Litclub.ge

აღმოსავლეთით
ქეთუს

ახლა ჩვენს შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა, 
ფანჯრის მინებზე - ქარისა და წვიმის პა-დე-დე. 
ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან, 
რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებს
და კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს, 
ჩემს უშენობას მე დავარქვი - ყოფნა ხურუში, 
ახლა ღამეა - მობატონე დღეზე ხალიფა, 
ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუში
და ახლა - ისევ მენატრება, მოგყვე, გეძიო, 
მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში - მე შენი...
შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ, 
შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი, 
რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა, 
შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური, 
მაინც მოგძებნი, მანამდე კი - იყოს დასტურად 
ეს ლექსი, როგორც თავგანწირვა - სულით, ნატურით.