Litclub.ge

თბილისური
ფუნდუკის ფულს ვესესხები თამამშევს,
ფულს გავფლანგავ ფაისაღი გრაფივით.
აგრაფინა სიყვარულით დამამშევს,
აგრაფინას ვადღეგრძელებ გრაფინით.
ამ ძარღვებში ავიდუღებ ტიბაანს,
ო, რა თრობა იცის მერე ვერაგმა!
ჩემს სიყვარულს მოუხდება დიბა ან
მთვარიანი ღამის შუქი პერანგად.
თუ მან შუქი ციდან მართლა იყიდა,
გავიხარებ, ნიშნს მოვუგებ ავყიებს.
ამაყ და მყარ ნარიყალას რიყიდან
ყოვლად წმინდა სიყვარულით ავყვირებ.
წუთისოფელს ვაზოზინებ ოხვრაში,
კლდე-ღრე მხვდება, შემაღონა მე ამ ღრემ.
ორში ერთი _ ან იყავი ოღრაში,
ან დამწვრისა შეუბერე, მეარღნევ!
ფიროსმანი გამომიხმე ხომლიდან,
მომალანდე ხელთუქმნელი ტილოთი
და იმ ცრემლით ამატირე, რომლითაც
კოჯრის მთაზე მოკლულ თბილისს ვტიროდი.
მაგრამ ეყო, რაც ჩემს მამულს უჭირდა!
უნდა უფსკრულს გადუფრინოს, აი, ამ
საქართველომ _ ანგელოზის მუჭიდან
გაშვებულმა ჭია-ჭია მაიამ.