Litclub.ge

ტოტემი

მგელი ჰყოლია ტოტემად თურმე
ჩემს გვარს, ჩემს მოდგმას,
ჩემს ჯილაგობას;
მომხდურს ხვდებიან ყველაზე უმალ,
შეანანებდნენ გულვერაგობას.
მშობიარობდა მგლის ტყავზე ქალი,
ახალშობილსაც ახვევდნენ მგლის ტყავს,
მგელს უმღეროდა ჩონგურის ლარი,
მგლის სითამამე მოსდევდა სიტყვას.
მგელი ეხატა კეცებში პურსაც,
მგლის თვალს ჰკიდებდნენ
კარზე თილისმად,
მგლის დღეს უქმობდნენ.
გაშლიდნენ სუფრას,
მგლური სჩვეოდათ ჭამაც,
ღვინის სმაც.
მიუვალ კლდეზე ციხე აშენეს,
მგლის მუხლი ჰქონდათ,
მგლის ჰქონდათ გულიც;
მათ შთამომავალს და მათ ნაშიერს
გაავებაღა შემომრჩა მგლური.
და როს მავანი ყბედობას იწყებს,
ტყუის ერთანაც,
ღმერთთანაც ტყუის,
შევეფარები ჩემს ბუნაგს ვიწროს,
ტყვიანაკრავი მგელივით ვყმუი.