(სიმღერა)
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,
წვერ-პირი მორთე თეთრადა,
ეხლა იარონ იქნება
ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა
მომწყინდა გულის ჯახირი,
დამღალა მისმა ბგერამა;
დღესაქამომდე მის ღელვა
ვერ დაამშვიდა ვერრამა; _
ბერ მუხად გულში იფარჩხვის,
რაც მიანდერძა დედამა, _
დაწურა, სისხლად დაწურა
ქვეყნის უღმერთოდ რბევამა;
ტანზე ამასხა ეკალი
საფლავთ წინაპართ კვნესამა,
აკლდამებიდამ მწყრომარედ
იმათმა გადმოხედვამა.