Litclub.ge

ოჩოკოჩი
ოჩოკოჩი ბაკუნობს თხის ჩლიქებით,
ოჩოკოჩს უჭირავს სტვირი.
იარა,
იარა,
დალექა ჩირგვები,
ახოსთან წაიქცა და ტირის.
ოჩოკოჩო,
ჰეი,
ოჩოკოჩო!
ჩაჰბერე,
დაუკარ სტვირი!
ოჩოკოჩი ხეტიალობს ნაურმალ შარაზე, _
კაცი ვარო და
სისხლი მიდუღს,
მეგრელმა ქალებმა კარები ჩარაზეს
_ დიიდუ!
ფაცხაში ბავშვებმა უმატეს ტირილს,
ფაცხაში ვარსკვლავები ცვივა.
ოჩოკოჩო, ჩაჰბერე,
დაუკარ სტვირი,
ცივა...
ოჩოკოჩი წყევლის
ღამეებს მთვარიანს,
სიყვარულით ღარიბს,
მარტოობას მდიდრულს.
ოჩოკოჩი ტყეში დადის და
ოჩოკოჩი მთვრალია,
დიდუ!