–ოჩოპინტრეე! ოჩოპინტრეე! ჰაიტ შე ეშმაკის ნაჭლიკარო,
ბახუსი რო ჩამოივლის, მარნებში რას დაჯირგალობ.
ღვინო გწყუროდეს–წყლად გექცეოდეს,
პური გშიოდეს–ქვად გექცეოდეს.
ისე ამ ჩემმა სიტყვამ იხაროს, შენ ქართველურად არ იქცეოდე.
ბიჭო, რად არცხვენ იმათ დიდებას,
ვინც საქართველოს მაღლა მიაფრენს,
რა პასუხს აძლევ ვაზის მინდიებს–
პატიოსან და მამაც წინაპრებს–
–კახეთო, ჰაი, კახეთო, კახეთო–დევის მარანო.
შენი ალალი შვილები, ვინა თქვას, არ მიყვარანო.
მაგ ღვინითა ხარ ძლიერი, მაგ ღვინითა ხარ მაგარი,
ყველააზე კარგი მომლხენი, ყველაზე კარგი მაყარი.
კახი–ფეხქალამნიანი, გალომებული, უტეხი,
მტრისა არ შეგშინებია, ათასებს ერთი უდექი.
აგრემც ხარობდეს, ჰყვაოდეს, ეგ ვაზის ძირი ბებერი,
კაცი არ დაბადებულა ჯერ შენი შემშინებელი.
შენთან ქეიფობს ბახუსი, ქართულად მღერის ბახუსი,
ღმერთს სული მისდის კახურში?–დაუსხი, ბიჭო, დაუსხი!
კახეთო, ჰაი კახეთო, კახეთო–ოქროს მარანო,
ფარსაგად იყავს, შვილოსან, ე მანდ თავს რამე არ ავნო.
კახეთს–დევის მხარბეჭიანს,
კახეთს–ვაზის გვირგვინოსანს
მრუდე სიტყვას უბატონოდ ვინ შებედავ, ვინ შვილოსან,
მაგრამ...
ოჩოპინტრეე!
–ოჩოპინტრეეე! ჰაიტ, შე სამგლე ოჩოპინტრე,
შენი ღვინითა ვარ მოწამლული, დამაცა, ერთი მოვჯობინდე!