ერთხელ სოფელში ცხენებით
მოვიდნენ ძროხის ვაჭრები,
მე კი რატომღაც მეგონნენ
დონკიხოტი და სანჩო.
სწორედ იმ ზამთარს ვიკითხე
მათი გმირობის ამბავი,
ავვარდი მაღალ ბანზე და
მოვრთე ხმამაღლა ყვირილი:
ხალხოო! მოვიდნენ! მოვიდნენ!
გამოიშალა სოფელი.
ვინ მოვიდნენო, მიკითხეს.
- როგორ თუ ვინა, ვერ ხედავთ?
დონკიხოტი და სანჩო.
-რა დონკიხოტი, რის სანჩო-
ჩააიბუზღუნეს იმათ
- ძროხის ვაჭრები არიან,
არუთინა და ძელო-
მე მაინც არ დავიჯერე,
თუმცა კი გამკრა ეჭვმა,
როგორც ვიცოდი სანჩო
უნდა მჯდარიყო ვირზე,
აქ კი რატომღაც იგი
მობრძანდა თეთრი ცხენით.
შემოეხვია ხალხი,
ჩამოქვეითდნენ გმირები
დონკიხოტი და სანჩო,თუ?
არუთინა და ძელო.
--აბა ვის რა გყავთ, მორეკეთ
კაი ვაჭრობის იშტზე ვართ,
თქვა არუთინა – სანჩომ.
მორეკეს სოფლის ნახირი, დაიწყო აწონ-დაწონა,
ძროხებს სინჯავენ ვაჭრები,
ხელით უზელენ წელებს.
მე ჩემთვის გულში ვიცინი,
მაგრამ აღარას ვამბობ,
მგონია ხალხს ატყუებენ,
დონკიხოტი და სანჩო.
ჩვენი საქონიც იქ არის,
ორი ძროხა და ხარი,
უცებ რას ვხედავ,სანჩომ
ჩემს ხარს დაადგა თვალი.
უარა, ათვალიერა,
წელზე გაუსვა ხელი,
გაჩერდა, ბებოს შეხედა
რაღაც ეშმაკურ მზერით.
- ქაბატჯან, რამდენი გინდა?-რავიცი- ბებო დაიბნა,
თან მე გადმომკრა მზერა.
მე ისევ სანჩო მგონია,
ჯერ კიდევ არა მჯერა.
- ასი მანათი მოსულა?
მეტი რა გინდა,ხბოა.
-ე, შვილო,ხბო როგორ არი
ეს ამოდენა ხარი???
- არ გინდა?! შენი ნებაა,
კარგად იყავი დედიჯან-
თქვა ართუინა-სანჩომ
და მიაშტერდა ბებოს.
მე ჩემთვის გულში ვფიქრობ:
,ვახ როგორ დააჯერეს?,
ბებო ლოყაზე ისმევს,
თავის ჩამომჭკნარ ხელებს.
- ჯანი გავარდეს, ასხუთი
იძახის სანჩო-პანსა.
- ხარი რო არის?-ბებიამ.
- ხუთიც მაგიტო, ქაბატჯან,
აბა რა გინდა მეტი?!
ბებია ისევ მე მიყურებს
დაბნეულ მზერით,
თითქოს კანკალებს
მუხლებით და მოხრილი წელით.
-კაი ფულია ქაბატოჯან
აი, ვზარალობ!
- რა ვიცი, მივცე?
ამბობს ბებია.
-ეხ, რაც არ გინდა,
ღმერთმა ნუ მოგცეს,
აბა სხვა ვნახო.
სანჩო ყასითად გატრიალდა
სხვა ძროხებისკენ.
- მაიცა შვილო!- ამბობს ბებია.
- ვა? რაღა გინდა ქაბატოჯან!
- მაიტა, კარგი.
მე ცოტა შევცბი
როდესაც სანჩომ,
წითელი ფული მიუთვალა
შემკრთალ ბებიას.
,ე, მაინც ხუმრობს,
ხარს არც წაიყვანს“.
ვფიქრობ და ვეჭვობ,
ვფიქრობ და ვეჭვობ,
მაგრამ როდესაც,
სანჩომ ნიკორას გამოაბა
გრძელი საბელი,
და ერთი ბოლოთ,
თავის ცხენის ტახტას მიაბა,
მაშინ კი შევცბი!
მაგრამ ჯერ არა,
მე ხო ვიცი სანჩოს ოინი,
აქ დონკიხოტიც რაღაც ამბავს დაატრიალებს.
-აბა,წავიდეთ!
თქვეს რაინდებმა,
და თავ-თავის ცხენებს მოახტნენ.
ბებია მიმზერს,
მერე თვალებს ხრის:
ჭირიც წაიღოს, ჩემო ბიჭო!
ამბობს თავისთვის.
ნიკორა მიჰყავთ,
ე, მართლა მიჰყავთ!“
ელდანაკრავი გავედევნე
უკან ნიკორას,
გამობმულ საბელს დავეზიდე
და ავღრიალდი:
-რას შვრები სანჩო
მე ხომ გიცნობ,
ჩემი ხარია,
ამ ზამთარს წიგნში წავიკითხე
თქვენი ამბავი.
-რა ამბავი, რას მიედები?!
-შენი და აი იმ ბატონის,
დიდი რაინდის -ხელით ვანიშნე მეორეზე.
-ეს მგონი უსტვენს!
ცხენით გაქაჩა ცხენის საბმელი.
-მე ისევ მივწვდი,
მოვეხვიე ნიკორას ყელში.
და ამ დროს თავში მაგრად მომხვდა
მათრახის ძუა.
-რას შვრები, სანჩო!-
ავღრიალდი ტკივილისაგან.
-სანჩო არა,ბებიაშენის!-
ისევ გადამკრეს მათრახის ძუა.
არ მინდოდა მაღლა ახედვა.
საღამომდე აღარც ავმდგარვარ,
წაიყვანეს ჩემი ნიკორა.
სისხლი წამვარდა,ძირს დავეცი.