Litclub.ge

შამგონა. ენგურის ხიდი
შემოვიჩვიეთ გველეშაპი...
და გვტაცებს წყაროს.
მიდის კოლხური მზე ზიგზაგით, მიინავლება.
რად გაიტრუნე ჭაობებში, რიონის ქარო?
ან უშბა რატომ იქცა თვალებად?
რას გრძნობს გუმანი შენი, რად შფოთავ,
ზღვაო? – სხვა არგო ემუქრება კოლხთა ღირსებას?
რატომ იშიშვლეთ, ხენო, ფიცხლად
და ხმლებით შტოთა,
ვით ელვის ფრთებით,
ცის თავანი რატომ ივსება?
რად შეიჯანღა შუბლი მყინვარის?
ანას ღრუბლები – თითქოს ჩორთით – საით მიდიან?
საიდან ისმის მერნის მხედრის ხმა გამყივარი,
გათვალულივით რად თრთის მინდია? –
დათვის ბურტყუნი, ტურა-მელის ისმის გნიასი
შარვაშიძეთა ძვალთშესალაგით!
თარაშ ემხვარის – მოგანგაშე ჰარმონიაში –
ამოდის ლანდი ენგურიდან. დრტვინავს ჭალაკი...