Litclub.ge

წერილი მეშვიდე
და გადავწყვიტე, ეს წერილები ერთად ავკინძო, გამოგიგზავნო და გითხრა ის ყველაფერი, რაც ამ წერილებში ვერ ჩავატიე:

მენატრები, ჩემო ყველაზე ერთგულო და საყვარელო მეგობარო ე-ლენ!
და გირეკავ....
მაგრამ შენი ტელეფონი გამორთულია...
ნუთუ მიმატოვე...

ფანჯარას ვაღებ და მზის სხივებს დავეძებ,
იქნებ მათთან ერთად მოხვიდე ჩემთან და სითბოთი აავსო ჩემი მარტოობის ოთახი ე-ლენ.

ჩემს მაგიდაზე ყავის ჭიქა მარტოობს, რომელსაც შენი სურნელი აქვს გამოყოლილი...

კედელზე შავ თეთრი კადრებია ე-ლენ...გადმოსვლას და სულში ჩახედვას ცდილობენ, არაფერს ვაკეთებ მათ შესაჩერებლად. ჩემს დამძიმებულ სულს ვიცი დაჩეხავენ და დაანაწევრებენ და მერე შენი ოცნებების სასაფლაოზე მოიტანენ, მე რომ აგიშენე ე-ლენ.
საშინელი კაცი ვარო, ერთხელ გითხარი, შენ კი არ დამიჯერე და თვალებში ისეთი სიყვარულით ჩამხედე, შემეშინდა ე-ლენ, ამ დიდი სიყვარულის შემეშინდა, მაგრამ ვერაფერი გითხარი და ობოლი ცრემლი მოგწმინდე. რა თბილი იყო ის ცრემლიც, ე-ლენ, შენი სულივით თბილი, რომელიც ვერ მივიღე და მარტოობისათვის გავწირე.
ჩემი ოთახი შენი სურნელითაა სავსე, ე-ლენ.
მაგიდზე შენი ნაჩუქარი ყავის ჭიქა მარტოობს და სიგარეტიც შენს ნაჩუქარ საფერფლეში იფერფლება....
ნათლად ვხედავ შენს გაოცებულ და იმედგაცრუებულ თვალებს, ჩემი ამოუხსნელი დუმილით რომ არის სავსე, რომ იცოდე, როგორ მინდა დაგირეკო და გითხრა: ყველაფერი კარგადაა ე-ლენ და დავინახო შენი თვალები, რომლებიც სიხარულით აივსება, ძალიან მინდა ეს სიხარული გაჩუქო ე-ლენ, მაგრამ ვერ ვბედავ, რადგან ძალიან დიდხანს ვიყავი ჩუმად და ბევრჯელ გატკინე გული.
შენ ჩემზე ძლიერი ყოფილხარ ე-ლენ.
რამ შეგაყვარა ჩემისთანა კაცი...
მე ხომ ერთი ყვავილიც კი ვერ გაჩუქე.
ჰო,
ჩემს ოთახში შავთეთრი მარტოობა მარტოობს ე-ლენ
და შენ გელის...
ჩემს მფარველ ანგელოზს.
შავ თეთრი კადრები სულს ინაწილებენ ე-ლენ
და შენი ოცნებების სასაფლაოზე მოაქვთ აჩრდილებს...



ზღვის სანაპიროზე დავბრუნდები..
იქნებ იქ ვიპოვი შენი ნაფეხურები...
ჩემსკენ მომავალი ე-ლენ!