ვინ იფიქრებდა, ვინ მოელოდა
ჩემს ამგვარ ტანჯვა-გოდებას –გაბმულს.
უცნობ შვილიშვილს საქართველოდან
გიხმობ, გეძახი, სადა ხარ, ბაბუ?
როცა დავცქერი შენს ღვთიურ ფოტოს,
გული პოულობს ტკივილის სალბუნს.
ეზოში ყველა ვარდსა და ფოთოლს
ვკოცნი, თითქოს შენ გკოცნიდე, ბაბუ!
როდესაც ბალიშს გამოვფენ დილით,
მონატრებული ცრემლებით ნამულს;
გამახსენდება სიზმარი, – ტკბილი
და ყვავილებში დაგეძებ – ბაბუ!
ვერ გპოულობ და ჩიტი ნიშნს მიგებს:
– ვერ ნახავ ცხადში, გაფრინდა, ფაფუ!..
ვღონდები და ვთხოვ არსთა გამრიგეს:
– სიზმარში მაინც გხედავდე– ბაბუ!
ოდესმე მაინც, ფრთებს გაშლი როცა,
გამოსდგომოდე შენს ტანჯულ მამულს.
შორს უცხოეთში ამ ლექსით გლოცავს
შენი უცნობი პოეტი– ბაბუ!