Litclub.ge

ქართველი ებრაელი ქალი ჯვრის მონასტერში
ვერ დაგინახე, კედელს გოდების
როცა მთრთოლარე ხელი შეახე,
არ ვიცი მაშინ ვინ მოგაგონდა,
თუ შემოგესმა ხმა მაშიახის?
ან ქვებს, ოდესღაც ფეხქვეშ გათელილს
როგორ გაუღე გული სახატედ,
ვისთვის დაანთე თაფლის სანთელი
და თავდახრილმა რა შეღაღადე.
რადგან მიდიან ქალნი მარტონი
ბეთ ჰა მიქდაშის მაღალ კედელთან
და გულსავსეთა კრძალვით და თრთოლვით
ჰგიებს მიგება მისაგებელთა.
მე დაგინახე, როგორ შეხვედი
ჯვრის მონასტერში შენ თავდახრილი,
და რა იხილე ხელის შეხებით,
გაბრწყინებული უფლის სახლივით.
როცა გაიღო მძიმე ურდული,
თითქოს დუმილში ითქვა უთქმელი,
რატომ ათრთოლდი, რა უჩურჩულე
იდუმალ ფრესკას შოთა რუსთველის?
საიდან მოგწვდა თვალი ღვთიური,
თუ ანგელოსთა თვალის შევლება,
რაღაც ძვირფასი და მშობლიური
უცებ მოადგა თვალებს ცრემლებად.
რაღაც განედლდა შენში ვაზივით,
წამი შეიქნა უდიადესად
და სათნოების შუქით ავსილი
სანთელს უნთებდი თითქოს ნათესავს.
იქნებ იმ წუთში ასე საოცრად
ფრთები შეისხა შენმა ოცნებამ
და იხსენებდი ვეფხისტყაოსანს,
გულმხურვალებით ნათქვამ ლოცვებად.
გესმოდა ხმები იქ მოარული,
როგორც გუმბათქვეშ ფრენა ფრინველთა,
ტიროდი დარდით და სიხარულით
და არ იცოდი, რა გატირებდა.
შენ იმ წუთს რაღაც დიდი შესძელი
თითქოს გამოხველ უკვდავ შუქიდან,
შემოგყურებდა ბერი ბერძენი
და შენს თვალებზე ცრემლი უკვირდა.