დავკარგე გვარი, შევამცირე მისი გაისი
და ცრუ სახელად ავირჩიე კარმელი, ძვირი.
ახ! ალბათ ვინმეს ვეგონები უდაბნოს მწირი.
სხვა უდაბნოა საქართველო და ქუთაისი.
მისდევს ლეილას ჰაშიშებით გიჟი ყაისი,
მაგრამ ინფანტას ბრმა თვალებზე მე უფრო ვტირი.
გადიფრენს ქარი მკვდარ ქვეყნებზე ლანდებით ხშირი,
ჩემთან ლოცვებში მოლოზანად მოვა თაისი.
მეფისტოფელის წამოსასხამს ვშლი ცეპელინად,
რომ გავადევნო პოეზიას ყველა მიზნები.
მე მას კარმელი, ვით მონასტერს,- შევეხიზნები.
ვტრიალებ დამწვარ არაბებში მზიურ ელლინად.
ვიცი, უთუოდ საამაყო მაქვს რეფლექსებში:
პირველად რითმა რომ გავმართე ქართულ ლექსებში!
1920