Litclub.ge

*** "გაჩნდი და..."
გაჩნდი და... ხელში მიპყრია ახლა
იმ დროისა და სივრცის ნიღაბი,
როცა მეგონა ვიყავი, მაგრამ,
თურმე, მეგონა და არ ვიყავი.
მიხმობ და... აღარ ელვარებს ახლა
ის ცა, გახსნილი მეცხრე ზეცამდი,
როცა მეგონა, ვხედავდი, მაგრამ,
თურმე, მეგონა და ვერ ვხედავდი.
შენ ხარ და... სადღაც გამიქრა ახლა
ბომონი, სადაც ჟამზე ვმეფობდი,
როცა მეგონა, ვწვდებოდი, მაგრამ,
თურმე, მეგონა და ვერ ვწვდებოდი.
მეძახი... აღარ ანთია ახლა
ის ცეცხლი, როგორც დვრიტა სიცოცხლის,
როცა მეგონა, ვიცოდი, მაგრამ,
თურმე, მეგონა და არ ვიცოდი.
ჩემი ხარ... აღარ მომესმის ახლა
ის ხმა – იმგვარი, ის ხმა – ისეთი,
როცა მეგონა, ვისმენდი, მაგრამ,
თურმე, მეგონა და ვერ ვისმენდი.
გაჩნდი და... ხელში მიპყრია ახლა
იმ დროისა და სივრცის ნიღაბი,
როცა მეგონა, ვიყავი, მაგრამ,
თურმე, მეგონა და არ ვიყავი.