Litclub.ge

ქართლი
ნაწვერალებზე მიხტის კალია,
ტოტიდან ტოტზე არბის მხვიარა,
მზემ ვნება ტყეებს გადაალია
და მერე მთები გადაიარა.
მე კარგად ვიცი, ახლა ვინ არი,
ზურგზე რომ მკიდებს გზებსა და ბოხჩას,
განცდილი ისე, როგორც მდინარე,
ხან მეკარგება, ხან ისევ მოჩანს.
მოვათრევ თვალით მოთოკილ სივრცეს
და ეჭიმება აღმართს კუნთები,
სიკვდილმა მდიოს და თავში იცეს,
ან დამიცადოს... და დავბრუნდები.