Litclub.ge

*** "როგორც ქვრივ-ობოლს"
როგორც ქვრივ-ობოლს
ვალს არ სთხოვს მეფე,
და ჩაქნეულ ხელს ვერც კი დალანდავ.
არ იძაბება ჭიშკარი მყიფე,
არაფერს ითხოვს ჩემგან მარაბდა.
კარს არ აწყდება ქარი მცხეთური,
მთვარე არ ზვერავს ვერცხლეულს მიმქრალს,
არც მოლოდინი, არც საყვედური,
მამულო, ჩემთვის აროდეს გითქვამს.
ხარ მბრძანებელი, მე კი ვასალი,
თავზე გადაგდის წვიმების ხვითო,
ვალის გადახდაც უნდა მასწავლო,
თავის განწირვას ვისწავლი თვითონ.
ვარ გული, ისარს შეჭიდებული,
მონატრებული გრიგალს – ხეხილი;
თავს მადგას ლექსი შეჭირვებული,
და ხევსურივით წარბგაჩეხილი....