მეტეხის ხიდთან შევჩერდი წამით,
ცრემლებს აფრქვევდნენ ზეცის აფრები,
ამ ლექსმა ბორგვა დაიწყო გულში
და მომაგონდნენ მე წინაპრები.
და გავიფიქრე, – ეხ, რა მოხდება,
რომ საფლავიდან წამოდგეს ყველა,
მზეს გაოცების ხმა ამოხდება
და დაამშვენებს ცას ცისარტყელა.
ატირდებოდა მტკვარი მეტეხთან,
მისი ღაღადი თითქოს ფიცია
და ციხის კედლებს ლექსით შეტეხდა
გულდაკოდილი ალბათ ტიციან.
და ვარსკვლავები ცის კაბადონზე
აენთებოდნენ თავგამოდებით.
მოვარდებოდა არაგვი მთიდან
ხავსმოდებული ვაჟას ლოდებით.
წამოდგებოდა მხნედ ნარიყალა,
ქარს ლადოს ლექსი დაამუნჯებდა
და მოვიდოდა ლოთი ნიკალა
ქართულ ღვინოში დამბალ ფუნჯებთან.
გულს დაატკბობდნენ ლერწმის ღერები,
ამღერდებოდნენ მათი სიმები,
მე დავდგებოდი ყელმოღერებით
და სიამაყით გავიღვიძებდი.