Litclub.ge

სიცოცხლე
სიცოცხლე, როგორც ლუდის ბოთლი –
გამოიცალა...
არც ჰგავდა თრობას,
არც სიფხიზლეს მისი შეგრძნება.
ვინ როგორ შესვა, ან რამდენი:
წყვილად თუ ცალად,
ამ ანგარიშით დღის ბოლოში ის მიეცემა.
... არის მთესველიც უვარგისი,
ხან კი – მომკელიც...
მაგრამ, სამკალი
რჩება მაინც თითქმის უცვლელი.
ის ან ფშუტეა, ან ვარგისი,
როგორც შედეგი
კარგი, ან სუსტი მწერლის ხელში
ნაქონი ფურცლის.
...ბოთლზე შერჩენილ წვეთებივით
ბზინავენ ახლა
ჩავლილი წლები,
ჩარბენილი გულისწყრომანი.
და ხსოვნის ფსკერზე
ნაცარმოყრილ მუგუზლად მარხავს
ნათხოვარ ყოფას...
სახელდება რაიც რომანით.
... წაკითხულ რომანს
თვალი აღარ მიუბრუნდება,
არც გულს ეყოფა სიყმაწვილე
ღონედ-ცდუნების.
მთელი სიცოცხლე
სამსახოვან ჯვარცმას უნდება:
წამოიხედავ... ნახავ ცას და... გადაბრუნდები...