Litclub.ge

ხალხმა რა იცის
(როინ აბუსელიძეს)

სიმწრის ცრემლივით ყლაპავ ტაეპებს,
გაჭრილი ციდან ჟონავს მუსიკა...
დაეძებ შენში რაღაც ღვთაებრივ
ექოს და მაინც კაცის პულსი გაქვს...
ყავის ჭიქაში აღრჩობ სუიციდს.
ღამენათევი ლოცვის ნირი გაქვს
ხალხმა თუ იცის?
ხალხმა თუ იცის?
შენი ჯვარცმული ღიმის ლირიკა...
ღია ფანჯრიდან შემოსულ მთვარეს
კეტავ ოთახში როგორც მოლოდინს...
გადიხარ გარეთ და გინდა თქვა რომ
რომ თქვა გინდა და გარეთ ბოლოდან
უკან მიყვები ჩაწყობილ კარტებს
და ხვდები ბედმა ცუდად აგტუზა...
საკუთარ ლექსში თოვ, მაგრამ არ დებ...
ტეკილას სვამ და ურწყავს კაკტუსებს
ვინმე მექსიკელ პოეტს მეზობელ
კონტინენტიდან;- სხვისი ჭირივით
კაკტუსის ეკალს თითში ესობი
და ლექსი გრჩება ცოტა ირიბი
როგორც რებუსი, როგორც ქარაგმა
და საკუთარი ნერვების ფასად,
ოღონდ გაითბოს სული ქალაქმა
მზად ხარ ცეცხლს მისცე ყოველი ფრაზა
შენი ლექსიდან, ნაცნობ მოედანს
(და თოვლი მოგყავს როგორც ციტატა)
გინდა რომ შერჩე უცნობ პოეტად
რომელიც თოვას იწყებ ციდან და
მოდიხარ ქვევით, მაგრამ მაინც ცის
მიმართულებით ადგილს იკავებ

ხალხმა რა იცის?!
ხალხმა რა იცის?!
შენი ჯვარცმული ბედის იგავი.....
შენი ბედცმული ჯვარის მზეკარა
შენი მზეცმული რჯულის ზამათი
ცარიელ ლექსთან როგორც მეკარე
დგახარ და დარტყმებს უმისამართებ
ცხოვრების ყველა მზაკვრულ ჩანაფიქრს
ცხოვრების ყველა მზეკრულ გამოცდას
ბედი-მტყუანი თვალებს ჩანაბავს,
შენს გამოც, ღვთის და ლექსის გამოც...
და საკუთარ თავს უწევ გიდობას
რადგანაც სულში ვეღარ ეტევი
აღებ სახლს, როგორც ნოეს კიდობანს
და მთვარეს ცაში უშვებ მტრედივით....