ველად მიდის შვიდი ვაჟი,
შვიდივ ზემო სოფლიდანა,
მიაქვს შვიდი მხარი თოკი,
შვიდი გული, შვიდი დანა!
ველად დაქრის შვიდი რაში,
შვიდი ფერის ქარისთანა,
ერთი ისე მოთამაშობს –
ფაფარს აგდებს მთვარესთანა!
– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,
მისი გული – ჩემი დანა!
– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,
არ დაუწყო ანაბანა!
– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,
მიწას გაუთანაბარო!
– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,
თვალზე ბინდი დავაფარო!
– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,
სულეთს სიტყვა დავაბარო!
ველად დაქრის შვიდი ქარი,
ველად ელავს შვიდი დანა,
შვიდი მზე და შვიდი მთვარე
იფერფლება თანდისთანა!
ზემო სოფელს შვიდი ქალი
იცლებოდა ცრემლიდანა:
მე რომ ბიჭმა შემიყვარა,
შვიდში ერთი იმისთანა!
. . .
შვიდი ცხენი!
შვიდი ქარი!
შვიდი გული!
შვიდი დანა!