ზარების რეკვას ვისმენ შორეულს...
მიმოვიხედე, რომ გიხილო, მშვენიერებავ,
რომ ძალა ვიგრძნო სხეულში ისევ
და მთების იქით გამიტაცო,
ზღაპრულ მხარეში!
მოგინახულებ, გაზაფხულო,
რომ ყველაფერი ჩემს კუთვნილად
წარმოვიდგინო:
მიწა, ტყე-ველი, მთა და ბარი,
მერცხლების ლაღი ჟღურტული ცაში,
მდინარეების აღმაფრენა,
ზვირთთა ლივლივი,
რაც შენ მაჩუქე, ის ყველაფერი!..
აღემატება ყოველივეს ჯილდო ბუნების, _
სიცოცხლე ერთხელ რომ მოგვენიჭა!
ჩემო კეთილო მეგობარო, შენი ხმა ვიცან,
ნუთუ კვლავ მიხმობ იმ ბილიკებით, _
დიდბუნოვანმა ჩემმა ზაფხულმა,
მშვიდად და უხმოდ რომ ჩაიარა?!
მე გავაცილე ყველანი შორეთს _
ვისიც მჯეროდა და ვინც მიყვარდა...
ცრემლიანი და სევდიანი,
გამოვეთხოვე სუყველას თითქმის...
სიმღერაც აღარ მსმენია მერე,
ტკბილი სიმღერა!
ახლა კვლავ ვხედავ, _
მოადგაფუნებს გაზაფხული ოლეებს, ჭყანტებს,
ყვავილობს ბაღი ათას ფერებით.
მწერებიც ირგვლივ მიმოფრენენ
რა სიხარულით,
გაცოცხლებული გუგუნებს ჭალა.
ო, რა კარგია ეს ყველაფერი!
გამომზიურდი ბედნიერებავ,
ყველას სახეზე დამენახვე,
ყველა მონახე!
ასე შორიდან
ვისი ხმა მესმის,
რომ გამაღვიძოს, გამომაფხიზლოს,
დამიბრუნოს, რაც დრომ წამართვა, _
თან გამაყოლოს,
ტალღებს, რომელნიც
უდარდელად მიიჩქარიან!..
მე ვემზადები
და ვიკაზმები შესახვედრად ახალ დღეების, _
ისევ შევხარი ჩქერთა ვარდნას ქარაფებიდან...
გადავიღეღავ გულმკერდს ბავშვივით,
ლაღად მივუშვერ მოვარდნილ ნიავს:
მივესალმები მოგზაურებს ისე მხურვალედ,
დიდი ხნის შემდეგ განშორებულნი,
ძმები ხელახლა როგორც ხვდებიან...
აღარ დამტოვა, ტკბილო სიზმარო, _
ბინდიც დაეშვას, _ არ მეშინია,
სუყველა ერთად ამ ბინდში ვივლით.
ხომ ვიგრძენ იგი,
ხომ ვნახე იგი, _
მე რომ ველოდი მოლოდინით,
ხან არც ველოდი...
ვარდ-ყვავილებით, გაბმულ წვიმებით,
მოვიდა იგი,
მომიტანა ძღვენი მრავალი,
შენ დამიბრუნე ის ყველაფერი,
რაც დრომ წამართვა,
გაზაფხულო!..