Litclub.ge

მზის კაფიები
მზე ეტრფის შუქით მდიდარ საკინძეს,
სინათლე ებრძვის იღბალს უკუღმართს,
მკლავმოუღლელი ვით არსაკიძე
მზით ვძერწავ შენი სულის ჩუქურთმას.
მკვნესარი ჩაკვდა გულში ტკივილი,
სუნი მთიების დაჰყვა თუ ჩემს მზეს,
ეს არის შენი ნუშის ღიმილი,
სულის იების დამღა ტუჩებზე...
ხარივით სვამენ დინჯად და მძიმედ
დილის სიცოცხლის მზის ქაფს იები
და ძერწავს ვეფხვის ჟინისფერ იმედს
შენი თვალები– მზის კაფიები.