Litclub.ge

*** "დღეს ქარი იქნება იფნებთან"
დღეს ქარი იქნება იფნებთან.
ისეთი ქარი, შენ რომ გიყვარს...
დღეს ქარი იქნება იფნებთან,
მაგრამ ვაი, რომ შენ არ იქნები!
დღეს მე უშენოდ ვიქნები იფნებთან!
...და შენ, ფიქრო ჩემო, დარდო ჩემო,
ჩემო ქარო და იფანო,
თეთრად დაწრეტილო ღამევ...
დღეს ქარი იქნება იფნებთან და იცი,
რას ვიზამ?...
უშენოდ მე ვერას გავუგებ ქარს,
უშენოდ რას მეტყვიან,
რას გამიმხელენ იფნები!
ქარი კი იქნება იფნებთან,
ისეთი ქარი, შენ რომ გიყვარს!
ნუ ფიქრობ, უშენოდ წავალ და
ყურს მივუგდებ...
იფნები არაფერს მეტყვიან უშენოდ...
და იმ ქარს, შენ რომ გიყვარს...
დავიმახსოვრებ...
დავიმახსოვრებ ქარს იფნებში და,
როცა შენ ჩემთან იქნები...
შენ, ფიქრო ჩემო, შენ, დარდო ჩემო,
ჩემო ქარო და იფანო,
თეთრად დაწრეტილო ღამევ...
დავიმახსოვრებ ქარს იფნებში
და გეტყვი შენ...
გეტყვი შენ, როცა შენ ჩემთან იქნები...
მაგრამ ვაი, რომ
შენ ჩემთან არასდროს იქნები...
დღეს კი, ქარი იქნება იფნებთან...