Litclub.ge

წიწილა
ქორმა წიწილა წაიღო, 
იძახდა “წიავ-წიავსა!” 
წიწილის თეთრი ბუმბული 
ველად გაჰქონდა ნიავსა... 
ღვარი წავიდა სისხლისა, 
წალეკა მთა და ბარია: 
არაგვს გზა დაათმობინა 
და გადათელა მტკვარია. 
ისმოდა ბებრის ეზოში 
კრუხის ქვითინი მწარია... 
მოჰსლოდენ მოკეთეები: 
კრუხნი, მამლები, ვარია, - 
ნათესაობა კრუხისა, 
მთელი იმისი გვარია. 
ცრემლი იქცევა ქათმების, 
დიდი გლოვა და ზარია... 

1890 წ.