მაინც გითრთის ხელები,
კედელს მიეყუდები
გაოფლილი ზურგით,
ვერ ასრულებ ღირსებით
იმას, რასაც გავალებს
შენი დრამატურგი.
საქმე გაქვს და ეახელ
კაბინეტში ნებივრად
გადაწოლილ ბულდოგს,
ის კი ზედ არ გიყურებს
და თავიდან გიშორებს,
როგორც ზამთრის სურდოს.
მერე დამცირებული
მიაბიჯებ უაზროდ...
გახურებულ ტვინში
ელვასავით იჭრება
პულოვერის მკერდი და
ქალიშვილის ჯინსი.
გიმზერს, მაგრამ ვერ გხედავს,
ვით მანქანის მინაში
ისე აირეკლე
იმის ცისფერ თვალებში...
იცინის და მიირთმევს
შოკოლადის ეკლერს.
შენი მზერა ღატაკი
უცებ გამდიდრებული
ქუჩებსა და აბრებს
ახლა ღიმით აწყდება...სიხარული ტკივილებს
თუ არ ათანაბრებს,
ძნელი არის ცხოვრება...
შენ კი უნდა ბოლომდე
მიიყვანო როლი,
სანამ უცებ გაქრები
ისე, როგორც ენის ქვეშ
ქრება ვალიდოლი...
ვიდრე ცოცხლობ, მანამდე
გულგრილობას იმგვარად
უნდა შეერკინო,
როგორც ებრძვის ზამთარში
მეეზოვე წერაქვით
ტროტუარის ყინულს...
რადგან ზოგჯერ ცხოვრება
არის თავსმოხვეული,
ცდილობს დაქსაქსული
და დომინოს ქვასავით
გაყოფილი შუაზე,
შეერთებას სული...
ისე გადის ზამთარი,
გაზაფხული, ზაფხული
ანდა შემოდგომა,
თითქოს ქალი სარკის წინ
დგას და კაბებს იზომებს
და არა აქვს ზომა
იმის ჭირვეულობას,
არის დაულეველი
გარდერობი მისი,
ყველა კაბა უხდება,
მაგრამ მალე იშორებს
და საწოლზე ისვრის...
შენ კი ისევ ბრიალებ
ტანჯვისა და ღიმილის
უღირსი და ღირსი,
ისე შეუმჩნეველი,
როგორც ბოძზე ნათურა
ანთებული დღისით...