და ამ შეცდომებს,
დევნილს ბოსხის კოშმარებიდან,
როგორ გულწრფელად უხარიათ,რომ არსებობენ!''
მათ წამიერად, უკუღმა დამანახეს
კაცობრიობის ბოლომდე გაქვავებული სული,
როგორც ფსკერამდე გაყინული და ამობრუნებული ოკიანე.
თქვენ,აზიელო ,ტურისტებო,
პირდაფჩენილნო გაკვირვებით,ეს ხომ სიტგეა.
ქალაქი, სადაც მთელი მსოფლიო შეკრებილა კვირეულზე სექსუალური კენტავრებისა.
მოკლედ, რას არ ნახავთ აქ,
ამდენი სტუმარი კინოფესტივალზეც არ ახსოვს,
ამ პატარა ქალაქს,
ყველაზე საშინელი ფილმების შემდეგ რომ
ყველაზე უცნაურ სანახაობას გვპირდება.
მათი არ მესმის და ვერც მივმხვდარვარ,
რა შუაშუა ახლა ლორკა -
ასე სიმბოლურად რომ მოურთავთ
მისი პატარა ქანდაკება, წმინდა სებასტიანის ბაღში;
გიტარაზე ოდნავ თავჩაქინდრულს
ისეთი მეტყველი სახე აქვს,
შეუძლებელია არ ჩაგესმას:
....."pasas en la tarde luminosa y clara
con la carne oscura de nardo marchito
y el sexo potente sobre tu mirada".
მაგრამ ეს სულ სხვა რამაა.
დავდივარ მოჩვენებებით სავსე ქალაქში
და ამ არსებების გამო გაბერილი ბოღმა,
ყელთან ჩიყვივით გამომებერა.
ეს ისეთივე კოშმარია,
როგორც ძილში გაბუჟებული ფეხი,
რომ არც ტკივილი ჰქვია და
სიზმრებში ჩაყოლილს, უკბილო ძაღლები ღეჭავენ.
ვიცი, ზედმეტი ვარ მათთვის,
ამას არც მალავენ,
ცდილობენ ყველანაირად მაგრძნობინონ,
თანაც ისე უცნაურად,
თითქოს მარტო მათთვის ჟღერდეს "ქუინი"
რომელიც ისე შეზავებია რესტორნის კერძების სუნს,
ჰაერსაც მუსიკად ქმნის.
მე კი არ მქონია გართულება,
როცა მათთან ერთად არღანზე აჟღერებულ ბახს ვუსმენდი,
სან პაულოს ეკლესიაში,
მხოლოდ მუსიკას ჰქონდა სხვანაირი ჟღერადობა,
მხოლოდ მუსიკა გრძნობდა ჩემზე უკეთ ამ ყველაფერს.
მაინც რა მოუსვენრად ფუსფუსებენ,
ყველას რა თანაბარი რიტმი აქვს,
მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა.
აქვე ორი მათგანი უცნაური აღნაგობისა
შავ, მახინჯ ძაღლებს მიასეირნებს
თითქოს მათივე აჩრდილებს დაატარებენ თოკით.
მაინც რა ბედნიერად გრძნობენ თავს,
რა ენერგიულად ავსებენ ერთმანეთს.
მათში ისე იგრძნობა იდუმალი ვნებების სიღრმე,
როგორც მკვდარი თევზის ღია თვალებში
ოკეანის მლაშე სიბნელე.
ვისკითა და ჰაშიშით რეტდასხმულებს,
რხევაზეც ეტყობათ,
რომ მხოლოდ მოჩვენებით არსებობენ რეალურ სამყაროში...
მაინც როგორი ჩანს, ნეტავ,
თავდაყირა ეს სამყარო,
ეს ყველაფერი,
ან თუნდაც ეს ცხენის წაბლის ხეივანი,
რომელიც ასე სურნელოვნად ჰყვავის.
მაინც რა ფერადი კარნავალია
ამ დროებით ცოდვილთა ქალაქში.
ადგილობრივებიც ისე მიჩვევიან ამ ყველაფერს,
თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდეს.
სხვა მხრივ კი
ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება,
ჩვეულებრივად გადადიან ბრმები
მათთვის განკუთვნილ, წრიპინა შუქნიშანზე,
გაუთავებელი ჯოხების კაკუნით.
ჩვეულებრივად ჩამომსხდარან წეროები
ტაძრის აწვეტილ გუმბათზე
შეღამებისას, ყველად შეუმჩნევლად.
ჩვეულებრივად არხევენ ზღვის ქარები
იალქნიანი გემების მოჭრიალე ანძებს
პატარა განათებულ პორტში.
ჩვეულებრივად ციმციმებს ზღვასთან
ღამის სიტგე,
უკვე უჩემოდ.