არ მეგულები, არ მიხარიხარ,
მოდის მდინარე, დამდორებული...
პრიალებს ხიდზე რკინის ხარიხა,
მივყვები, ბედთან დამდურებული.
აღმა და დაღმა დამღლის ხატება,
ვარ შენი დარდის დამტარებელი,
ტუჩზე ღიმილი არ გეხატება,
ჩემი ღრუბლების გამდარებელი.
სიჩუმეს, მტანჯველს, დრო გაეყინა –
ჩემი დამფლეთი, ამტირებელი,
იწვა, იცდიდა ჭრელი ქვეყანა –
აღმართზე ჩემი ამტარებელი,
ცის პატრონს თვალში ცრემლი ეყენა –
ზაფხულის გამაზამთარებელი.