Litclub.ge

რუსთაველის სურათთან
ვინ შეიძლება რომ იყოს კიდევ
ასეთი სახის ასეთი კაცი...
განვლილი თრთოლვა ატყვია თითებს,
თვალებს ატყვია სიმშვიდე მკაცრი.
მაღალი შუბლი... მაღალი მეტად...
და ნათლის სხივი ზემოდან ქვევით.
შორს, ცხრა მთას იქით ნაპოვნი ბედად
ყველაზე კარგი სურათი ჩვენი.
დალოცვილია იმ მხატვრის ხელი...
თუმც წარმოდგენას ამაოდ ვცდილვარ;
რვა საუკუნე, რვაასი წელი
ვნატრობდი მე ამ თითების ხილვას.
ვინ შეიძლება რომ იყოს კიდევ...
იპოვა სახლი, იპოვა ბინა.
განვლილი თრთოლვა ატყვია თითებს
და მაღალ ფიქრებს თვალებში სძინავთ.
ისმინა ბოლოს ძახილი მიწის,
მიწის, რომელსაც ესოდენ შვენის
მისი ფიქრი და ქმნილება მისი, –
ყველაზე დიდი ღირსება ჩვენი.
რვაასი წელი, რვაასი წელი...
შევხედე, ვიცან და გამაოცა...
აიღებს კალამს ნატიფი ხელით
და დაწერს ახალ `ვეფხისტყაოსანს.~
ვინ შეიძლება რომ იყოს კიდევ
თუმც წარმოდგენას ამაოდ ვცდილვარ,
რვა საუკუნე ვნატრობდი თითებს
და ამ მაღალი თვალების ხილვას.