Litclub.ge

ძველი გაკვეთილები
რომ მსახურებ, – ვის მსახურებ,
ვის ტახტს ვარცხნი, ვის სოფელში წვები...
უპირველეს! – უნდილაძე გაიხსენე,
უნდილაძის უპატრონო ძვლები.
ჩანგის მეფე გაიხსენე!
ჩალმის ფარფლი თავსამკაულს ზედან,
სპარსის ენით გაბანგული მღერალობა,
და... ისპაჰანს დაგლეჯილი დედა.
მოურავიც გაიხსენე!
გულმძვინვარე ხმალ-ხაფი და კვერთხი,
დაცამხობილ ტახტებსა და სატახტოებს,
შაჰს და ხონთქარს რომ უფენდა ფერხთით.
გაიხსენე! – მაშრიყიდან მაღრიბამდე
ახვეტილი ალაფიც და ღალაც,
ზურგში დანა, ყმობასა და ერთგულებას,
შვილის თავი, _ უზენაეს ღალატს.
ყველაფერი ამოყარეს...
პატივის და პატიების ღირსი,
მაცოდინე! – რომელ ქართველს დაუფასდა
უღელი და სამსახური სხვისი.
მტრისას! მტრისას! რაც წაჰკიდეს,
რაც დამართეს! – ძმავ, შვილო და მამავ,
სხვის თეოზე აყეფებულ მგელ-ქოფაკებს,
სხვის ყოფაზე აყივლებულ მამალს.
სადროშოებს, სამრეკლოებს, საფიხვნოებს,
სისხლს აკლია! – ლხინად ვარ თუ მიჭირს,
სხვის ღორძინს და ძლიერებას გადაკლული,
შვილთა ჩვენთა სახსარიც და ნიჭიც.
კარგად გაისიგრძეგანე! –
შენი გმირიც, შენი ურჩიც, მხდალიც...
რას ეტყვიან თავმომწონე თაობები
ერთ ჩექმაში დაბერებულ სტალინს.
რაღა დროის... დამტვრევიათ რქები ხარებს,
სხვის უღელში და გუთანში ნაბამთ
უპირველეს! – შენს ქვეყანას მოუარე,
დამბადებელს ემსახურე, ბაბა!