Litclub.ge

კვლავ ანანურთან
კვლავ ანანურში შეხვედრას ვნანობ,
ვნანობ არაგვზე ატეხილ ჭალებს...
შენი მკერდივით ცა იყო მწვანე
და შენი შურდათ დანარჩენ ქალებს.
მე ფაფარივით მოვსდევდი ცხენებს
და სულში ჩარტყმულს 
ვითვლიდი ფლოქვებს,
მზე იყო შენი მკერდივით ცხელი
და წყაროს წყალზე ავსებდნენ დოქებს.
დოქებს ავსებდნენ, ტიროდა ფიქრი,
ფიქრი ტიროდა დაკარგულ წყაროს
და ანანურის სიმაღლის იქით
იდგა სიჩუმე თბილი და წყნარი.
იდგა სიჩუმე, ლამაზი ქალი,
იდგა სიჩუმე, ნათელი სევდა
და დასავლეთის წითელი რკალი
მზის დაბრძანების პოემას წერდა.