მე ვარ მისანი ხარი წიქარა,
შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,
რომ გემსახურო და გიერთგულო.
შენი უღელი მემჩატოს აგრემც,
ქედზე რო მადგას განაჩენივით.
არ მომიღერო გეთაყვა სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.
და თუ გქონია რამე ტკივილი
ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს, _
ამილოკია ქვამარილივით
და ხარის ცრემლით დამიტირია.
რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან
ქედგახეხილი, გადატყაული...
ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა
არაფერი მაქვს დანაშაული.
და როცა მიწას მივებარები,
ნაჯაფარი და ტანდაკორძილი, _
შენზე დამრჩება ისევ თვალები
ანგელოსების ამოკოცნილი.