სული ქცეულა ვედრებად,
თვალი დაეძებს ხვითოს,
ცხოვრება ისე გრძელდება,
შენ არც წასულხარ ვითომ.
ცა ნისლით გადაინაცრა,
თრთის ნაზი ფოთლის ღერი,
სადღაც იცინის ვიღაცა,
სადღაც ვიღაცა მღერის.
ჩემთვის უცხოა ყოველი,
არ მეკარება ახლოს,
თითქოს სიზმრიდან მოვედი,
თითქოს მღვიმეში ვსახლობ.
ღმერთო, ის მაინც ვიცოდე,
ძალა როგორღა მყოფნის,
მე მოსჯილი მაქვს სიცოცხლე,
შვილო, უშენოდ ყოფნით.
ისე რა უნდა მიჭირდეს,
ამ მზის ცქერა რომ მიჭირს?!
რა უშავთ სიკვდილმისჯილებს,
ვაი სიცოცხლემისჯილთ!