Litclub.ge

მეცხრე
"ბაზალეთის ტბის" კითხვისას 

ცხრა სიგრძითა და ცხრა განით 
ქართველი გახლავთ ცხრაგვარი...
აქედან, რვა ჰგავს ერთმანეთს, 
რვავე გაჭრილი ვაშლივით, 
ერთნაირი აქვთ სიმთვრალეც, 
სუფრაც ერთი აქვთ გაშლილი. 
ერთი, _ დაღლილი ქართველი, 
მეორე კიდევ _ პრანჭია, 
მესამე, - თუმცა ჯანმრთელი, 
შემკრთალი, როგორც ბაჭია. 
მეოთხე, არასმქონები, 
მაინც ლოთი და ხმაურა, 
მეხუთე, ცხოვრობს გონებით, 
ებრძვის აკაკის ღამურას. 
მეექვსე, სიამოვნებით 
მისდევს ღრუბელთა მარულას. 
მეშვიდე, ჩუმად რომ არის, 
კაცს იმ სიჩუმით აგიჟებს, 
მერვე, მეცხრე ცას მჯდომარი _ 
ყველაფერს ფასად დაგიჯენს. 
რვაივე შერცხვეს სათემოს, 
უღელი მეცხრეს აცალეთ, 
გიყურებ, მეცხრე ქართველო, 
გამოჩნდი, შენ გენაცვალე.