(ვახტანგ VI გახსენება)
„ანი, ბანი და განი და”
ნეტა რა მინდა, რა მინდა?
ან მინდა თავის სიკვდილი,
ანდა სხვაიმე რა მინდა!
უფრო-რე მინდა ტკივილი –
ძმისთვის მომკვდარი ძმა მინდა!
ლამაზი ქალის ძუძუზე
ცეცხლმოდებული ძნა მინდა!
ან კიდევ მინდა...
რა მინდა?
მზეს მინახები ფრთა მინდა!
ძირს დაცემული სასიძო,
დაქვრივებული და მინდა!
მინდა საყვარლის ქორწილი –
შხამის თასების ცლა მინდა,
გაწბილებული მორწმუნე –
დამორცხვებული ცა მინდა!
ან კიდევ მინდა...
რა მინდა?
ეგებ სხვა არცა-რა მინდა?!
მინდა შენ მყავდე ცოცხალი!
/შენთვის სიკვდილი არ მინდა./
ჯერე შენ მოკვდი, მერე მე,
რომ ვთქვა სიცოცხლე არ მინდა!
„ანი, ბანი და განი და”
რანი და მოვაკანი და
გასრულდა ყოვლნი წერილი:
სახლი და ბანი, კარი და...
„ანი, ბანი და განი და”
ნეტა რა მინდა, რა მინდა?
ან მინდა თავის სიკვდილი,
ანდა სხვაიმე-რა მინდა!