Litclub.ge

ხუცესის ნათქვამი
ხუცესი შემხვდა ხატის კარს,
თავისიანად მიგულა,
ჯერ იახსარი ადიდა,
მერე მომმართა ჯიქურად:
_ მომრავლდნენ მიტმასნილები,
მაფიქრებს მათი სიმრავლე,
ჩამოურიგეთ სილები,
თორემ ბოლოჟამს ინანებთ.
გვმართებს გაკიცხვა სატანის
და ბრძოლისათვის მოთელვა,
სიმტკიცე ჭირის ამტანი,
შემართებაც და მოთმენაც!..
ხატის კარს იდგა ხუცესი,
მხრებზე ნაბადით შავითა,
გმობდა უხამსს და უწესოს,
ღვთით კურთხეული რაინდად.