მინდა ეს ლექსი შენც მოგხვდეს გულთან,
მინდა მეც მქონდეს პწკარი ძლიერი,
საქართველოში რომ ერთად ვსუნთქავთ,
სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი...
მეც ხომ მივლია იმ მთების გაღმა,
მგზავრად მომდევდა ლექსი ხმიერი,
მეც ხომ შემისვამს ლიახვის ტალღა
და სამუდამოდ ვარ ბედნიერი.
მეც მინატრია ია მუხლამდის,
რომ გაზაფხულის მწვავდა იერი,
მიყვარდა... მაგრამ, რომ არ ვუყვარდი,
იქნებ ამიტომ ვარ ბედნიერი.