რა დაგესიზმრა? იასამანი?
და თეთრი ირმის თქრიალა ცური?
ტანს რა გეფარა? ჭინჭრის საბანი?
თავქვეშ რა გედო? პრიალა ცული?
ვითომ მიართვი ირმის რძე უფალს?
იასამნებით მოურთე ტახტი?
ვითომ იცოდი, რაც იმას უყვარს
და ამიტომაც თამამად დახვდი?
რომ ჩაეძინა მოხუცს და დაღლილს,
გამოხვედი და მიხურე კარი?
და მერე ცაში გაფრინდა სახლი,
თეთრი რაშებით და თეთრი ქარით?..