Litclub.ge

ბევრი არაფერი, უბრალოდ ხმამაღლა ვიფიქრე...
ჰო,
დილამ შემოაღო კარი და „დილა მშვიდობისა“ მითხრა,
გავუღიმე და გულში ჩავიკარი
მისი სითბო არ მეყო და უფრო მეტი მოვთხოვე,
კარგიო, მითხრა და მზე შემოუშვა სულში,
არაო, 
ჯიუტად გავუქნიე თავი,
ცრემლი ჩამოგორდა მზის თვალიდან და დილა შორეულ გზას დაადგა,
მეორე დღეს იასამანთან ერთად დაბრუნდა,
ისევ გავუღიმე,
თვალებში მოლოდინი ედგა იასამნის სურნელთან ერთად და 
ზამთრის სუსხს ისრუტავდა....
მიხვდა, მოლოდინმა რომ არ გაუმართლა,
სევდაჩამდგარი გაუყვა გზას და ზღვა მომიტანა, 
ჩემი მშფოთვარე და მოუსვენარი ზღვა...
ზამთარი კარზე მიკაკუნებდა,
ჩემს ოთახში კი მზე და იასამანი ყვავილობდა,
ზღვა ზღაპარს მიკითხავდა,
სითბო სხეულზე მეფერებოდა და გულამდე მიღწევას ლამობდა,
დილა ღიმჩამდგარი თვალებით მიყურებდა,
მელოდა როდის გავშლიდი ხელს 
და გულში ჩავიხუტებდი,
მე კი ჯიუტად ვდუმდი
და ყინულის მარგალიტად ვკინძავდი ცრემლებს....
ვერ მიხვდა დილა, 
რომ ყველა დილა 
შენი თვალების და სხეულის სითბო მოეტანა ჩემთან.