მე ვარ თამადა,
ამ სუფრაზე შენ ხარ რჩეული,
გამითამამდი,
ჩემთან ყოფნას გადაჩვეული.
სიამით ბრწყინავ
და ბავშვივით თვალს ვერ აშორებ,
ისე ვით წინათ,
ნაძვის ხეზე სათამაშოებს.
სახლიკაცები
ახალ-ახალ სასმისებს სვამენ,
– ახალწლის ღამე,
ბედნიერი ახალწლის ღამე!
აწი და აწი
ემატება სუფრას გალობა,
მაღალი ყანწით
დაგილოცავ ქართველ ქალობას.
წამით ვფიქრდები, –
მეხატები თვალწინ თავიდან
თეთრი წინდებით,
დიდი ბაფთით და ნაწნავითა.
გამოიცვალე,
ცოტა გახდი, ცოტა დაქალდი,
გამოვიცანი,
რად მახსოვდი თურმე აქამდი.
სახლიკაცები
ახალ-ახალ სასმისებს სვამენ,
– ახალწლის ღამე,
ბედნიერი ახალწლის ღამე!