Litclub.ge

სონეტი გიორგი სააკაძეს
ივერთა მიწა მწარე სევდას დაუსეტყვიათ,
ტანჯვის კოცონზე იფერფლება დამწვარი ბედი.
კვნესის აჩრდილი ინდოეთის, მწველ არაბეთის,
ბაღდათი, ავღან ყანდაარი სისხლს გააყვედრიან.

თავხედ მტრისათვის შებრალება არ გივედრია,
გათრობდა ბოლი ჯებირებზე დამწვარ აბედის.
გარბის ყორჩი-ბაშ, ფეიქარ-ხან- წყეულ გზა-ბედის.
მაგრამ სიახლე გადატეხილ ხმალს არ ხვედრია.

ვერაგ შაჰ-აბასს დაუჩრდილე მზის მუზარადი,
დიდებულ გურჯით სახელობდნენ სპარს-ოსმალები.
დიდი გიორგის, მძლე გიორგის ქება მარადის!

საქართველოში მას შხამავდნენ ხარბი თვალები,
ღალატით დევნილს ბრმა მახვილი გულზე დაესო...
ერის სიმბოლოვ! ო, სარდალო უზენაესო!

1919