ვფიქრობ ხმამაღლა
ზღვაზე, რომელიც მზეს ისრუტავდა.
მთვარეზე, რომელიც ბილიკს კვალავდა ზღვაში.
ვარსკვლავებზე, რომლებიც შენი თვალებიდან წამოსულ შუქს ირეკლავდა.
ღიმილზე, რომელიც უხმოდ ასდევდა სიტყვებს,
ჩურჩულზე, რომელიც ჩუმი პოეზიით იყო სავსე,
ფიქრზე, რომელიც ლექსებად იწერებოდა და ზღვის ნაპირას იღვრებოდა,
მეგობრობაზე, რომელიც სალი კლდესავით იყო შეუვალი.
სიყვარულზე რომელიც ათბობდა და ახალისებდა გულებს....
ვფიქრობ.....
ულამაზესი პოეზიის საღამოებზე მთვარის ბილიკით განათებულ ზღვასთან
ხმა ტალღას ერწყმოდა,
ტალღა დაღლილი კაცივით ეხეთქებოდა ნაპირს.
ეს იყო ყველაფრის ნაპირი
და დასაწყისი
მზერა მოწყვეტილ ვარსკვლავს მიჰყვებოდა და ოცნებად იკვრებოდა....
ძველი იკითხებოდა,
ახალი იბადებოდა უმანკო ბავშვის ღიმილით.
მე მთვარის ბილიკს მივყვებოდი ზღვაში
ვარსკვლავების ქვეყნისაკენ.