ჩქარა ამწვანდით, ველებო,
ჩქარა ამწვანდი, ჭალაო!
ამოღაღანდი, ჯეჯილო,
სად არის შენი ძალაო?
ნათესი პური რა იქნა,
ნეტავ სად დაიმალაო?
მომწყინდა ხეების კორტნა
და პირი დამეღალაო,
თოვლმა, ყინვამ და ქარ-ბუქმა
სულ-გული გამიწყალაო.
შვილები შემომტირიან:
“ძუძუ გვწყურია, დედაო!”
შემზარავს ჩემივე თავი,
ტანზე რომ დავიხედაო:
მარტო ძვალი და ტყავი ვარ,
რძე საით ჩამიდგებაო?
უმწვანოდ მომკლავს სიმშილი,
შვილებიც გამიწყდებაო.
ოჰ, გაზაფხულო, სადა ხარ?
რად იგვიანებ, ნეტაო?
გავრეკავ შვილებს საკორტნზე,
ველი რო ამწვანდებაო.
მთვარე ამოვა ცაზედა
და მზე კი დაბრძანდებაო.
აბა სადა ხარ, ჯეჯილო,
სადა ხარ, ველო მწვანეო?!
ცოტაოდენი წყალობა
ჩვენთვის რად დაინანეო?!
იხარე, ჭალავ, მინდორო,
და წვიმით დაინამეო;
თქვენა ხართ ჩვენი მშობლები,
გლოცულობთ დღე და ღამეო.
1906 წ.