როცა ოცნება ხელში ამიყვანს,
ვარ ბოლოუჩინ გზაზე შემდგარი,
თავაწყვეტილი სიმღერა მიყვარს
ჩემი გულივით გაუგებარი.
მატკბობს ლოდინი გარდასულ დღეთა,
სხვა ყველაფერი შემძულდა ძლიერ,
ოცი წლის შემდეგ ვინც მოიხედავს,
დღევანდელ კაცთა შეხედავს იერს.
დაემგვანება ზოგი სამარის
ჩამოშლილ კაცთა უნებურ სიცილს,
ხოლო ალალი გულის ამარა
ზოგი კი სულის მერქანსაც იცვლის.
მისწრაფებები აიყრის აბჯარს,
მე გადავრჩები მხოლოდ ცოცხალი,
და ის დრო, წლების იქით რომ დარჩა,
იქნება ძვირი და სალოცავი.
შეურიგდება იღბალს გამწყრალი,
დრო ივლის მხოლოდ, ივლის თავნება,
მზე ჩაბნელდება, დაშრება წყალი,
არვის არავინ დაენანება!