Litclub.ge

* * * "გახსოვს? მფარველი ანგელოზი მიწოდე"
გახსოვს? მფარველი ანგელოზი მიწოდე...
უცნაურია ცხოვრება...
პოულობ და კარგავ.
ერთდროულად
ბედნიერება და უბედურება ფეხშეწყობით დააბიჯებენ.
ეს  იქნებ ჩემი ბრალია...
ან იქნებ დასაწყისი?
იქნებ ყველაფრის დასასრული დასაწყისია ახლის და ჯერ შეუცნობლის?
გატეხილი არასოდეს გამთელდება...
არც უნდა გაამთელო...
მაინც ბზარიანია...
ბზარშეპარული კი სამუდამოდ უნდა შემოდო თაროზე და მტვერიც კი არ უნდა გადააცალო...
ჰო...
იქნებ ასეც ჯობდეს.
დასარული იყოს დასაწყისის დასაწყისი.
ალბათ, გაუგებრად ვფიქრობ...
გამგები გაიგებს, ვინც უნდა გაიგოს. თუ კი წაიკითხავს.
მითხარი წაიკითხე?
მიმანიშნე.
თეთრ საფოსტო მტრედს გამოვატანე შენთან მოსალოცად წერილი.
ალბათ მოგიტანს.
ქვაფენილს მლაშე ცრემლის სუნი ასდის.
მთვარეს ნაღვლიანი მზერა აქვს.
მე უკვე ვიღიმი, რადგან ამ დღემ შენი თავი მაჩუქა
უძილობა ვიძმე....
ნეტავი, თუ წაიკითხე?

შენს დუმილს ისე შევეჩვიე... 
შენს დუმილს ისე შევეჩვიე, მეშინია, რომ ჩვევად არ მექცეს,
შენს სიჩუმეს ისე ვაყურადებ, მეშინია, რომ მე თვითონ ვიქცევი სიჩუმედ.
მერე მეც შევკრავ ჩემი ფიქრებისაგან სიჩუმეში შექმნილ კამარას
და სველ ქვაფენილზე ჩემი ფეხისგულები იგრძნობენ,
როგორ გაურბიან დუმილით გაჯერებულ დროს.
დრო კი ისე ულმობლად გაირბენს, ვერ შევძლებ შევაჩერო და...
ისევ დაგიძახებ,
ისევ დაგელოდები
და თავდახრილი, საკუთარი ფეხის ნაბიჯების ხმას აყოლილი,
სველი ქვაფენილის მლაშე სუნს შევისრუტავ,
მოლოდინადქცეული გული კი ნება-ნება დაითვლის წამებს.