფილა, -უპასუხა გივიმ.
-    ეგ როგორ, წელიწადში ორჯერ? 
-    როგორ და სახლში რომ მოვდიოდი ჩემს შორებელ ნათესავს შევხვდი და მანქანით მივიყვანე ქაშუეთის ეკლესიასთან.
-    მერე ეგ რა შუაშია? ვერ გაერკვა მზია.
  - იმ შუაშია რომ ეს ჩემი ნათესავი კაცი ლექციებს კითხულობს სასულიერო სემინარიაში და იმან მითხრა დღეს მზიაობააო და მიულოცე ჩემგანო.
  - მართლა? - გაუხარდა მზიას. - არ ვიცოდი. მერე რა ვქნათ მზიაობაზე? - იკითხა წელიწადში თურმე ორჯერ დაბადების დღის იუბილარმა.
  - რა და დღეს არაფრის გაკეთება არ შეიძლება, საქმის, ყოველ შემთხვევაში. -აუხსნა გივიმ. -არც ჭურჭლის გარეცხვა, არც სარეცხის, არც დაბანა და არც სადმე წასვლაო დააგვირგვინა ბოლოში.
  - სამსახურშიც არა? - ვერ გაერკვა მზია.
  - მზიკო, სამსახურში ხომ მუშაობ და საქმეს აკეთებ, არაფრის გაკეთებაო, გაიგე?- დაუსვა წერტილი გივიმ.
  - მაშინ რა ვქნათ? - შეეკითხა უსაქმურად დარჩენილი იუბილარი.
  - სანთელი მოიტანე, ავანთოთ და ჩაიფიქრე სურვილი.
მზიამ პოლონეთიდან ჩამოტანილი ბანანის დეკორატიული სანთელი გამოიტანა საძინებლიდან, შემდეგ სანთელი აანთო და ბანანის სუნი დააყენა ოთახში.
გივი კი ფანჯარასთან მისული აკვირდებოდა როგორ მიდიოდა პოლიკლინიკაში ნაილი ბარდაველიძე. მერე კი ჯიბიდან ზეგეგემითი ხვლიკისფერი ასმანეთიანი ამოიღო, მზიას მისცა დაბადების დღის აღსანიშნავად და მზიაც და საქმეც ბოლომდე ამოკერა. 
    სადარბაზოს, ზუსტად ათ საათზე სასწრაფო დახმარების მანქანა მიადგა, საიდანაც, სათვალეებიანი (დამაჯერებლობისათვის და აგრეთვე ვერცნობისთვის) ექიმი გადმოვიდა, რომელსაც ექთანი მიჰყვებოდა ხელში დიდი სამედიცინო ჩემოდნით და სადარბაზოში შევიდნენ.  იწყებოდა ,,შტირლიცის”, რომლის გვარს დიდხანს მალავდა საბჭოთა უშიშროება და კუტუბიძე ყოფილა სინამდვილეში, ბრწყინვალე გეგმის ფინალური ეტაპი.  პირველი სართულიდან დაიწყეს. ,,წამალს” უკეთებდნენ ყველას, ვინც კი თექვსმეტი წლის ასაკს იყო გადაცილებული, ვინაიდან თბილისის პარტიის ქალაქკომის ბიუროს გადაწყვეტილებით, ანტისტაფილოკოკური ვაქცინაცია უნდა ჩატარებოდა იმ ასაკის მოსახლეობას, რომლებსაც შესაძლებელი იყო რომ სექსუალური ცხოვრება ჰქონოდათ. რა თქმა უნდა, სექსუალურ ასაკს გადაცილებულებს არ უკეთებდნენ.
  ვაქცინაციის ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ეცნობებოდა სამუშაო ადგილის ხელმძღვანელობას და თბილისის პარტიის ქალაქკომს.
  მე-4-ე სართულზე ამბავი ატყდა... სამოცდაათ წელს გადაცილებულმა ბაბუა კაცმა  თავისი ნებით ითხოვა ნემსის გაკეთება.
    - შე გათახსირებულო! შე ქუჩის კაცო! - ისმოდა სამოცდახუთი წლის ბებიის ყვირილი.
    - ზარი დაირეკა. მზიამ კარები გამოაღო, ოთახში ექიმი და ექთანი შემოვიდნენ.
    - რაშია საქმე? - შეეკითხა მზია.
    - ქალბატონო, ჩვენ ანტისტაფილოკოკურ ვაქცინაციას ვატარებთ და ...  - წაუკითხა ლექცია ექიმმა მზიას, თუ როგორი აუცილებელი იყო პარტიის ქალაქკომის დადგენილების, სამი ნემსით შესრულება.
    - მზია, ვინ არის? - გასძახა ტელევიზორთან მჯდომმა გივიმ.
    - გივი, ვაქცინაცია კეთდება, - და წაკითხული ლექცია გაუმეორა გივის.
    - მე არ მჭირდება ვაქცინაცია, რომელი ქალებთან მოგულავე ვარ!
    - გივიკო, არ შეიძლება, ყველასთვის აუცილებელია. - აუხსნა მზიამ.
    - არ მინდა-თქო, არ გესმის? - ჯიუტობდა გივი.
    - მოდი ერთი წუთით. - უთხრა მზიამ და გივი საძინებელ ოთახში გაიყვანა.
    - გივი სირცხვილია, დაიწყებენ ლაპარაკს, არ კადრულობენ,  ცხვირს ზემოთ წევენო და კიდევ რა ვიცი რას, მამაჩემის სირცხვილია ბოლოს და ბოლოს, დღეს ხომ მზიაობაა და შემისრულე ეს თხოვნა თუ გიყვარდე.
    
    - ჰო კარგი, შენი ხათრით თორემ მე არ გავიკეთებდი! 
    ორივეს გაუკეთეს ნემსი. წასვლისას ექიმმა, ისე რომ გივის არ გაეგო, მზიას უთხრა: ქალბატონო, კიდევ ორი ნემსი უნდა გაიკეთოთ და ძალიან გთხოვთ თქვენი მეუღლე შეამზადოთო. მზიამ ხელის აწევით მიახვედრა ექიმი, მაგას მე მოვუვლიო.
    - ცოტა ხანში ისევ ვიღაცამ დარეკა ზარი, მზიამ კარები გააღო და ოთახში მათი კარის მეზობელი, ვახტანგ ბარდაველიძე შემოვიდა.
    - გაიკეთეთ ნემსი? - იკითხა ვახტანგმა.
    - კი გავიკეთეთ. 
    - ოჰ მაგათი, რა დღე ჩამიგდეს დილიდან!
    - რატომ ჩაგიგდეს? - შეეკითხა გივი.
    - არ შეიძლება დალევაო!
    - კი, ვაქცინის მერე ნამდვილად არ შეიძლება. - აუხსნა ეხლა მზიამ.
    - კაცო, იმიტომ შემოვედი რომ ჩვენი ტელეფონი არ მუშაობს და ნაილისთან მინდოდა გადარეკვა პოლიკლინიკაში.
    - ნაილისთან რატომ? -გაცრა გივის ტანში.
    - ვეტყოდი, დღეს ერთ ნემსზე მეტს აღარ გავიკეთებ, საქმე მაქვს თქო და ხვალ გავიკეთებ ორ ნემსს. - არ უნდოდა  დღის ჩაგდება ვახტანგს.
    - მიდი დარეკე, - უთხრა გივიმ, მეზობელმა ტელეფონის ყურმილი აიღო და... -თქვენიც არ მუშაობსო თქვა.
    - ვა! წეღან მუშაობდა, - გაუკვირდა გივის.
    - ეტყობა სადგურიდან გამორთეს, ალბათ დაზიანებაა, - თქვა ვახტანგიმ. საღამოს ისევ გაიმეორეს მედ-პერსონალმა პროცედურა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ თუ კი კიბეზე  მაცხოვრებელს დაინახავდნენ, მაშინ შედიოდნენ ნემსის გასაკეთებლად მასთან. 
  გივი საღამოს ისე აღარ ჯიუტობდა როგორც დილით. მეორე  დღეს დილის 9 საათზე, სანამ ნაილი ბარდაველიძე დაბრუნდებოდა პოლიკლინიკიდან, ისევ მივიდა სასწრაფო მანქანა და დაიწყეს მათზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კიბეზე ის სამოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი ბაბუა დახვდათ,- ბაბუებო, ეხლა ჩემთან რომ მოხვიდეთ სახლში, მოკვდება ჩემი ქალი ნერვიულობით, ისედაც წნევიანია და მითხარით სად უნდა მოვიდე კურსი რომ დავამთავრო.
-    ბაბუ, შენთვის უკვე საკმარისია. - დააიმედა ექიმმა. გახარებული, კურსდამთავრებული, შევიდა ბაბუა სახლში.
-    გივი, ადექი, ექიმები მოვიდნენ, - გამოაღვიძა ვითომ  ჩაძინებული მეუღლე მზიამ.
-    კაი რა, ცოტა გვიან რომ მოსულიყვნენ არ შეიძლებოდა? - აწუწუნდა გივი.
-    გივიკო, ბოლო ნემსია და დამთავრდება შენი წვალება. - უთხრა მზიამ.
    -ჰო კარგი. ეხლავე მოვალ. - თქვა გივიმ და საჯდომი მიუშვირა წამების დასასრულს.
    რამდენიმე ხანში, ეზოში ჩამოსულმა, შეკრებილ მეზობლებს მოჰკრა თვალი.  გაკვირვებული, მორიგეობიდან მოსული ნაილი ბარდაველიძეც მათთან იდგა და ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო რა ვაქცინაცია ჩაატარა მისმა პოლიკლინიკამ. მერე გვერდზე სადარბაზოს მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ და აღმოჩნდა, რომ მათთვის არ ჩაუტარებიათ. იქ ამბები ატყდა... ვინ იყვნენ? რა ნემსები გაგვიკეთეს? რატომ გაგვიკეთეს? ისევ ნაილი ბარდაველიძემ იპოვა გამოსავალი, - ყველამ უნდა ჩააბაროთ ანალიზები სასწრაფოდ! -  ასწრებდნენ მეზობლები ერთმანეთს ანალიზების ჩაბარებას.
    მკურნალობის დამთავრებიდან ორი დღე იყო გასული გივიმ ქერათმიანი, ტრამპლინსაჯდომიანი ნატაშა ოგოროდოვა შენიშნა პლეხანოვზე, მანქანა გააჩერა და გაოცებული გადმოვიდა. 
-    ნატაშა, ვენ-დისპანსერიდან გამოიპარე?
-    გივი თუ იცოდი სადაც ვიყავი რატომ არ მნახე? - იქეთ ჰკითხა გივის.
-    ვერ გნახავდი, იმიტომ რომ დღეს ჩამოვედი თბილისში და დღეს გავიგე შენი ამბავი. - დაარწმუნა ნატაშა.
-    გივი, იცი რა მოხდა?
-    რაა? - გაეზარდა ყურები გივის.
-    რა და იმ რაიონის მილიციის უფროსს მოვეწონე სადაც ვენ-დისპანსერია.
-    მერე რა?  
-    რა მერე! მე არ მომეწონა, მელოტი და ღიპიანი იყო და არ მივეცი!
ჰოდა, გამწარებულმა მის თანამშრომლებს და ვენ-დისპანსერის ექიმებს დაავალა სიფილისზე გააფორმეთო. ერთი კვირა მაწვალეს და რომ ვერაფერი დამიდგინეს, გამომიშვეს, აბა ხომ ვერ დამიჭერდნენ?!
-    ააა? პირდაღებული ამოაბგერა გივიმ, მერე შუბლი დაინაოჭა და ყვირილით თქვა:
-    მ ი გ ე ც ა  შ ე ნ ი !!!