Litclub.ge

შესაწირი
...

შენ არ მიდარდო,
აღარასდროს თუ მოვალ შენთან.
არ მომინატრო,
არც მეძებო.
"იყო და არა იყო რა" იყოს 
ჩვენი ზღაპრის კეთილი ბოლო.
თავიც და შუაც,
გვერდებიც და ქვის საძირკველიც,
მუხლს რომ არ ასცდა,
ერთხელაც ვერ ამოვიშენეთ,
გულისპირამდეც ვერ ავწიეთ კედლის სათავე
და დავრჩი ასე-

მარტო-ხე, ქალი-მარტო, მარტო-მიწა, ცა-მარტო,
ხან მწვავდა გვალვა. ხან მახრჩობდა წვიმის სეზონი.
მერე-გამახმო შეძახილმა.
მერე-დუმილის შემჭამა ჟანგმა,
შენ რომ დიდხანს ოქრო გეგონა.

ტყვიისფერია ისევ დილა - მზე ჩამოვხსენი.
შუშის სხივები დავუმტვრიე - აღარ მათბობდა
და თუ ჩემს ცაზე სიყვარული ერქვა სიცოცხლეს,
შენსაზე - შიშით სიყვარული სურდა მაცხოვარს.

(ნეტარ არიან მორწმუნენი და მორჩილებით
და მოთმინებით მოიპოვონ სასუფეველი!)

მე კი კვლავ ვდგავარ მარტოდ-
მარტო-ხე, ქალი-მარტო,
მარტო-ცა, მიწა-მარტო,
სადაც მშრალი ხელებით,
ვთესავ ხორბალს და თავთუხებით სავსე ყანაში
ჯიუტი სახით უხვად ვიმკი გლოვას და ურვას.
ვკრავ ძნებად.
მერე მე და ჩემი თეთრი თიკნები
ერთმანეთს შენი სამსხვერპლოსკენ  მოვდენით მძიმედ,-
ძნელია შენი აღმართების გზა ღორღიანი...

და თუ მოვაღწევთ, გამოგვისვი სიცივე ხორხთან,
ვერცხლის თვალებში ბარძიმივით ჩამოგვიწრიტე.
დაგვლიე, ჩემო,
შეგვიწიე,
შეგვისისხლხორცე,
წაგვიქციე და გადაიკარ ხსოვნაზე რული...

და მოგვეტევოს.
კერპებსაც და
შეწირულებსაც.