Litclub.ge

დამიზეპირე დღეს საღამოს

დამიზეპირე დღეს საღამოს.
მერე დაწექი, დაიძინე.
დილით, როგორც კი გაიღვიძებ,
გამიმეორე.
მე ვიწვები შენ გვერდით და
ტკბილად ვიძინებ.
სიზმრად გნახავ ჩემზე თავდახრილს და
მობუტბუტეს.
გნახავ, როგორ უყვები ჩემს თავს
ხეებს, ვარსკვლავებს.
როგორ გადიხარ ქალაქში და
ყოველ შემხვედრს აბარებ საგანს,
სახელად «შოთა».

დამიზეპირე ყოველ საღამოს.
მერე იძინე ან იფხიზლე,
ხოლო დილით
ჩამაბარე ხალხსა და ნივთებს,
ლოცვას,
ბალახებს.

იქნებ ლექსი ვარ,
იქნებ კაცი,
იქნებ ბამბუკი.

დამიზეპირე.
ან, ბოლო-ბოლო, დამიზუთხე _
მე ესეც მაწყობს.