Litclub.ge

ეჭვი
ამ ათიოდე წლის წინათ, გაზაფხულზე, პრაქტიკული ეთიკის ლექციების ციკლის წაკითხვა მთხოვეს და ერთი კვირა გიფის პრეფექტურის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ოგაკაში დავყავი. შემეშინდა, რომ ადგილობრივი მოღვაწეები თავს მომაბეზრებდნენ გადამეტებული პატივისცემით და მასწავლებელთა საზოგადოებას, რომელმაც მოწვევა გამომიგზავნა, შევუთვალე, შეხვედრებსა და ბანკეტებს ნუ მომიწყობთ, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება არ მინდოდა, საერთოდ, დროის გაფლანგვის სხვა საშუალებების გამოძებნაზეც თავს ნუ შეიწუხებთ-მეთქი. საბედნიეროდ, ოგაკაში კარგა ხანია გაეგოთ ჩემი ახირებულობის ამბავი და, როცა ჩავედი, ქალაქის მერმა, რომელიც მსწავლებელთა საზოგადებასაც ხელმძღვანელობდა, ყველაფერი ჩემს გემოზე მოაწყო. ჩემს გემოზე კი არა, გადააჭარბა კიდეც ჩემს სურვილებს: სასტუმროს ნაცვლად იქაური მდიდრის, ვინმე ბატონ ¹-ის აგარაკზე დამაბინავა.
მინდა გიამბოთ ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელიც ამ აგარაკზე ყოფნისას მოვისმინე.
აგარაკი კოროკოს ციხესიმაგრის მახლობლად მდებარეობდა და ქალაქის ხმაური და აურზაური იქამდე ვერ აღწევდა. შენობა პატარა გახლდათ. სულ ექვსი ჭილოფის ფართისა თუ იქნებოდა. გარედან სამუშაო კაბინეტს წააგავდა და თუმცა უმზეო იყო, საკმაოდ გაცვეთილი ფუსუმა და სიოძი საოცარ სიმყურდროვეს ანიჭებდა იქაურობას. დარაჯი და მისი ცოლი მემსახურებოდნენ, მაგრამ იმათ ცალკე ჰქონდათ ბინა, და როცა არ მჭირდებოდნენ, დავითხოვდი ხოლმე. ასე რომ, უმეტესად მარტო ვიყავი ამ ნახევრად ბნელ ოთახში და სიმყუდროვით ვტკბებოდი. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო, რომ გრანიტის პირსაბანზე მაგნოლიის თეთრი ყვავილის ფურცელთა დაცვენის ჩქამი ისმოდა. ლექციებს დილაობით ვკითხულობდი, ნასადილევს კი ამოვდიოდი აგარაკზე და დაძინებამდე სიმშვიდეს არაფერი მირღვევდა. ეგ იყო, ცოტა გაზაფხულის ნესტი და სიცივე მაწუხებდა, რადგან სახელმძღვანელოებისა და ერთი ხელი საცვლების მეტი თან არაფერი წამიღია.
თუმცა, ყოველთვის მარტო არ ვიყავი: ხანდახან, ნასადილევს, სტუმრები მეწვეოდნენ და დაბინდებამდე რჩებოდნენ ხოლმე. მერე კი, როცა ბამბუკის ფეხზე 48
შედგარ ძველებურ ლამპარს აანთებდნენ, ადამიანური სუნთქვით გამთბარი სამყარო უცებ ვიწროვდებოდა და მე მის ერთადერთ მბრძანებლად ვიქცეოდი. თუმცა კი მთლად მის ბატონ-პატრონად მაინც ვერ ვგრძნობდი თავს _ ზურგს უკან, კედლის წალოდან მოწყენილი მიმზერდნენ სპილენძის ვეება, ცარიელი საყვავილეები, წალოს ზევით აბრეშუმის კაკემონო ეკიდა _ ოქროსფერ ფონზე ტუშით დახატული «ტირიფოსანი ქალღმერთი». დროდადრო წიგნს თვალს მოვწყვეტდი, ამ ძველებურ ბუდისტურ ნახატს შევავლებდი მზერას და მაშინ თითქოს სანთლის უცნაური სურნელიც კი მცემდა. ჩემს ოთახს მონასტრული სიჩუმე ეპატრონებოდა, ამიტომ ადრანად ვწვებოდი დასაძინებლად. ვწვებოდი, მაგრამ კარგა ხანს ვერ ვიძინებდი. გარედან ღამის ფრინველების ხმები შემოდიოდა. ხმები ხან ახლოდან ისმოდა, ხან შორიდან, ეტყობა, ფრინველები ჩემი ბინის მახლობლად აღმართული კოშკის ირგვლივ დაფრინავდნენ. დღისითაც ხშირად შემიმჩნევია, რომ მწვანე ფიჭვებში ამოზიდული სამსართულიანი თეთრი კოშკის სახურავს გუნდგუნდად დასტრიალებდნენ ყორნები... ბოლოს და ბოლოს, ჩავთვლემდი, მაგრამ ახლა გაზაფხულის სუსხი ჩამეღვრებოდა ძარღვებში და მთელი ღამე ვბორგავდი. და აი, ერთ საღამოს... ეს მაშინ მოხდა, როცა სულ რამდენიმე ლექციაღა დამრჩა წასაკითხი, წინ ლამპარი მედგა და ფეხმორთხმული ვკითხულობდი წიგნს. უცებ ფუსუმა, ჩემს ოთახში რომ ყოფდა მეზობელი ოთახისაგან, ისე ნელა გაიწია, რომ შევკრთი. მერე ვიფიქრე, ალბათ დარაჯი მოვიდა-მეთქი და ფუსუმასკენ მივტრიალდი. დარაჯთან საქმეც მქონდა, ახლახან დაწერილი წია ბარათი მინდოდა გამეტანებინა ფოსტაში, მაგრამ დარაჯის ნაცვლად, ნახევრად ბნელ ოთახში ვიღაც უცნობი იჯდა ტატამზე, იგი ასე, ორმოციოდე წლის კაცი იქნებოდა. მართალი რომ ვთქვა, პირველად ძალიან შევცბი. შევცბი კი არა, შემეშინდა, რადგან ლამპის სუსტ შუქზე მოჩვენება მეგონა უცნობი, მაგრამ როგორც კი მოწიწებით დამიკრა თავი, ტან იდაყვებიც ისე ასწია მაღლა, ძველმა ხალხმა რომ იცის მისალმების დროს, დავმშვიდდი. სალმის შემდეგ სტუმარმა საკმაოდ ახალგაზრდული ხმით დაზეპირებულივით მომაყარა:
_ სიტყვებს ვერ ვპოულობ საბოდიშოდ, რომ საღამო ხანს შემოგეჭერით და მუშაობაში ხელი შეგიშალეთ, მაგრამ სენსეისთან დიდი სათხოვარი მაქვს და ამან გამაბედინა, ზრდილობის წესები დამერღვია და გხლებოდით.
ამ ლაპარაკში მთლად დავწყნარდი და კარგად შევათვალიერე ჩემი სტუმარი. იგი ჭაღარამორეული, კეთილშობილური გარეგნობის კაცი გამოდგა. შუბლი მაღალი ჰქონდა, ღაწვები ჩაცვენილი, მაგრამ თვალებში ახალგაზრდული ცეცხლი ენთო. ტანთ უგერბო ხაორი და ხაკამა ეცვა, ხელში კი, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა, მარაო ეჭირა. თვალში მომხვდა, რომ მარცხენა ხელზე ერთი თითი აკლდა. როგორც კი შევნიშნე, უნიებლიეთ თვალი ავარიდე, წიგნი დავხურე და საკმაოდ მკვახედ ვკითხე, რა გნებავთ-მეთქი. იმ საღამოს არავის ველოდი და გავბრაზდი, რომ მყუდროება დამირღვიეს. ტანაც გამიკვირდა, დარაჯმა რატომ არ მომახსენა, თქვენი ნახვა უნდათო. დაუპატიჟებელ სტუმარს სულაც არა სწყენია ეს მკვახე ტონი. იგი კიდევ ერთხელ შეეხო შუბლით ჭილოფს და კვლავ სხაპასხუპით მიპასუხა:
_ მომიტევეთ, რომ შემოსვლისთანავე არ გითხარით მოსვლის მიზეზი. ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ: მე გახლავართ ნაკამურა გენდო. ყოველდღე ვესწრები სენსეის ლექციებს, მაგრამ არა მგონია გახსოვდეთ, რადგან თქვენს მოსასმენად უამრავი ხალხი დადის. როგორც ერთ-ერთმა მუდმივმა მსმენელმა, გავბედე სენსეისთან მოსვლა, რომ რჩევა და დარიგება გთხოვოთ.
ბოლოს, როგორც იქნა გაირკვა უცნობის მოსვლის მიზეზი, მაგრამ მაინც გული არ მომიბრუნდა მასზე _ საღამო ჩამიშხამდა, სიმშვიდითა და წიგნის კითხვით ვეღარ დავტკბებოდი.
ბრძანეთ, რა შეკითხვა დაგებადათ ჩემი ლექციების მოსმენისას? _ ვკითხე და გულში უკვე მოვამზადე ზრდილობიანი პასუხი: უმჯობესი იქნება, ამ შეკითხვაზე ხვალ, აუდიტორიაში გიპასუხოთ-მეთქი. მაგრამ სტუმარი მშვიდად დააცქერდა თავის მუხლებს, რომლებზედაც ხაკამა ჰქონდა დაფარებული და მომიგო:
_ შეკითხვა არა მაქვს. მინდოდა სენსეის განესაჯა ჩემი საქციელი. საქმე ისაა, რომ ამ ოცი წინათ ერთი მოულოდნელი უბედურება გადამხდა და ამის შემდეგ საკუთარ თავს ვეღარა ვცნობ. ახლა, როდესაც ასეთი ღრმა თეორიები მოვისმინე ეთიკის ისეთი ბრწყინვალე მცოდნისაგან, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ვიფიქრე, თუ მივალ, ყველაფერში ადვილად გამარკვევს-მეთქი. აი, ამიტომ გავკადნიერდი და გეახელით. თუმცა თავს მოგაბეზრებთ, მაგრამ იქნებ მაინც მოიღოთ მოწყალება და ჩემი თავგადასავლი მოისმინოთ?
მე შევყოყმანდი. მართალია, ეთიკის სპეციალისტი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ სწრაფი აზროვნებით ვერ დავიტრაბახებ _ ძალიან მიძნელდება, ჩემი თეორიული ცოდნის დახმარებით უცებ გადავჭრა პრაქტიკული, ცხოვრებისეული საკითხი. სტუმარმა, ეტყობა, მაშინვე შენიშნა ჩემი ყოყმანი, თავი ასწია და მომაჩერდა. ამ მზერაში ვედრება და მოკრძალება ამოვიკითხე. ცოტა ხნის შემდეგ მან უფრო ბუნებრივი კილოთი მითხრა: _ არა, რა თქმა უნდა, ისე არ გავთავხედდები, რომ ჩაგაცივდეთ, მაინცა და მაინც თქვენი აზრი გამოთქვით-მეთქი, მაგრამ ეს ამბავი დღემდე ლოდად მაწევს გულზე და, ვფიქრობ, ცოტაოდენი შვება მაინც მომეცემა, თუ სენსეი მოისმენს, რა ტანჯვა-წამება გამოვიარე.
ამ სიტყვებმა უკანდასახევი გზა გადამიჭრა. უარის თქმა უკვე უზრდელობაში ჩამომერთმეოდა. გადავწყვიტე ყური დამეგდო, მაგრამ გული კი შემეკუმშა _ მივხვდი, რაღაც ცუდი ამბავი უნდა მომესმინა, თანაც ბუნდოვნად ვიგრძენი, რომ მძიმე რამ უნდა მეტვირთა. შევეცადე ამ უსიამოვნო ფიქრებს არ ავყოლოდი, სტუმარს ჩემს პირდაპირ მბჟუტავი ლამპის მეორე მხარეს მივუჩინე ადგილი და მშვიდად ვუთხარი:
_ აბა, გთხოვთ, დაიწყოთ. თუმცა, თქვენი თქმისა არ იყოს, არ ვიცი, შევძლებ თუ არა, რაიმეთი დაგეხმაროთ.
_ არა უშავს. ოღონდ მომისმინეთ. მე ამისი იმედიც არა მქონდა.
სტუმარმა, ნაკამურა გენდოდ რომ გამეცნო, უთითო ხელით მარაო აიღო ჭილოფიდან და მონოტონური, მწუხარე ხმით დაიწყო თავისი ამბის თხრობა. დროდადრო თავს მაღლა ასწვედა და შემომხედავდა, უფრო ხშირად კი «ტირიფოსან ქალღმერთს» ახედავდა და მერე კვლავ დაბლა დახრიდა ხოლმე თვალებს.
***
ეს უბედურება მეიძის ოცდამეოთხე წელს შემემთხვა. როგორც მოგეხსენებათ, ოცდამეოთხე წელს დიდი მიწისძვრა მოხდა ნობის დაბლობზე და იმის მერე ჩვენი ოგაკა ძალიან შეიცვალა. იმ დროს კი ქალაქში სულ ორი დაწყებითი სკოლა იყო: ერთი თავადის აშენებული, მეორე კი სახელმწიფო. მე თავადის სკოლაში ვმუშაობდი. რამდენიმე წლის წინ წარჩინებით დავამთავრე პრეფექტურის სამასწავლებლო სემინარია და ამ სკოლაში დავიწყე მუშაობა. დირექტორი კარგი თვალით მიყურებდა და ორმოცდაათი იენი დამინიშნა. დამწყები მასწავლებლისათვის ეს კარგი ხელფასი იყო. ახლა ორმოცდაათი იენით ძლივსძლივობით გაიტანს კაცი თავს, მაგრამ ოცი 50
წლის წინანდელ ამბავს გიყვებით და მაშინ ფული ფულობდა. თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ საცხოვრებლად მყოფნიდა და ამხანაგები შემომნატროდნენ კიდეც.
ამქვეყნად ცოლის გარდა ახლობელი არავინ მყავდა. სულ ორი წლის დაქორწინებულები ვიყავით. ჩემი ცოლი დირექტორის შორეული ნათესავი იყო. დედ-მამა ბავშვობიდანვე დაეხოცა და დირექტორმა აიყვანა გასაზრდელად. დირექტორი და მისი ცოლი საკუთარი შვილივით ექცეოდნენ. სახელად საიო ერქვა. შესაძლოა, ჩემგან ამისი თქმა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად გულალალი, მოკრძალებული, უენო და სევდიანი ქალი იყო. მეც ასეთი გახლდით და, თუმცა ძალიან ბედნიერად არცერთი არა ვგრძნობდით თავს, მაგრამ თანხმობით კი ცხოვრობდით. და აი, ერთ დღეს ის დიდი მიწისძვრა მოხდა. არასოდეს დამავიწყდება, 28 ოქტომბერს დაიწყო, დილის შვიდ საათზე. მე კბილებს ვიხეხავდი ჭასთან, ცოლი სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა. უცებ სახლი თავზე ჩამოექცა! ეს სულ ორიოდე წუთში მოხდა: ჯერ ქვესკნელიდან საშინელი გუგუნის ხმა გაისმა, მერე სახლი თანდათან გვერდზე გადაწვა და ბოლოს ერთბაშად აგურების ხროვად დაზვავდა მიწაზე. შეყვირებაც ვერ მოვასწარი, რომ აივნის ჩარდახი ჩამოწვა და ქვეშ მომიქცია. ცოტა ხანს უგონოდ ვეგდე. მიწისძვრა აღელვებულ ზღვასავით მარწევდა. ცა ზევით ასროლილი მიწის ღრუბლებს დაეფარა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოქცეული ჩარდახის ქვევიდან გამოვფოფხდი და წინ ჩვენი სახლის სახურავი დავინახე, დალეწილი ეგდო მიწაზე. კრამიტებს შორის ბალახი მოჩანდა!
სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი მაშინდელი მდგომარეობა გადმოგცეთ. მთელი ჩემი არსება შეძრწუნებამ და დაბნეულობამ მოიცვა. თვალთ დანიბნელდა, მუხლები მომეკვეთა და იქვე ჩავიკეცე. ირგვლივ დანგრეული სახლების მეტს ვერაფერს ვხედავდი, ქვესკნელი გუგუნებდა, სახლის კოჭები და ხეები ასანთის ღერებივით იმტვრეოდა, ხან აქ, ხან იქ, საშინელი ხმაურით წვებოდა სახლის კედლები, ხალხი მოთქმითა და კივილით აწყდებოდა აქეთ-იქით. მაგრამ სულ რამდენიმე წამს ვიყავი ასე თავზარდაცემული და გაოგნებული. როგორც კი შევნიშნე, რომ შორიახლო, ჩარდახის ქვეშ, რაღაც შეიძრა, გამოვერკვიე და უაზრო ყვირილით გავექანე იქით. ჩარდახქვეშ ჩემი ცოლი საიო ეგდო და ტკივილისაგან იკლაკნებოდა. წელზე ჭერის კოჭი დასცემოდა. ჯერ ხელებში წავეტანე, მერე მხრებში და შევეცადე, გამომეთრია, მაგრამ კოჭმა არ გამოუშვა. მაშინ ჩარდახიდან ფიცრების აგლეჯა დავიწყე, რომ სიმძიმე შემემსუბუქებინა, თან ცოლის გასაგონად გავყვიროდი, გამაგრდი-მეთქი! არ ვიცი, ვის ვამხნევებდი, ცოლს თუ საკუთარ თავს? მახსოვს, ცოლმა ამოიკვნესა, აღარ შემიძლიაო. მერე შემევედრა, როგორმე მიშველეო. მაგრამ მე თხოვნა არ მინდოდა, სახეშეშლილი ვეჯაჯგურებოდი კოჭს, რომ როგორმე ამეწია. ახლაც ცოცხლად მახსოვს ცოლის გასისხლიანებული, აკანკალებული ხელები, ფრჩხილებიც არ მოუჩანდა, ისე ჰქონდა მოსვრილი სისხლში. თვითონაც ეპოტინებოდა კოჭს _ ცდილობდა მომხმარებოდა.
ეს ამაო წვალება კარგა ხანს გაგრძელდა... უცებ ვიგრძენი, რომ შავი, მხუთავი კვამლის ბოლქვებში ვეხვეოდი. მივიხედ-მოვიხედე: სახურავის თავზე კვამლის სქელი ღრუბელი იდგა. იმავე წამს კვამლის ბოლქვებს მიღმა ისეთი გრგვინვა გაისმა, თითქოს რაღაც აფეთქდაო და იქაურობა ოქროსფერმა ნაპერწკლებმა დაფარა.
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, გიჟივით ჩავაფრინდი ცოლს ორივე ხელით და კიდევ ერთხელ შევეცადე გამომეთრია კოჭს ქვემოდან, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ბოლმა იმატა. მუხლით ჩარდახს დავეყრდენი და მახსოვს, რაღაც ვუთხარი ცოლს, რაღაც ამოვიხრიალე, ალბათ მკითხავთ, რაო, აუცილებლად მკითხავთ, მაგრამ რა გიპასუხოთ, როცა აღარ მაქსოვს. მხოლოდ ის ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ ცოლმა გასისხლიანებული ხელები წამავლო სახელოში და ერთადერთი სიტყვა «თქვენ» აღმოხდა... მე სახეზე დავხედე. სახე შემზარავი ჰქონდა, ყოველგვარ გამომეტყველბას მოკლებული. ფართოდ გახელილი თვალებით შემომცქეროდა. იმავე წამს კვამლის ღრუბლებიდან გამოვარდნილი ალის დამაბრმავებელმა ენებმა ჯერ ნაპერწკლები სთანთქა, მერე კი მე ამილოკა სახე. მივხვდი, საშველი აღარ იყო, ცოცხლად დაიწვებოდა. გასისხლიანებულ ხელებში მოვეჭიდე და კვლავ რაღაც ჩავძახე. მან ისევ ერთი სიტყვა მითხრა პასუხად: «თქვენ»... რამდენი სხვადასხვაგვარი აზრი და გრძნობა იყო ჩაქსოვილი ამ ერთ სიტყვაში! «ცოცხლად იწვება, ცოცხლად!» _ მიტრიალებდა გონებაში. მესამედაც დავუძახე რაღაც. მგონი ვუთხარი, მოვკვდები-მეთქი. დიახ, მახსოვს, ასე ვუთხარი, მეც მოვკვდები-მეთქი, თუმცა ალბათ, მაშინ არც მე გამეგებოდა რას ვამბობდი. მერე ისღა მახსოვს, რომ მიწიდან აგურებს ვკრეფდი და ზედიზედ ვურტყამდი ცოლს თავში.
შემდეგ რაც მოხდა, სენსეი თვითონაც ადვილად წარმოიდგენს. მე ცოცხალი გადავრჩი. გამოვექეცი ფეხდაფეხ დადევნებულ კვამლსა და ალს, თითქმის მთელი ქალაქი რომ მოიქციეს ხახაში, ჩამოქცეულ, ერთიმეორეზე აჩხორილ სახურავებს გავცდი და ბოლოს, როგორც იქნა, არ ვიცი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, სამშვიდობოს გამოვედი. იმ რამეს სკოლის ეზოს შევეფარე ჩემს ამხანაგებთან _ მასწავლებლებთან ერთად. სკოლა დანგრეული იყო. მრუმე ცას ჯერ კიდევ ანათებდა ხანძრის ალი. ფარდულში ბრინჯი მოხარშეს და ჩამოგვირიგეს, მაგრამ მე ზეცას მივჩერებოდი და თვალებიდან ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები.
ნაკამურა გენდო დადუმდა და შიშჩამდგარი თვალები ჭილოფს დააშტერა. მე კი ისე შემზარა ამ ამბავმა, რომ ხმა ვეღარ ამოვიღე; ყინვა თანდათან მიჯდებოდა ტანში და ლამის გულშიაც ჩამწვდენოდა. ოთახში მხოლოდ ნავთის ლამპის შიშინი და ჩემი მაჯის საათის თანაბარი წიკწიკი ისმოდა. ამ სიჩუმეში სუსტი ოხვრა გაისმა, ისეთი სუსტი, თითქოს «ტირიფოსანი ქალღმერთი» შეირხა წალოშიო.
თავი ავწიე და სტუმარს მივაჩერდი. იგი კვლავ თავდახრილი იჯდა და ჭილოფს დაშტერებოდა. ნეტა იმან ამოიოხრა? იქნებ მე თვითონ ვიყავი? ფიქრი გენდოს სუსტმა ხმამ შემაწყვეტინა. მან აუჩქარებლად განაგრძო თავისი ამბის თხრობა:
რა თქმა უნდა, ცოლის დაღუპვამ ძალიან დამამწუხრა. სკოლაში ყველა, თვითონ დირექტორიც კი ცდილობდა ვენუგეშებინე, მაგრამ მეტყოდნენ თუ არა თანაგრძნობის სიტყვებს, ტირილი ამივარდებოდა. საოცარია, მაგრამ ვერაფრით ვერ გავბედე მეღიარებინა, რომ მიწისძვრის დროს მე თვითონ მოვკალი ცოლი. რა იქნებოდა, მეთქვა: ვიფიქრე, ცოცხლად დაწვას ასე სჯობია და საკუთარი ხელით მოვკალი-მეთქი? სასამართლო, მე მგონი, პატიმრობას არ მომისჯიდა ამისთვის. ეს რომ გაეგოთ, ალბათ უფრო მითანაგრძნობდა ყველა, მაგრამ ამდენჯერაც კი დავაპირე გამოტყდომა, ყელში რაღაც გამეჩხირა და ხმა ვერ ამოვიღე.
მაშინ მეგონა, რო ამის მიზეზი ჩემი გაუბედაობა იყო. სინამდვილეში კი მიზეზი უფრო ღრმა და სერიოზული გამოდგა. მაგრამ სანმა მეორედ დაქორწინებაზე არ ჩამომიგდეს სიტყვა და ახალი ცხოვრების დაწყების ჟამმა არ მოაწია, ეს მიზეზი თვითონაც არ მქონდა გაცნობიერებული. და როცა მივხვდი, თუ რა იყო ჩემი გაუბედაობის მიზეზი, საცოდავ, სულიერად მოშლილ და გაუბედურებულ არსებად ვიქცეი.
მეორედ დაქორწინება სკოლის დირექტორმა, საიოს ძმობილმა მირჩია. ვიცოდი, რომ მართას ძალიან ვეცოდებოდი და ამიტომ უნდოდა ხელხახლა დამეწყო ცხოვრება. რაც უნდა იყოს, უკვე მთელი წელი გავიდა საიოს დაღუპვიდან. ადრეც ბევრმა გადამიკრა სიტყვა, მაგრამ პირდაპირ არავის უთქვამს. დირექტორმა კი საცოლეც დამისახელა, ბატონ ¹-ის უმცროსი ქალიშვილის გარიგებას გიპირებენო.
ჩვენ ახლა სწორედ ამ ბატონის სახლში ვიმყოფებით. მისი უფროსი ვაჟი დაწყებითი სკოლის მეოთხე კლასში სწავლობდა. მე ხანდახან აქ მოვდიოდი და ვამეცადინებდი ხოლმე. რა თქმა უნდა, მაშინვე გადაჭრით ვთქვი უარი ამ ქორწინებაზე. ჯერ ერთი, მე და ბატონი ¹ სოციალური კიბის სხვადასხვა საფეხურზე ვიდექით _ მე უბრალო მასწავლებელი ვიყავი, ის კი მთელ ქალაქში ცნობილი, გავლენიანი და მდიდარი კაცი გახლდით და, გარდა ამისა, მეშინოდა, ხალხმა ლაპარაკი არ დაიწყოს, ოჯახში იმიტომ მოუხშირა სიარულს, რომ ქალიშვილისათვის თავი შეეყვარებინაო. სინამდვილეში კი ჩემი უარის მიზეზი საიოს აჩრდილი იყო, საიოსი, რომელიც საკუთარი ხელით მოვკალი. აჩრდილი, რაც ხანი გადიიოდა, სულ უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდებოდა, მაგრამ ჯერ მთლიანად არ გამქრალიყო და კვლავ მტკიცე დაბრკოლებად იყო აღმართული ჩემი ახალი ქორწინების გზაზე. მაგრამ დირექტორს არც ჰქონდა იმედი, რომ ერთი თქმით დავთანხმდებოდი და ჩამაცივდა, თქვენი ხნის კაცი დიდხანს უცოლოდ ვერ გაჩერდება და ბედი ხელიდან არ გაუშვათო, მითხრა. ჯერ ერთი, თვითონ ქალიშვილს ძალიან მოსწონხართ, მერე, თუ შეირთავთ, თქვენი დიდი ხნის ოცნება განხორციელდება _ ტოკიოში წახვალთ სასწავლებლადო. ბოლოს დასძინა, ხალხის ლაპარაკისა ნუ გეშინიათ, მაჭანკლობას მე ვკისრულობ და ისე მოვაწყობ საქმეს, რომ ვერავინ დაგწამებს რაიმესო. ერთი სიტყვით, იმდენი მეჩიჩინა, რომ ყოყმანი დავიწყე. ქალიშვილი ძალიან ლამაზი იყო და, მრცხვენია, რომ ვამბობ, მაგრამ ¹-ის სიმდიდრეც მიზიდავდა. დირექტორთან საუბრის შემდეგ ¹-ის ოჯახში სიარულს მოვუხშირე კი დავპირდი, რომ ახალი წლის შემდეგ ვეტყოდი საბოლოო პასუხს. ბოლოს, მეიძის ოცდამეექვსე წლის გაზაფხულზე ვადთქვით, რომ შემოდგომაზე ვიქორწინებდით.
და აი, როცა ყველაფერი გადაწყდა, რატომღაც საშინლად დამიმძიმდა გული, ისე საშინლად, რომ მუშაობაც ვეღარ შევძელი. მივიდოდი სკოლაში, მივუჯდებოდი მაგიდას და ისე ჩავეფლობოდი ფიქრებში, რომ ზარის ხმაც აღარ მესმოდა. თვითონაც ვერ გავრკვეულიყავი, რა მინდოდა, რატომ მაწუხებდა ასე შემოდგომის მოახლოება. ვგრძნობდი მხოლოდ, რომ აზრები ხან არ ებმებოდა ერთმანეთს, ხან კი ისე ერთად მოზღვავდებოდა ყველა, თითქოს უნდოდათ მტკიცედ გადაეღობათ გზა იმ ერთი, სადღაც გონების სიღრმეში ჩამარხული აზრისათვის, დროდადრო ცნობიერების ზედაპირზე ამოღწევას რომ ლამობდა.
თითქმის ორი თვე ვიყავი ასე გაბრუებული. დადგა ფახულის არდადეგები. ერთ საღამოს ქუჩაში გამოვედი სასეირნოდ. ხონგანძის სამლოცველოს რომ გავცდი, წიგნის მაღაზიის წინ გამართულ დახლზე გამოფენილი ჟურნალ-გაზეთები დავინახე, მივედი და თვალიერება დავუწყე. თვალში მომხვდა იმხანად ერთობ პოპულარული ჟურნალის «ილუსტრირებული მიმოხილვის» პრიალა ყდები. იქვე ელაგა მოთხრობები მოჩვენებებზე და ალბომები. «ილუსტრირებული მიმოხილვის» ერთ-ერთო ნომერი ავიღე ხელში. ყდაზე ცეცხლის ალში გახვეული დანგრეული სახლები ეხატა, ზემოთ კი მსხვილი ასოებით ეწერა: «გამოცემულია მეიძის ოცდამეოთხე წლის 30 ოქტომბერს; 28 ოქტომბრის მიწისძვრა». ეს რომ წავიკითხე, გულზე მტკივნეულად მომიჭირა რაღაცამ, მომეჩვენა, თითქოს ვიღაცამ ბოროტად ჩამჩურჩულა ყურში: «აი, ის მიწისძვრა, აი, ის მიწისძვრა!» მაღაზიაში ჯერ არ აენთოთ სინათლე, ქუჩაში უკვე
ბინდი იდგა, მაგრამ მაინც გადავშალე ჟურნალი, პირველ გვერდზე დანგრეული სახლის კოჭებქვეშ მოყოლილი ოჯახის ფოტო იყო მოთავსებული. მომდევნო გვერდზე მიწას პირი დაეღო და ბავშვებიან ქალს ნთქავდა: ამას მოსდევდა... თუმცა რა საჭიროა ყველაფრის ჩამოთვლა? იმ წამებში ნათლად წარმომიდგა თვალწინ ორი წლის წინათ ნანახი საშინელი სურათები: აქ იყო ნაგარაგავას ჩანგრეული ხიდი; ეს კი ადრე ოვარის საფეიქრო კომპანიის შენობა იყო. ერთ-ერთ სურათზე მესამე დივიზიის ჯარისკაცთა გვამებს თხრიდნენ ნანგრევებიდან, მეორეზე დასახიჩრებულები მიჰყავდათ ანტის საავადმყოფოში... ამ საშინელმა სურათებმა კვლავ გამოაცოცხლა იმ წყეული დროის მოგონებები; თვალებზე ცრემლი მომადგა, ავკანკალდი, რაღაც გაურკვეველმა გრძნობამ შემიპყრო. ვერ გეტყვი, ტკივილი იყო ეს თუ შვება და როცა ბოლო გვერდს დავხედე... ახლაც, იმ წუთებს რომ ვიგონებ, ხანჯალივით მისერავს ტკივილი გულს. ბოლო გვერდზე თავის ქვეშ მოყოლილი, ტკივილისაგან სახეშეშლილი ქალი იყო გამოსახული. თავზე გარდიგარდმო დასცემოდა წელზე, უკან კი კვამლის ბოლქვები, ალის ენები და ნაპერწკლების კორიანტელი მოჩანდა! ეს ხომ ჩემი ცოლის აღსასრულს გავდა. ჟურნალი კინაღამ ხელიდან გამივარდა. კინაღამ ღრიალი მოვრთე. უცებ ბოლის სუნი ვიგრძენი და კიდევ უფრო დავფრთხი. თავს ძალა დავატანე, რომ ცოტათი დავმშვიდებულიყავი, ჟურნალი დახლზე დავდე და ირგვლივ მიმოვიხედე: ნოქარს მაღაზიის შესასვლელში ჩამოკიდებული ლამპა აენთო და ასანთი ქუჩაში გადმოეგდო: ასანთს ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა.
იმ დღიდან კიდევ უფრო კუშტი და უკარება გავხდი. ადრე მხოლოდ რაღაც გაუცნობიერებელი შიშისა და წუხილის გრძნობა მტანჯავდა, ამის შემდეგ კი ერთი ისეთი ეჭვი მომეძალა, რომ დღეცა და ღამეც ჯოჯოხეთად მიქცია. ნუთუ არ შეიძლებოდა, არ მომეკლა ცოლი იმ მიწისძვრის დროს? _ ვეკითხებოდი წამდაუწუმ საკუთარ თავს. ნუთუ ეს აუციელებელი იყო?! უფრო გულწრფელად რომ ვთქვათ, იმიტომ ხომ არ მოვუღე ბოლო, რომ ადრეც მინდოდა მისი მოკვლა და მიწისძვრის დროს მარჯვე შემთხვევა მომეცა, რომ დიდი ხნის ოცნება განმეხორციელებინა? აი, ეს ეჭვი მაწამებდა, ეს აზრი მიწამლავდა სიცოცხლეს. არა, არა! ვარწმუნებდი თავს, მაგრამ ის ვიღაცა, წიგნის მაღაზიასთან რომ ჩამაწვეთა გულში შხამი და სამსალა, ახლაც დაცინვით ჩამციცინებდა ყურში, მაშ რატომ ვერ გაბედე სიმართლის თქმა, რატომ არ აღიარე, რომ ცოლი მოკალიო? ამის გაგონებაზე გული მეფლითებოდა. მართლაც რატომ არა ვთქვი, რატომ არ ვამხელ დღემდე ამ საზარელ საიდუმლოს? და, ერთ დღეს, ცხადად შევიგრძნე, რომ იმ დროს ცოლი საშინლად მეჯავრებოდა. სირცხვილია ამის თქმა; თქვენ, შესაძლებელია, ვერც კი გამიგოთ, მაგრამ საიო, სამწუხაროდ, ქალად არ ვარგოდა _ ცივი, ყინულივით ცივი და უგრძნობელი იყო... ამგვარად, იმ დღემდე თავს ვარწმუნებდი, ვალდებული ვარ ზნეობის კანონებს დავემორჩილო-მეთქი და თითქმის შევძელი კიდეც გრძნობის დათგუნვა, მაგრამ მოხდა ის დიდი უბედურება და ყოველივე, რაც კი საზოგადოებამ შექმნა, აღიგავა პირისაგან მიწისა. და მაშინ ამდენი ხნის უკმარისობისა და უკმაყოფილების გრძნობა ვულკანივით აბობოქრდა გულში, გადაანგრია ზნეობრივი სიმტკიცის ხელოვნური ჯებირი და ცეცხლის ნიაღვრად დაატყდა თავზე საბრალო ქალს! მოვკალი იმიტომ, რომ ვერ ვიტანდი! აი, ეს ეჭვი ვეღარ მოვიშორე და რა გასაკვირია, რომ დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეუფლებოდა სევდა და კაეშანი. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და მეც ვცდილობდი, როგორმე თავი დამეღწია საზარელი ეჭვისაგან. ვამბობდი, რომ არ მომეკლა, ცოცხლად დაიწვებოდა ცეცხლში და, მაშასადამე, ბოროტმოქმედება არ ჩამიდენია-მეთქი.
ერთხელ, ზაფხული რომ მიიწურა და სწავლა დაიწყო, კოლეგებთან ერთად შესვენებაზე ჩაის ვსვამდი სამასწავლებოში. ვიღაცამ იმ ორი წლის წინანდელ მიწისძვრაზე ჩამოაგდო სიტყვა. მე საუბარში არ ჩავერიე, ყურიც კი მოვიყრუე. ჰყვებოდნენ, როგორ ჩამოიქცა ხონგარის სამლოცველოს სახურავი, როგორ წაიღო მდინარემ მთელი ჯებირი, როგორ დააღო პირი მიწამ ტავარამატის ქუჩაზე... ერთ-ერთმა მასწავლებელმა გვიამბო, რომ ერთ ქალს, ღვინის სავაჭრო რომ ჰქონდა ნაკამატის ქუჩაზე, ჭერი ჩამოენგრა თავზე და კოჭმა ქვეშ მოიყოლა. ბევრს ეცადა გამომძვრალიყო, მაგრამ ვერაფერს გახდა და აუცილებლად დაიღუპებოდა, რომ სახლის ნანაგრევებს ხანძარი არ გასჩენოდა. ცეცხლი კოჭსაც მოედო, შუაში გამოწვა და გადატეხა. ქალი გადარჩა!
ეს ამბავი რომ მოვისმინე, თვალთ დამიბნელდა და სული ვეღარ ამოვითქვი. მერე გულიც წამივიდა. გონს რომ მოვედი, გარს ამხანაგები შემომხვეოდნენ და მაბრუნებდნენ _ ზოგი წყალს მასმევდა, ზოგი წამალს მაყნოსინებდა; შეუმჩნევიათ, რომ ფერი დავკარგე და დაფაცურებულან. გონს კი მოვედი, მაგრამ ისევ იმ ამბავზე ვფიქრობდი და მადლობაც ვერ გადავუხადე ამხანაგებს. ტვინს საზარელი ეჭვი მიბურღავდა: იმიტომ ხომ არ მოვკალი, რომ შემეშინდა, შემთხვევით არ გადარჩენილიყო? რომ არ მომეკლა, იქნებ მართლა გადარჩენილიყო. ის ღვინით მოვაჭრე ქალი ხომ გადარჩა! მე კი შეუბრალებლად დავუჩეჩქვე თავი აგურებით... სენსეი თვითონ მიხვდება რა დღეში ჩამაგდო ამ ეჭვმა. ჩემს ტანჯვას საზღვარი არა ჰქონდა, მომავალ ქორწინებაზე ფიქრიც კი მზარავდა და ბოლოს გადავწყვიტე, უარი მეთქვა ბატონ ¹-ის ქალიშვილის შერთვაზე.
მაგრამ, როცა ქორწინების ვადა მოახლოვდა, კვლავ ყოყმანი დავიწყე. ხომ უნდა ამეხსნა უარის მიზეზი? უნდა გამემხილა ჩემი საიდუმლო, უნდა მეთქვა, რომ სულიერად განადგურებული ვიყავი და ცოლის შერთვის თავი არა მქონდა.
მეყოფოდა კი გამბედაობა, რომ გადამწყვეტ წუთებში ყველაფერი გულწრფელად მეღიარებინა? ვცდილობდი თავი გამემხნევებინა და ეს აუცილებელი ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ ვერა და ვერ გამებედა. ამასობაში კი შუა შემოდგომამ მოაწია და უკვე სულ ცოტა დარჩა ქორწილამდე.
მე ლაპარაკის თავის არა მქონდა, მაგრამ ამხანაგები თვითონ მეუბნებოდნენ, რომ არ ჯობია ქორწილი გადავდოთო? დირექტორმა ერთი სამჯერ მაინც მითხრა, კარგი იქნებოდა ექიმს სჩვენებოდიო. მე კი ვერც ქორწილის გადადებას ვბედავდი და ვერც ექიმთან მისვლას. გადადება რას მიშველიდა? ან გადაჭრილი უარი უნდა მეთქვა, ან ბედს უნდა დავმორჩილებოდი. სასიმამროს ეგონა, ასე ცუდ გუნებაზე იმიტომ არის, რომ მარტოხელააო და სულ მიჩიჩინებდა, საქმე დავაჩქაროთო. ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე და ქორწინების დღედ 29 ოქტომბერი დავნიშნე (ის მიწისძვრაც ოქტომბერში მოხდა, ორი წლის წინათ, ოღონდ 28 რიცხვში). ცერემონიალი სასიმამროს სახლში ჩატარდა. როცა გერბებით მორთულ სანეფე ტანსაცმელში გამომაწყვეს და მდიდრულად გაწყობილ-მოოქროვილი თეჯირებით გაყოფილ ოთახში შემიყვანეს, ხელ-ფეხი შემებორკა. მეჩვენებოდა, რომ არამზადა ვიყავი, არამზადა, რომელიც ყველასგან ფარულად, ახალი ბოროტმოქმედების ჩადენას აპირებს. არა, კი არ მეჩვენებოდა, მართლა ასე იყო. მხეცურად გავუჩეჩქვე თავი საკუთარ ცოლს და ახლა ¹-ის ოჯახს მივადექი, რომ ქალიშვილი და ქონება წამერთმია. ამ ფიქრებმა ცეცხლი წამიკიდა გულზე, სახეზე ერთიანად შემომენთო სიწითლე, მკერდში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. უეცრად საშილად მომინდა, აქვე, ყველას თანდასწრებით გამეცხადებინა ჩემი დანაშაული, ხმამაღლა მეყვირა, რომ მკვლელი ვარ, ცოლის მკვლელი! ამ დროს, ჩემ წინ, ტახტზე, მოჩვენებასავით 55
გამოჩნდა თეთრი ატლასის წინდები. შემდეგ კიმონო დავინახე, რომლის კალთებზე ცამდე აწვდილი ნაძვები და ნისლში მოლივლივე წეროები მოჩანდა. მერე ჩემმა დაბინდულმა მზერამ ოქროქსოვილი სარტყელი, ვერცხლის ძეწკვი და თეთრი საყელო გაარჩია, ბოლოს კი მაღლა ავარცხნილი თმა და შიგ ჩაბნეული კუს ბაკნის მქრქალად მბზინავი სავარცხლები და თავსაჭერები. ყოველივე ამის დანახვაზე ისე შემეშინდა, რომ სუნთქვა შემეკრა. შემდეგ ძლივს ამოვითქვი სული, მოვიხარე, ტატამზე დავემხე და სასოწარკვეთილმა ვიღრიალე, საზარელი ბოროტმოქმედება ჩავიდინე, მკვლელი ვარ, მკვლელი-მეთქი!
ნაკამურა გენდო დადუმდა და თვალებში მომაჩერდა. მერე ერთი მწარედ გაიღიმა და კვლავ ალაპარაკდა:
_ აღარ შეგაწყენთ თავს. თვითონაც მიხვდებით, რა მოხდებოდა შემდეგ. მხოლოდ ის მინდა დავსძინო, რომ დღემდე წვალებით მივათრევ ჩემს ტანჯულ წუთისოფელს და ყველას შეშლილი ვგონივარ. იმის გადაწყვეტა, შეშლილი ვარ თუ არა, სენსეისათვის მიმინდვია, მაგრამ თუ მართლა შეშლილი ვარ, მინდა გავიგო, რა არის ამის მიზეზი. იქნებ იმ მხეცმა შემშალა, ყველა ადამიანის სულის სიღრმეში რომ არის მიმალული? ის ყველას სულშია და ხვალ შეიძლება ისინი გააგიჟოს, რომლებიც დღეს მე დამცინიან... ასე მგონია, თუმცა იქნებ...
ჩემსა და საშინელ სტუმარს შორის კვლავ ლამპის სუსტი შუქი პარპალებდა. მინდოდა მეკითხა, ხელზე თითი რატომ გაკლია-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ ზურგს უკან «ტირიფოსანი ქალღმერთი» მედგა და გადავიფიქრე. გაზაფხულის სუსხი ძვალ-რბილში მივლიდა, მე კი გაუნძრევლად ვიჯექი და ვდუმდი.
 
აგვისტო, 1919წ.