...
ნივთები, რომლებიც მათ შემდეგ რჩებიან.
ნივთები, რომლებიც მათზე მეტს ცოცხლობენ.
ნივთები, რომლებსაც შერჩნენ მხოლოდ ანაბეჭდებად-
თითების, ტუჩების, სიცილის, დუმილის...
ნივთები, რომლებიც- გადაგვეგდო- ვერ გავიმეტეთ,
ვერ გავწირეთ, სანაგვეზე მოგვესრიალა.
ნივთები, რომლებიც
წიგნის თაროზე, კომოდებში, ფანჯრის რაფებზე,
ისე მოკრძალებით, ფრთხილად სუნთქავენ-
თითქოს შიში აქვთ,
არ გაგვახსენონ-
მათ უკან ჩუმად ატუზული ჩვენი სისუსტე.
სისუსტე, რომელიც დავმალეთ ჩვენში,
სისუსტე, რომელიც ჩვენს შიგნით ცხოვრობს,
რომელსაც მხოლოდ სხეულად შევრჩით,-
თითებით, ტუჩებით, თვალებით - დათხრილი...
სისუსტე, რომელმაც- გავეყიდეთ- ვერ გაგვიმეტა,
ვერ გაგვწირა- სამსჯავროზე გამოვეტანეთ.
სისუსტე, რომელიც ზოგჯერ უეცრად,
ისე შეპარვით გვეხება შუბლზე-
თითქოს,
ხელი ჰკრეს ნაჩუქარ ნივთებს,
გადმოყარეს და მიგვახედეს იმ ხმაურისკენ,
სადაც ამ ნივთებს შერჩენილი ვიღაცის სუნთქვა
აღარ არსებობს.